
მეექვსე საუკუნეში არაბმა დამპყრობლებმა მურვან-ყრუს მეთაურობით განიზრახეს მთელი საქრისტიანო აეოხრებინათ. არაბები ჯერ საბერძნეთს დაესხნენ თავს, შემდეგ სომხეთს და ბოლოს ამ მიზნით საქართველოსკენ დაიძრნენ. არგვეთის ერისმთავრებმა, დავითმა და კონსტანტინემ რომ გაიგეს, თუ რა დიდი განსაცდელი ელოდა ქვეყანას, შეკრიბეს ლაშქარი და საბრძოლველად გაემზადნენ. ორივე მთავარი ქრისტესმოყვარე და კეთილმორწმუნე იყო. დავითი ასაკით უფრო დიდი იყო, ვიდრე კონსტანტინე, ორივე გამოცდილი მეომარი და ახოვანი ადამიანები იყვნენ.
როდესაც წარმართნი სამცხეს შემოესივნენ, მათი ლაშქარი ლოცვითა და მახვილით დახვდა მტერს და საშინლად დაამარცხა. უკან გაქცეულმა მტრებმა ყველაფერი თავიანთ მთავარს მოახსენეს. განრისხებულმა მურვან-ყრუმ ახლა აბულ-კასიმი ჩაუყენა სათავეში მრავალათასიან ლაშქარს, რომელიც არგვეთში შევიდა და ქვეყანა მიწასთან გაასწორა, დავითი და კონსტანტინე ტყვედ ჩაიგდეს და სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს. ამაზე მტკიცე უარი მიიღეს. წმიდანები დილეგში დაამწყვდიეს. მურვან-ყრუმ იქაც მიუგზავნა ტყვეებს თავისი კაცი და მათი მოსყიდვა სცადა. უამრავ განძსა და სახელს ჰპირდებოდნენ არაბები წმიდანებს, მაგრამ ისინი მაინც მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და ამბობდნენ: ჩვენი დიდება და სიმდიდრე ქრისტეა, ჩვენ ერთ რჯულსა და ერთ სარწმუნოებას ვაღიარებთ, ჩვენ განათლებულნი ვართ ქრისტეს რწმენით და გვწამს მამა, ძე და სულიწმიდა და მისთვის მოვკვდებით. როცა მტერი ვერაფერს გახდა, მთავრები ცემეს და ხელფეხშეკრულნი რიონში გადაყარეს. სიკვდილის წინ წმიდანები შეევედრნენ უფალს, რომ მათი გვამები მტერს არ წაებილწა; ხოლო ვინც უფლის სახელით შეეხებოდა, მათ კურნება და ცოდვათა მიტევება მიეღოთ. მართლაც, ღამით სამი ნათლის სვეტი დაადგა წყალს, მისმა ცეცხლმა შეხსნა წმიდათა სხეულებს ბორკილები და ჩამოხსნა ლოდები, მტერი კი წყალში დაინთქა. წმიდანების უხრწნელი სხეულები მსახურებმა იპოვეს და წყალწითელას კლდეზე დანგრეულ ტაძარში დაასვენეს. ეს ამბავი 730 წელს მოხდა.

დავით და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები დღემდე მონასტერში განისვენებს, რომელსაც მოწამეთა ეწოდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არგვეთის მოწამე მთავრების - დავითისა და კონსტანტინეს ხსენებას 15 ოქტომბერს (ძველი სტილით 2 ოქტომბერს) აღნიშნავს.
„საპატრიარქოს უწყებანის დამატება
ბავშვებისათვის“
№11. 2003 წელი