![]()
VIII საუკუნეში არაბებმა ქართლი დაიპყრეს და ქრისტიანობას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს. ისინი არავის ინდობდნენ და ქრისტიანებს საშინლად აწამებდნენ. ხალხში შიში და უიმედობა სუფევდა. სწორედ ამ დროს უფალმა საოცარი ამბავი აღასრულა. დაბნეულ ქართველ ერს ღმერთმა სრულიად უცხო პიროვნება და სხვა რჯულის ადამიანი მოუვლინა რწმენაში განსამტკიცებლად. არაბ ამირას მიერ ბაღდადში დატყვევებულმა ქართლის ერისმთავარმა ნერსემ ჩვიდმეტი წლის არაბი ჭაბუკი - აბო გაიცნო. აბო და მისი მშობლები მაჰმადიანები იყვნენ. იგი ერისთავს დაუახლოვდა და ქრისტიანობით დაინტერესდა.
ქართლში დაბრუნებულ ნერსეს აბოც თან გამოჰყვა. მიუხედავად ქვეყანაში გამეფებული უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით, მან ქართული ენის სწავლა დაიწყო, ფარულად დადიოდა ტაძარში, ესაუბრებოდა ქრისტიან მოძღვრებს, მათთან ერთად ლოცულობდა და მარხულობდა. მალე ამირა კვლავ განრისხდა ნერსე ერისთავზე და ისიც იძულებული იყო, ხაზარეთში გახიზნულიყო. თან წაიყვანა აბოც. ხაზარეთში ჩასულმა აბომ საბოლოოდ გადაწყვიტა, შედგომოდა ქრისტეს რჯულს და მოინათლა. ხაზარეთიდან ნერსე აფხაზეთის სამეფოში გადავიდა და აბოც თან წაიყვანა. იქ ჩასულმა წმიდანმა მადლობა შესწირა უფალს, რადგან ამ ქვეყანაში ქრისტიანობის დაუფარავი ქადაგება იხილა, იქ ყველა უშიშრად ადიდებდა ქრისტეს რწმენას.
მალე ქართლში ნერსეს ძმისწული გამეფდა და ერისთავმაც თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. აბომაც მასთან ერთად წასვლა მოინდომა. აბოს დიდხანს ეხვეწა აფხაზთა მეფე დარჩენილიყო, რადგან არაბები რჯულის უარყოფას არ აპატიებდნენ და მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ აფრთხილებდა. მაგრამ აბომ მტკიცედ უპასუხა: „გამიშვი, რათა ცხადად გაიგონ ჩემი გაქრისტიანება ქრისტეს მოძულეებმა“. მაშინ მეფე იძულებული გახდა დათანხმებოდა.
თბილისში ჩამოსული აბო ყველას დასანახად დადიოდა ტაძარში, არავისთან მალავდა თავის გაქრისტიანებას და ყველგან ქრისტეს შესახებ ქადაგებდა. ასე გაატარა სამი წელი. ბოლოს მისი ასეთი საქციელით გაბოროტებულმა არაბებმა იგი ამირასთან დაასმინეს, აბო შეიპყრეს, მაგრამ სულ მალე სტეფანოზ ერისთავის თხოვნით გაათავისუფლეს.
გავიდა ხანი და თბილისში ახალი ამირა მოვიდა. არაბებმა კვლავ დაასმინეს ნეტარი აბო. ეს რომ ქრისტიანებმა გაიგეს, მაშინვე ყველაფერი უამბეს ჭაბუკს და დამალვა ურჩიეს, მაგრამ აბომ უპასუხა: „მე არა მარტო მზად ვარ ქრისტესთვის დავიტანჯო, არამედ სიკვდილსაც დავითმენ“.
სულ მალე ამირას მსახურებმა შეიპყრეს იგი და მსაჯულს მიჰგვარეს, რომელმაც კვლავ წინაპართა რჯულზე დაბრუნებისკენ მოუწოდა ჭაბუკს. არაბები ყველანაირად ცდილობდნენ მის გადაბირებას, ხან სიმდიდრე, ხან კი პატივი და დიდება აღუთქვეს, სასტიკად დააშინეს, მაგრამ წმიდანი ვერაფრით გატეხეს. განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, მისთვის ხელ-ფეხზე ბორკილები დაედოთ და საპყრობილეში ჩაესვათ.
|
ადგილი, სადაც წმიდა აბო აწამეს. აქ ადრე იყო ტაძარი, რომლის აღდგენაც ახლა მიმდინარებს. |
წმიდანმა საპყრობილეში ცხრა დღე გაატარა. მთელი ამ დღეების მანძილზე იგი განუწყვეტლივ ლოცულობდა, მარხულობდა და უფალს ადიდებდა. ბოლოს, როდესაც იგრძნო მოახლოებული აღსასრული, ქრისტიანებს სთხოვა, გაეყიდათ მისი სამოსი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და მეორე დღისთვის, ნათლისღების დღესასწაულზე, ქალაქის ეკლესიებისთვის შეეწირათ, თავად კი ორი დიდი სანთლით ხელში, ბორკილებდადებული, მთელი ღამე საპყრობილეში მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.
მეათე დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, ეზიარა და წამებისათვის მოემზადა. მის სანუგეშებლად მოსულ ქრისტიანებს წმიდანი იქით ამხნევებდა და სთხოვდა: „ნუ ტირით ჩემთვის, არამედ გიხაროდეთ, რადგან მე ჩემს უფალთან მივდივარ“. მალე ამირამ მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, ნეტარმა აბომაც მორჩილად მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. სამჯერ დაჰკრეს ჭაბუკს მახვილი შესაშინებლად, რადგან ეგონათ, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი ქრისტიანობას უარყოფდა, მაგრამ აბო მტკიცედ და შეურყველად იდგა. ბოლოს ურჯულოებმა წმიდანის თავმოკვეთილი გვამი ტომარაში ჩააგდეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს, ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადააგდეს. ღამით ქალაქის მცხოვრებნი უდიდესი სასწაულის მოწმენი გახდნენ: იმ ადგილას, სადაც წყალში წმიდანის ფერფლი გადაყარეს, მთელი ღამე ნათლის სვეტი იდგა.
წმიდა აბოს ხსენებას ჩვენი ეკლესია 21 იანვარს აღნიშნავს და მას თბილელად მოიხსენიებს, ვინაიდან იგი თბილისში აწამეს. წმიდა აბო ჩვენი დედაქალაქის მფარველ წმიდანად ითვლება.
გამოყებენული წყარო:
გაზეთი „ალილუია“
№2(39). 2005 წ. 21 იანვარი