წმინდა მოწამენი ძმანი დავითი და ტარიჭანი

(+693წ.)

ხსენება 18 (31 ახალი სტილით) მაისი

დავითი და ტარიჭანი ქართველ მეფეთა კარზე მეტად დაახლოებული ვარდან ერისთავის შვილები იყვნენ. ქრისტიანი მშობლები შვილებსაც ქრისტიანებად ზრდიდნენ. მაგრამ ვარდანი მალე გარდაიცვალა. მისი მამული კი დავითისა და ტარიჭანის დედის ძმამ, წარმართმა თეოდოსიმ მიიტაცა და დევნა დაუწყო საკუთარ დასა და დისშვილებს. იგი დაჟინებით მოითხოვდა დისაგან ქრისტიანობის უარყოფას და წარმართული კერპების თაყვანისცემას. თაგინემ მტკიცე უარი გამოუცხადა ძმას. მაშინ ბიძამ დისშვილები მოიპატიჟა, უმასპინძლა, მამულის დაბრუნებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი მათგანაც ქრისტიანობის უარყოფას ითხოვდა. დავითმა და ტარიჭანმაც მტკიცე უარი უთხრეს ბიძას. თეოდოსი განრისხდა და განიზრახა ჩუმად დაეხოცა ისინი. თაგინემ იგრძნო მოსალოდნელი უბედურება და შეშინებული სამცხეში გადაიხვეწა შვილებთან ერთად.

ამან თეოდოსი ვერ დაამშვიდა. მან მდევრები დაადევნა ლტოლვილებს, შეიტყო, სად აძოვებდნენ ცხვარს მისი დისშვილები, წაიყვანა მეომრები და ჩაუსაფრდა ყრმებს. მთის წვერზე მოთამაშე ძმებმა ხმაური გაიგონეს, ხოლო როცა შეიარაღებული მეომრები დაინახეს, შეშინდნენ. ამ დროს დავითმა ბიძა იცნო და სიხარულით გაიქცა მისკენ. თეოდოსიმ კი იშიშვლა მახვილი და დავითი სიცოცხლეს გამოასალმა. თავზარდაცემული ტარიჭანი სოფლისაკენ გაიქცა, მაგრამ დადევნებულმა მეომრებმა ისიც განგმირეს.

სოფლელებმა დაინახეს მთისკენ მიმავალი შეიარაღებული მეომრები და იქითკენ გაეშურნენ. მათ გზაში მოკლული ტარიჭანი იპოვეს. მთაზე კი დაბრმავებული თეოდოსი იდგა და ხმას ვეღარ იღებდა. ამ დროს თაგინეც მოვიდა ტირილითა და გლოვით და ძმას უთხრა: რად ქმენ ეს? განა არ გეყო მთელი ჩემი ქმრის ქონება, რომ შვილებიც დამიხოცეო? თეოდოსიმ მიუგო: შენი შვილები წმინდანები გახდნენ. გევედრები, თხოვე მათ, ილოცონ ჩემთვის, რადგან მე უკვე დავრწმუნდი, რომ თქვენი ღმერთია ჭეშმარიტი.

ამ სიტყვებზე თაგინე გონს მოეგო, მიხვდა, რომ უფალმა წაიყვანა მისი შვილები, აპატია თეოდოსის, შემდეგ ძმას დავითის სისხლი მოსცხო თვალებზე და დაბრმავებულ თეოდოსისაც მაშინვე აეხილა თვალები.

ღამით წმინდა მოწამეთა საფლავებს ნათელი დაადგა. თეოდოსი ცხარე ცრემლებით სტიროდა ჩადენილი ბოროტების გამო, კათოლიკოსს ეახლა და შენდობა სთხოვა, მოინათლა და ეკლესია ააგო მოკლული დავითის სახელზე. სოფლის მთავარმა კი ტარიჭანის სახელზე ააგო ტაძარი და იქ დაკრძალა მისი სხეული.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“