თამარ ასათიანი
![]()
1 ივნისს ჩვენი ეკლესია აღნიშნავს წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს. წმიდა ნინო კაბადოკიიდან იყო. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ, ამიტომ შვილიც უფლის სიყვარულითა და ლოცვით აღზარდეს. როდესაც წმიდა ნინო 12 წლის გახდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, თავი უფლისათვის მიეძღვნათ, გაყიდეს ყველაფერი, ასულთან ერთად იერუსალიმს მიაშურეს და მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს. მამამისმა - ზაბულონმა პატრიარქისაგან კურთხევა ითხოვა, გამოემშვიდობა ცოლ-შვილს და უდაბნოს მიაშურა, რათა განდეგილური ცხოვრება დაეწყო. დედამ - სოსანამ კი უძლურთა მსახურება დაიწყო და ასეთ ღვაწლში გარდაიცვალა. იერუსალიმის პატრიარქმა, რომელიც ნინოს ბიძა იყო, ბავშვი თავისთან წაიყვანა. პატრიარქმა სწავლის დასასრულებლად თავისი დისწული ერთ განათლებულ და
|
|
ღვთისმოშიშ ქალს მიაბარა. ეს ქალი აწავლიდა წმინდანს მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლის, მისი შობის, ნათლისღების, სასწაულების, ჯვარცმის, დასაფლავების, ბრწყინვალე აღდგომისა და დიდებით ზეცაში ამაღლების შესახებ. წმიდა
ქალწული გულდასმითა და დიდი მოწიწებით ისმენდა თხრობას საღვთო სიწმიდეებზე, სწორედ ამ ქალისაგან შეიტყო მან, რომ უფლის კვართი მცხეთაში ინახებოდა, მაგრამ ქართველები ჯერ კიდევ კერპებს ემსახურებოდნენ. წმიდა ნინო ამის შემდეგ თავის სენაკში განმარტოვდა და ღვთისმშობლის ხატის წინ დღე და ღამ განუწყვეტლივ ლოცულობდა.
ერთ ღამეს წმიდა ნინოს ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „წადი ივერთა ქვეყანაში და უქადაგე სახარება. ამით მადლს მოიპოვებ უფლის წინაშე. მე ვიქნები შენი მფარველი და ხელის აღმპყრობელი“. წმიდანს ძალიან შეეშინდა: „დედოფალო, როგორ შემიძლია მე, უმწეო და გაუნათლებელ ქალს ამ საქმის აღსრულება?“ მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გაამხნევა დახელში მისცა ვაზის ჯვარი: „ეს იქნება შენი მცველი და ამით დასძლევ ყველა წინააღმდეგობას. წარემართე ქადაგებად და მე არ მიგატოვებ“. გაღვიძებულმა წმიდა ქალწულმა ნახა, რომ ვაზის ჯვარი ჰქონდა ხელში. გაკვირვებულმა ყოველივე პატრიარქს უამბო და ორივემ სამადლობელი აღუვლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს.
|
|
სულ
მალე წმიდა ნინომ პატრიარქისაგან ლოცვა-კურთხევა აიღო და საქართველოსკენ
გამოემართა. გზად უამრავი დაბრკოლება და გასაჭირი გადაიტანა, სომხეთში მოსული
წმინდანი უფლის ნებით გადაურჩა სიკვდილს. მარტოდმარტო განაგრძო კვლავ გზა და
სომხეთის საზღვარს მიაღწია. აქ დაიზამთრა. მალე დადგა ზაფხულიც. წმიდა ნინო
ჯავახეთის მთებისაკენ გაემართა და მივიდა ფარავნის ტბასთან. აქ მან ორი დღე დაჰყო,
მეთევზეთაგან მიიღო საზრდელი და ჰმადლობდა უფალს. იმავე ადგილას იყვნენ მწყემსები,
წმინდანმა მათ ჰკითხა ვინაობა და ადგილმდებარეობა. მწყემსებმა მოახსენეს, რომ ქალაქ
მცხეთიდან იყვნენ. მცხეთის ხსენებაზე წმიდა ასულს ნუგეშის ეცა, ირგვლივ მიმოიხედა
და დაინახა, რომ ჩრდილოეთით მთები ზაფხულშიც თოვლით იყო დაფარული. შეძრწუნდა და
ილოცა. შემდეგ აიღო ერთი ქვა, თავი დაადო და იქვე დაიძინა. მძინარეს წარმოუდგა
ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა
მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა
აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. სწორედ აქედან
დაიწყო წმიდა ნინომ ღვთის ნებით ქართლის გაქრისტიანება. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე
და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა
და
სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას, როგორც მოციქულთასწორს, ისე
იხსენიებს.
ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნეები ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა წმიდა ნინომ. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ. გზა შეუწყვეტლივ გრძელდება და ბოლოს 13 ივლისს სრულდება მცხეთაში, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს. გზის მონაწილეები ხატებითა და ბაირაღებით დაივლიან ჯავახეთის და შემდეგ ქართლის სოფლებს, მათთან ერთად დადის სამღვდელოებაც. ინათლებიან ადამიანები, იკურთხება სახლები, სოფლები. მსველობაში ბავშვებიც მონაწილეობენ ხოლმე.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№11(27). 2004წ.
28 მაისი