ღირსი გრიგოლ ხანძთელი,
კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი

(+861)

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და მშობლებს თავიდანვე ღვთისათვის ჰყავდათ შეწურილი.

გრიგოლი ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, ადვილად შეისწავლა „დავითნი“ და სხვა საეკლესიო წიგნები, ქართული და უცხო ენები.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი თქვა: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ბოლოს ახლობლებმა მაინც დაითანხმეს.

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი და იგი სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, ცვალებადი ამქვეყნიური პატივი და უდაბნოს მიაშურა. გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ძმები ქართლიდან მესხეთში ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთში ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდებოდა მღვდელ გრიგოლის მიერ. ბერმა ღირს მამას ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათ კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.


ხანძთის ტაძარი

ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა მას დახმარება სთხოვა. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა ხანძთას  შატბერდის მიწები შესწირა, მისმა ვაჟებმა კი ყოველივე, რაც მონასტერს ესაჭიროებოდა. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო სიცოცხლის მომნიჭებელ ადგილად იქცა. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა. ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირე ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

ნეტარმა გრიგოლმა თავის მონასტერსა და ეკლესიას წეს-კანონები დაუდგინა. მონასტრის ტიპიკონი1 მკაცრი იყო. მამა გრიგოლი ზარმაცებს მონასტერში არ აჩერებდა. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი2, და თითო ჭურჭელი წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტმბერს). სჯულის-კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო. ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: მისი სამოსელი ბრწყინავდა, ხოლო თავსაბურავი სამეუფო გვირგვინს ჰგავდა. მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ ღმერთისათვის სათნო იყო არსენის ეპისკოპოსობა, - უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.


უბისა

ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: „წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო“. მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: „ნუ გეშია! ეს მწველი ცეცხლი კი არა, სულიწმიდაა“, - მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ჯვრის სახით ნათლის ისარნი გამოდიოდნენ.


პარხალი

ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!“ მისმა სიტყვამ, როგორც უძრავმა კლდემ, შეაჩერა დაგორებული ძელი“. ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი იკურნებოდა.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.

ერთხელ ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში დაივიწყა და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად. მკვლელმა დაინახა, როგორ ფარავდა ღირს გრიგოლს ნათლის სვეტი, რომელიც ცამზე აღწევდა, ხოლო თავზე ჯვარი ადგა.


ოშკი

 მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი მამის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა თავისი გარდაცვალების დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინა ჩვენთან მოსვლა, ქრისტესო სანატრელო მსახურო, რადგან ზეცათა მეუფეს ქვეყანისა ანგელოზად და ზეცისა კაცად შეურაცხიხარ შენ. აწ მოდი და დაიმკვიდრე სასუფეველი ცათა“.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“,
თბილისი, 2004 წ.