ასეურელი მამების ჩამოსვლა საქართველოში

მეექვსე საუკუნეში, საქართველოს მეფესა და კათოლიკოსს ანგელოზები გამოეცხადათ, რომელთაც აუწყეს, რომ ღვთისმშობლის ნებითა და კურთხევით საქართველოში ჩამოვიდოდნენ აღმოსავლეთის უდაბნოებში გაბრწყინებული წმინდა მამები, რათა ქართველი ერი სარწმუნოებაში განემტკიცებინათ.

ცოტათი ადრე, ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწე დიდად განწმენდილ ბერს - იოანეს - თავად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ამოერჩია თორმეტი მოწაფე და ივერთა ქვეყანაში წასულიყო მათდა რწმენაში განსამტკიცებლად. წმინდა იოანემ რამოდენიმე დღე იმარხულა, ილოცა და ამის შემდეგ ამოარჩია უამრავ მოწაფეთაგან თორმეტი. წმინდა მამები საქართველოსაკენ დაიძრნენ.

მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი, მოსულიყო ასევე უამრავი ხალხი. აქ მოხდა სასწაული: უფლის მადლი გადმოვიდა წმინდა მამებზე და მათ ქართულად იწყეს ლაპარაკი, ასევე ღვთის მადლით ევლავიოსმა შეიცნო წმინდა მამები და პირდაპირ სახელებით მიმართა მათ.

თავდაპირველად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა იოანე და მისი მოწაფეები ზედაზნის მთაზე დასახლდნენ. უწინ ამ მთაზე კერპების ქანდაკებები იყო აღმართული. მართალია, წმინდა მამათა იქ დასახლების დროს ეს ქანდაკებები უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ მათში ჩაბუდებული ბოროტი სულები ქანდაკებებთან ერთად არ გამქრალან, არამედ იქვე ბუდობდნენ. ისინი შეძრწუნდნენ ასეთი წმინდა ბერების ხილვით, რადგან მიხვდნენ, რომ იქ აღარ დაედგომებოდათ. მათ მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს მამებს, მაგრამ ბოლოს, წმინდა იოანეს ბრძანებით მათ სამუდამოდ დატოვეს ზედაზნის მთა.

ერთხელ, ლოცვის ჟამს წმინდა იოანე ზედაზნელს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: შენი მოწაფეები სხვადასხვა კუთხეებში გაგზავნე სამოღვაწეოდო. წინამძღვარი სწორედ ასე მოიქცა, თავისი მოწაფეები დაიბარა, აუწყა ბრძანებული, დალოცა და გაუშვა. ბერები მთელ აღმოსავლეთ საქართველოში გაიფანტნენ: აბიბოსი - ნეკრესში მივიდა, ანტონი - მარტყოფში დასახლდა, დავით გარეჯელმა სამოღვაწეოდ გარეჯის უდაბნო აირჩია, ისე - წილკანში მოღვაწეობდა, იოსები - ალავერდში, შიო - სარკინეთის კლდეებს შორის მდებარე მღვიმეში, ამიტომაც მღვიმელი ეწოდა, ისიდორე სამთავანში ქადაგებდა, თადეოზი სტეფანწმინდაში (დღევანდელი ყაზბეგი), სტეფანე ხირსაში, ზენონი - იყალთოში, პიროსმა სავანე ბრეთაში დააარსა, მიქაელმა კი - ულუმბოში.

წმინდა მამები უდიდეს სასწაულებს ახდენდნენ და მრავალ ადამიანს იზიდავდნენ თავიანთი წმინდა ცხოვრებით. მალე მათი სავანეები ბერებით აივსო. მათთან ერისკაცებიც ხშირად მიდიოდნენ დასამოძღვრად და ხორციელი კურნების მისაღებად.