მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი

ხსენება 12 დეკემბერს (ძვ. სტ. 29 ნოემბერს)

წმინდა აბიბოს ნეკრესელი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოვიდა ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. თავიდან წმინდა მამა ღირს იოანე ზედაზნელთან ერთად ცხოვრობდა ზადენის მთაზე, შემდეგ კი ევლავიოს კათალოკოსის ლოცვა-კურთცევით ნეკრესში ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. წმინდა აბიბოსის სახელს უკავშირდება ნეკრესის მონასტრის დაარსება, მთიულთა დიდი ნაწილის მოქცევა ქრისტეს სარწმუნოებაზე და ნეკრესის ეპარქიის დაარსება.  მადლმოსილი მსახურებისათვის წმინდა აბიბოსი ეპისკოპოსად აკუთრხეს.

იმ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ ბევრგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. ერთხელ წმინდა მღვდელმთავარი შეესწრო, როგორ აიძულებდნენ სპარსი მოგვები ქართველებს, ცეცხლისათვის ეცათ თაყვანი. აბიბოსმა ვეღარ მოითმინა ბოროტება, ცეცხლს წყალი გადაასხა და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმინდა ეპისკოპოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდეგ ეს ამბავი სპარსეთის მარზპანს აცნობეს, რომელიც სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმინდა აბიბოსი.

გზად მას ქართველები დახვდნენ და გათავისუფლების იდეა შესთავაზეს, მაგრამ წმინდა აბიბოსს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტესთვის მარტვილობა. წმინდანმა მტარვალებს სთხოვა, ღირსი შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ. სპარსელები დათანხმდნენ. წმინდა მამებმა ერთმანეთი მოიკითხეს და შემდეგ ერთად ილოცეს. წმინდა შიომ გაამხნევა მოწამეობისათვის გამზადებული აბიბოსი.

მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს. მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა: „როგორ გაბედე და მოჰკალ ჩვენი ღმერთი?“ რაზეც აბიბოსმა ღიმილით მიუგო: „მე არ ვიცნობ სხვა ღმერთს, გარდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ცეცხლი ღმერთი არ არის, ის ბუნების ნაწილია და შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა შეძლო მისი ჩაქრობა. წყალი თქვენს „ღმერთზე“ ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. სწორედ ამიტომ მიკვირს თქვენი უგუნურება, როგორ შეგიძლიათ ღმერთად მიიჩნიოთ ასეთი სუსტი ქმნილება?“

ამ პასუხმა მარზპანი საშინლად განარისხა. მან წმინდა აბიბოსის წამება და მოკვლა ბრძანა. ჯალათებმა სასტიკად სტანჯეს წმინდანი და ბოლოს ქვით ჩაქოლეს. ცხედარი კი ქალაქის გარეთ გაათრიეს და უპატიოდ დააგდეს ცხოველთა საჯიჯგნად. ღამით რეხის მღვდლებმა და ბერებმა წარიპარეს წმინდანის ცხედარი და სამთავისის მონასტერში დაასაფლავეს. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს კი მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“