ნანა ჩარკვიანი

წმიდა გიორგი

წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში*, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ცნობილია, რომ ის წმიდა ნინოს ნათესავი და დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, თვითონაც მორწმუნე, მდიდარი, ჭკვიანი, ლამაზი და დიდი ვაჟკაცი იყო. მან ისე გამოიჩინა თავი, რომ რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ თავის მხედართმთავრად დანიშნა. თვითონ დიოკლიტიანეს სძულდა ქრისტიანები, რადგან ისინი მეფის კერპებს არ სცემდნენ თაყვანს. ამაყი დიოკლეტიანესთვის კი მთავარი იყო, ხალხს მისი დადგენილი წესები შეესრულებინა, ისინი მორჩილნი ყოფილიყვნენ; სიმართლეს და ნამდვილ ღმერთს კი ის არც დაეძებდა. თავისი მეფობის ბოლოს მან ქრისტიანებს დევნა დაუწყო, იჭერდა და კლავდა მათ.

ეს რომ წმიდა გიორგიმ გაიგო, ბევრი არ უფიქრია; გაყიდა თავისი მამული, ქონება ღარიბებს დაურიგა, მივიდა იმპერატორთან და გამოუცხადა, რომ თვითონაც ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს გაუკვირდა და უთხრა: შენ პატივცემული ადამიანი ხარ, თუ ჩემს და ჩემი ღმერთის სამსახურში იქნები, არც სიმდიდრე მოგაკლდება, არც ძალაუფლება, მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებო. გიორგიმ კი უპასუხა - „ნეტავ შენც შეგეძლოს, ქრისტე ირწმუნო, მიხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ქრისტე მარადიული მეუფეა, მის სიყვარულს სხვა ვერაფერი შეედრება. ის მომანიჭებს დიდებასაც და გამარჯვებასაცო“.

დიოკლეტიანე სასტიკად განრისხდა. მისი ბრძანებით გიორგი თოკზე ჩამოკიდეს და შუბი აძგერეს, მაგრამ ასხლეტილი შუბი უკანვე გამობრუნდა, სისხლმა კი ცვარივით გამოჟონა. იმპერატორი სხვადასხვა სასჯელით, წამებით ცდილობდა მისი რჩეული მხედართმთავრის რწმენა გაეტეხა: ჯერ საპყრობილეში ჩააგდო, ფეხებზე ბორკილები დაადო, გულზე კი - უზარმაზარი ლოდი. შემდეგ გააკრა მბრუნავ ბორბალზე, რომელშიც ბასრი რკინები ჩაემატებინათ და ასე დაუფლითა სხეული. მერე ლურსმნებიაანი რკინის სანდლები ჩააცვა და ასე ათრევინა, შემდეგ ისე აცემინა მათრახებით, რომ მოწამის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მერე ისევ საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა გიორგი არ შეშინებულა. ის მადლობდა ღმერთს და ლოცულობდა, უფალს მიეცა ძალა, რომ ყველაფრისთვის გაეძლო, რათა ყველას დაენახა და ერწმუნა, რომ ქრისტეა ნამდვილი ღმერთი. იესოც არ ტოვებდა გიორგის, ეცხადებოდა, ამხნევებდა, აძლიერებდა, უგზავნიდა ანგელოზს, რომელიც ჭრილობებს უმთელებდა და ყველა განსაცდელისგან უვნებელი და ცოცხალი გამოჰყავდა. ქრისტეს ძალით გიორგი ყველას თვალწინ ახდენდა სასწაულებს. აღადგინა საუკუნეების წინ გარდაცვლილი ადამიანიც. საპყრობილეში მასთან მისულ უამრავ ადამიანს ასწავლიდა ქრისტეს სარწმუნოებას.

წმიდა გიორგის რწმენისა და ვაჟკაცობის მნახველმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, დიოკლეტიანეს კერპების მსახურებმაც, თვით დედოფალმა ალექსანდრამაც. გამხეცებული დიოკლეტიანე ყველას სიკვდილით სჯიდა, სამწუხაროდ, მან ვერ აღიარა გიორგის სიმართლე, რადგან გული ბოლომდე ცოდვებით, ბოროტებით, ამპარტავნებით ჰქონდა სავსე და იქ ქრისტესათვის ადგილი აღარ დაეტოვებინა.  303 წლის (23 აპრილს) 6 მაისს, პარასკევ დღეს ის მახვილით მოკლეს, მაგრამ მოწამე არ დამარცხებულა, ქრისტეს საყვარელი მარადიული მხედარი უფალმა უდიდესი ძალით, ღვთის მადლით დაასაჩუქრა, რითაც წმიდანი ყველა ქრისტეს მეგობარს აგერ, უკვე რამდენი საუკუნეა ეხმარება.

წმიდა გიორგი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში, სადაც მას მრავალი სასწაული მოუხდენია. ქართლის ცხოვრებაში აღწერილია, რომ დიდგორის ბრძოლისას დავით აღმაშენებლის ლაშქართან ერთად თავად წმიდა გიორგი იბრძოდა.

გიამბობთ ერთ სასწაულს: საქართველოში, სოფელ ილორში, ერთ მღვდელს, მაშინ როცა ის წირვას ასრულებდა, ოსმალებმა შვილი მოსტაცეს. მღვდელი ძალზე შეწუხდა, მაგრამ წირვა არ მიუტოვებია. ღმერთს შესთხოვდა შვილის დაბრუნებას. და აი, გატაცებულ ბავშვს თეთრცხენოსანი მხედარი დაეწია, ბავშვი გაათავისუფლა, შემდეგ მამას დაუბრუნა და გაუჩინარდა. ეს მხედარი წმიდა გიორგი იყო.

წმიდაო გიორგი, ჩვენ, დღევანდელ ქართველებსაც ძალიან გვიყვარხარ. სთხოვე იესოს, რომ მოგვცეს შენი მსგავსი რწმენა, რომ ყველა კეთილ საქმეში გავიმარჯვოთ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№9(25). 2004წ. 29 აპრილი
 

* კაბადოკია - ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა იყო, შემდეგ იგი ოსმალებმა დაიპყრეს. დღეს ეს ქვეყანა აღარ არსებობს, თუმცა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ის ადრე ყვაოდა, დღესაც არის შემორჩენილი კაბადოკიური კულტურის ძეგლები: ტაძრები, კლდეებში ნაგები ქალაქები და ტურისტებს მათი დათვალიერების საშუალება აქვთ. ისტორიული წყაროების მიხედვით, კაბადოკია უძველეს დროში ქართული ტომებით იყო დასახლებული და შესაძლოა წმინდა ნინო და წმინდა გიორგიც მათი შთამომავალნი ყოფილიყვნენ.