ზიარება არის ყველაზე მთავარი რამ, რისთვისაც ეკლესიაში დავდივართ. ზიარება არის ღმერთთან, იესუ ქრისტესთან შეხვედრა.
ადამიანები დიდი სიამაყით ყვებიან ხოლმე, თუკი ოდესმე რომელიმე ცნობილ მსახიობს, პოლიტიკოსს თუ პოეტს შეხვედრიან.
ჩვენ კი ეკლესიაში შეგვიძლია შევხვდეთ ქვეყნისა და ზეცის დამბადებელ ღმერთს, რომელსაც ანგელოზები ემსახურებიან, რომელსაც ემორჩილება ქართა, ოკეანეთა, ვარსკვლავთა ძალა...
ეკლესიაში ქრისტეს იმიტომ არა ვხვდებით, რომ შემდეგ სახლში დაბრუნებულებმა მხოლოდ საკუთრი თავისთვის ვიცხოვროთ, ქრისტე კი სადღაც ჩვენგან შორს გვეგულებოდეს.
იესუ ქრისტე არ არის უცხო, შორეული არსება. ის ჩვენი ზეციური მამაა, რომელმაც მოგვანიჭა სიცოცხლე, გვზრდის და ზრუნავს ჩვენზე.
თუკი ჩვენი მიწიერი მშობლები, დედ-მამა, ცდილობენ არ მოგვაკლონ ჯანსაღი, სასარგებლო საზრდო, იესუ ქრისტე ზიარებისას გვიმასპინძლდება ზეციური პურით. ის პური და ღვინო, რომელსაც მორწმუნენი ზიარებისას მიიღებენ ხოლმე, არის ქრისტეს სისხლი და ხორცი. ზიარებამდე ადამიანი მხოლოდ სულიერად არის ღმერთის მსგავსი. მისი მონათესავე (ბიბლიიდან ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ადამიანს შთაბერა ღმერთმა თავისივე სული), ზიარებისას კი ის ხდება ქრისტეს სისხლხორცეული შვილი, სისხლხორცეული ნაწილი. ქრისტემ, როცა ის მიწაზე მოვიდა, გაინაწილა, გაიზიარა ადამიანთა ცხოვრება - შიმშილი, წყურვილი, უსახლკარობა, შეურაცხყოფა, ღალატი, ტანჯვა და ბოლოს, სიკვდილი.
ზიარებისას ის გვინაწილებს თავის ღვთაებრივ ცხოვრებას.
ქრისტესთან ზიარებით ჩვენ უკეთესები ვხდებით, ვიდრე ვიყავით, ვამარცხებთ ჩვენში სიზარმაცეს, მატყუარობას, შურს, ჩვენს თანატოლში ვხედავთ არა მოწინააღმდეგეს, რომელსაც უნდა ვაჯობოთ, დავჯაბნოთ, დავჩაგროთ, მოვერიოთ, არამედ ჩვენივე მსგავსს, ქრისტეს შვილს, ე.ი. ჩვენს დას თუ ძმას.
ქრისტესთან ზიარებით ჩვენ ვხდებით ქრისტეს მსგავსები, ვსწავლობთ სიკეთეს, სიყვარულს.
ჩვენ იმიტომ ვეზიარებით იესუ ქრისტეს, რომ აღარასოდეს დავშორდეთ მას, სულ მუდამ ვიცხოვროთ მასთან ერთად.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№?. 2003წ. ? ივნისი