წმიდა მოწამენი ქართველნი სპარსეთში მოწყვეტილნი

(XVII-XVIII)

ბევრი ავბედობა გადაუტანია საქართველოს მისი სამი ღვთაებრივი საუნჯის - ენის, მამულის და სარწმუნოების დასაცავად, მაგრამ განსაკუთრებულია XVII საუკუნის ტრაგედია, რომელიც დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება ჩვენს ჯვარცმულ ისტორიაში.

1616 წლის გაზაფხულზე ირანის სისხლიანი მბრძანებელი შაჰ აბას I დიდძალი ლაშქრით შემოესია საქართველოს იმ მიზნით, რომ საბოლოოდ გაენადგურებინა და მოეოხრებინა ქვეყანა. შაჰმა კახეთიდან ასიათასობით ტყვე გაიყვანა და ირანის სხვადასხვა კუთხეში ჩაასახლა, დაცარიელებული ადგილები კი თურქმენებს მისცა საცხოვრებლად. ამ დროს დაიწყო ლეკების მასიური დასახლებაც ქართველთა მიტოვებულ კარ-მიდამოებში.

XVII საუკუნის ევროპელი მოგზაური პედრო დელავალე ქართველების ირანში გადასახლების აღწერისას ამბობს: „რა მდგომარეობა მოჰყვა ამ გადასახლებას, რამდენი სიკვდილი ამ საშინელი გაჭირვებისაგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა, რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება... რამდენი ბავსვი ამათ დედის ძუძუს მოსწყვიტეს და დაჰყარეს გზებზე მხეცების შესაჭმელად, ცხენების, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასრესად. რამდენი დააშორეს მამა შვილს, ცოლი - ქმარს, და - ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი-შორს ქვეყნებში... რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზე უფრო იაფად... მაგრამ ყველას ვინ მოთვლის“.

შაჰ აბასი უსასტიკეს ზომებს ატარებდა „ურჩი“ ქართველების წინააღმდეგ, სჯულშეცვლილებს კი სწრაფად აწინაურებდა სხვადასხვა თანამდებობებზე. მიუხედავად ამისა, ხალხის დიდი ნაწილი მაინც მხნედ იდგა ქრისტიანობაზე და მტკიცედ იცავდა ქართულ ტრადიციებს.

ტყვედ წაყვანილი სასულიერო პირები ჩუმად აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას და ხალხს ქრისტიანობის ერთგულებისაკენ მოუწოდებდნენ. სწორედ ამიტომ ირანელები განსაკუთრებული სისასტიკით სჯიდნენ მათ. ერთ ოჯახად შეკრული ქართველები ურთიერთ თანადგომით ცდილობდნენ დაეცვათ სარწმუნოება და ეროვნება. შემდგომში მათი ძალად გამაჰმადიანების მიუხედავად, იქაური ქართველები დღემდე მხოლოდ თანამემამულეებზე ქორწინდებიან, ცოცხლად ინახავენ ისტორიას და ტრადიციის ძალით პატივს მიაგებენ ქრისტიანობისათვის წამებულთა ხსოვნას.

წმიდა სინოდმა განიხილა ირანში იძულებით გადასახლებულთა მოწამეობრივი ისტორია: 1616 წელს შაჰ აბასის მიერ ირანში ასიათასობით იძულებით გადასახლებულ ქართველთა დიდი ნაწილი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მხნედ იცავდა მამა-პაპათა სჯულს და მუსულმანთა უკიდურესად მტრულ გარემოცვაშიც ახერხებდა, არ მოსწყვეტოდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებას.

მართლმადიდებლობის ერთგულებისათვის მრავალი სასულიერო პირი მოიკლა უსჯულოთაგან და ათასობით ქართველი აღესრულა მოწამეობრივად, რასაც ადასტურებენ როგორც ჩვენი მეცნიერები, უცხოელი ისტორიკოსები და მოგზაურები, ასევე ამჟამად ირანში მცხოვრები ქართველები, რომლებიც დღემდე განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ წინაპართა მოწამეობრივ ღვაწლს: მიდიან მათი წამების ადგილებზე (ერთ-ერთ მათგანს ამაღლება ჰქვია), მოწიწებით ეამბორებიან მამა-პაპათა სისხლშემშრალ ქვებს და სადილსაც ამზადებენ მათი სულების საოხად.

2003 წლის 18 აგვისტოს წმიდა სინოდმა დაადგინა: წმიდანთა დასში შეირაცხოს XVII-XVIII საუკუნეებში სპარსეთში ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მუსულმანთაგან მოწყვეტილი ყოველი ქართველი.

ირანში ქრისტესთვის მოწყვეტილ ქართველთა ერთ-ერთი წამების ადგილის სახელწოდების მიხედვით, მათი ხსენების დღედ დადგინდეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“