წმიდა მოწამე აშოტ დიდი კურაპალატი,
არტანუჯის ტაძარში წამებული

(+829)

წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.

ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. ამასობაში არაბთა ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, მან აშოტს სძლია და ქართლიდან განდევნა. თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტი იძულებული გახდა, ქართლს განრიდებოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად. ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხათ თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ ღვთის შეწევნით ქართველებმა გაიმარჯვეს. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი განსჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და მოსახლეობის რიცხვი ძლიერ შემცირდა.

სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას. აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯეთელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია.

კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მიდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშემოსილი მამების გვერდით საქართველოს კეთილ მომავალს ჭედდნენ.

საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი წმიდა აშოტ დიდი ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა თავის სასახლეში წმიდა მამა გრიგოლი, „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე: „არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.

წმიდა აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადაც შეეწია. მან მამულები შესწირა ეკლესიას. მეფის შვილებმაც - ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოთა ასაღორძინებლად.

ბრძოლებში შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ზნეკეთილ მეფეს ძლიერ შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლმა შეიტყო ეს სულის წარსაწყმედელი საქციელი, ძლიერ შეწუხდა, ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა. ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერე დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას მიჰგვარა. მეფემ დედა თებრონიას ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ სასტიკი უარი უთხრა მეფეს. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა „სულით ძლიერი“ დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“. ღვთისმოშიშმა მეფემ, რომელსაც ძლია პირად გრძნობებს და მიუხედავად უდიდესი შინაგანი ბრძოლისა სასახლეში დაბრუნდა.

ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ მის სამეფოს არაბები მოადგნენ.

წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, სარკინოზებმა ქვეყანა მოაოხრეს. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა ჯარის შესაკრებად. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახჳლითა საკურთხეველსა ზედა“.

ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე.

ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ მოიკლა მათი მეფე აშოტი, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.

წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.