უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდა. 1896 წელს დაქვრივდა. მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი.
1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დანიშნეს.
არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი.
1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს.
გადის წლები და ყოველი მისი თხოვნა დაბრუნებაზე უპასუხოდ რჩება. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდა დაბრუნება. ამაზე გულისტკივილით წერს თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, - არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“.
1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიმე თვეა გასული. ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო იგი აგზავნის დოკუმენტებს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში, მაგრამ უშედეგოდ. 1922 წელს აგზავნის მოწოდებას გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. „ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“, - ამბობს კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვს.
ევროპას არ აწყობდა საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ამიტომ პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. გაძიერდა მისი დევნა.
კათოლიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრი დააპატიმრეს ოთხი ბრალდებით: კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.
სხდომები შეწყდა, რადგან მუშა-მოსამსახურეები იყრიდნენ თავს გარეთ და გაიძახოდნენ: მოგვეცით, ჩვენ გავასამართლებთ მუშათა კლასის მოღალატეებსო. იწერებოდა კადნიერი ლექსები, სტატიები. როდესაც პატრიარქი ტოვებდა სასამართლო შენობას, საგანგებოდ მოწვეული კომკავშირელები მას კვერცხებს ესვროდნენ.
და ყოველივე ამის შემდეგ კათალიკოსი ამბობს საბოლოო სიტყვას სასამართლოზე, სადაც ნიშანწყალიც არ ჩანდა ნანახი უმადურობისა. პირიქით, ეს იყო სიტყვები ერის პატრიარქისა, რომელიც სიკვდილის საშიშროების წინაშეც იბრძვის, ზრუნავს და უყვარს:
„ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვის მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები და კიდევაც შევწირე. არა, არ დავიჯერებ...“ და კვლავ: „გლეხობა, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავისი სამშობლოს მოსიყვარულე და მისი თავისუფლების იდეის დამცველს არასოდეს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება“.
საეკლესიო განძის დამალვის ბრალდებაზე წერს: „მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ... მაგრამ მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარი დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს მიმართავდნენ ამ საშუალებას“.
დაბოლოს: „როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.
ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, - იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი - იყოს ნება ღვთისა!
სასამართლოზე საბოლოო სიტყვაში კათოლიკოს-პატრიარქმა ასე მიმართა ჯალათებს: „სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით“.
კათოლიკოს-პატრიარქის განაჩენი სიკვდილით დასჯას ითვალიწინებდა, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.
ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი ხვდებოდა მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედაც უარი თქვა.
1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელი მოუხსნეს.
როგორც მისი შვილიშვილი, ქალბატონი ანა კლდიაშვილი მოგვითხრობს, ერთ დღეს ბებიამისს (კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსის ქალიშვილს) მეზობელმა ბიჭმა ამბავი მოუტანა, კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო, ეს ამბავი ისე სწრაფად მოედო ქალაქს, რომ როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე სიხარულით „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებს“.
შემორჩენილია ქადაგებები, რომლებიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ წარმოთქვა. თავის პირველ ქადაგებაში ორი წლის განშორების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა მრევლს იმ თანაგრძნობისათვის, რასაც გრძნობდა მათგან ამ მძიმე პერიოდში.
კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.
1994 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.
გამოყენებული ლიტერატურა:
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
№ 12 (166), 2002 წ.