ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი

(+1157)

ღირსი დამიანე (დემეტრე) იყო ძე წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებლისა.

დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე და თავისი ხელით დაადგა გვირგვინი. ჯერ კიდევ მამის მეფობისას მოიხვეჭა დემეტრემ სახელი და დიდება: 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გააგზავნა სალაშქროდ. ახალგაზრდა მხედარმა აიღო ქალაძორის ციხე და ძლევამოსილი დაბრუნდა ურიცხვი ტყვითა და ალაფით.

დავითის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე I მხნედ შეუდგა მამის მემკვიდრეობისა და საქართველოს საზღვრების დაცვას, თანაც ცდილობდა გაეფართოვებინა სამეფო. დემეტრეს მეფობისას აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაოს ნაპირი, რომელნიც მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო.

 ძლევამოსილი მეფე ვერ გადაურჩა ღალატს. ივანე აბულეთის ძის თაოსნობით თავადებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. დემეტრემ სწრაფად ჩაახშო ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამბოხი. შემდეგ საკუკთარი ძე - დავითი აუმხედრდა მამას. პირმშოს საქციელით გულგატეხილმა მეფემ უკეთ დაინახა ამ სოფლის ამაოება, ბერად აღიკვეცა და დამიანეს სახელით დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა, სამეფო ტახტი კი დავითს დაუთმო.

დავითს დიდხანს არ უმეფია, იგი ექვს თვეში გარდაიცვალა.

დემეტრე ტახტზე დაბრუნდა და თანამმართველად თავისი ძე გიორგი გამოაცხადა.

დემეტრე მეფემ შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ყველასათვის ცნობილი შესხმა ღვთისმშობლის მიმართ - „შენ ხარ ვენახი“.

დემეტრეს ფრესკა დავით გარეჯის მონასტრის კედელზეც ყოფილა გამოსახული ჯერ კიდევ გასულ საუკუნემდე, შემდეგ კი განადგურებულა. კეთილმსახური მეფის ფრესკა მაცხვაშირის (ლატალის) ეკლესიის მხატვრობამ შემოგვინახა.

დემეტრემ დაასრულა და აკურთხა დავით აღმაშენებლის დაწყებული გელათის ტაძარი. გარდაცვალების შემდეგ სწორედ აქ დაკრძალეს მეფეყოფილი წმიდა დამიანე.

* ჰიმნოგრაფია - სასულიერო პოეზია

გამოყენებული ლიტერატურა:
„თვენი“, ქართველ წმიდანთა ცხოვრება
ზუგდიდი, 1997