ნანა ჩარკვიანი
მოდით, ვთქვათ, ვინ შეიძლება იყოს ნამდვილი ქრისტიანი. თქვენ იტყვით – ის, ვინც მოინათლა, ვინც ესწრება წირვა–ლოცვებს შაბათ–კვირას, დღესასწაულებზე, ვინც კითხულობს სახარებასა და სხვა წიგნებს, სადაც ღმერთზეა საუბარი, ვინც მარხულობს, ვინც ფულს ურიგებს გლახაკებს, ვინც დილისა და საღამოს ლოცვებს ამბობს, ვინც მოძღვარს აღსარებას აბარებს.
იცით, შეიძლება ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებდეს, მაგრამ მაინც ღმერთის გარეშე ცხოვრობდეს.
როგორ? აი, როგორ:
შეიძლება წირვა–ლოცვაზე დგომისას თავი ათასი სხვა ფიქრით გვქონდეს სავსე, არ გვესმოდეს, სად ვდგავართ და ერთი სული გვქონდეს, გარეთ გავიქცეთ, ვინმეს დაველაპარაკოთ, გავეთამაშოთ; ან საეკლესიო წიგნებს იმიტომ ვკითხულობდეთ, რომ ამას მხოლოდ მასწავლებელი ან მშობელი გვავალებს, ან ინტერესითაც ვკითხულობდეთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს თავი ძალიან ბევრი რამის მცოდნედ მოვაჩვენოთ; ან ვმარხულობდეთ და სულ საჭმელებზე ვფიქრობდეთ, გაჭირვებულის დახმარებისას კი თავი დავირწმუნოთ – „აი, როგორი კეთილი ვარ, სხვები ჩემსავით არ იქცევიანო“, ლოცვისას არცერთი სიტყვა არ გვესმოდეს, ან გვესმოდეს, მაგრამ ღმერთს იქით ვასწავლიდეთ, რა უკეთესია, რისი შესრულება დაავიწყდა მას ჩვენთვის, აღსარების ჩაბარების შემდეგ კი გვეგონოს – „ახლა რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და მერე კიდევ მოვინანიებო“.
ასეთი ადამიანისათვის ყველაზე მთავარი ამქვეყნად საკუთარი თავია, ასეთ ადამიანს ღმერთი კი არა, ყველაზე მეტად საკუთარი თავი აინტერესებს.
რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, აუცილებელია, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ ვისწავლოთ არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის ცხოვრება, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც და რაც მთავარია, ვისწავლოთ ცხოვრება იესო ქრისტესთან ერთად.
ნამდვილი ქრისტიანი ისაა, ვინც ყოველ დღე ქრისტესთან ერთად ცხოვრობს, ვის ცხოვრებაშიც ყოველ დღე, ყოველი საქმის კეთებისას იესო ქრისტე მონაწილეობს.
ის, ვინც ჩვენ გვიყვარს, მაგალითად, ჩვენი მშობლები, ან მეგობრები თუ სხვაბი, გვინდა სულ ჩვენთან ერთად იყვნენ, არასოდეს დაგვშორდნენ, არ მიგვატოვონ არც ჭამისას, არც თამაშისას, არც საქმის კეთების დროს. ნამდვილი ქრისტიანი ენდობა ღმერთს, იცის, რომ ღმერთი ყოველთვის დაეხმარება, რადგან მას უყვარს ყოველი ჩვენგანი. ისეთი ძლიერი სიყვარული, როგორიც ღმერთს შეუძლია, სხვას არავის შეუძლია. ის ხომ ყველაზე ძლიერია. ქრისტიანი ენდობა იესოს იმიტომ, რომ მან უკეთ იცის, რა უფრო მეტად გვჭირდება ჩვენ, ის ხომ ყველაზე ბრძენია, ყველაზე კეთილი, თანაც უფრო მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ, ან მოვისურვოთ ჩვენთვის.
იესო გვეუბნება: თქვენ აღარა ხართ ჩემი მონები, თქვენ ჩემი შვილები, ჩემი მეგობრები ხართო. ყველაფერი, რაც გამაჩნია, თქვენთვის მინდა – ძლიერებაც, გონიერებაც, სიყვარულიც. მთელი სამყარო თქვენთვის არსებობსო. წარმოიდგინეთ, რა საამაყოა, რა საინტერესოა ღმერთთან მეგობრობა, მასთან ერთად საქმის კეთება, მასთან ერთად ცხოვრება.
ნამდვილი ქრისტიანი ის არის, ვისაც ყველაფერი, რაც გააჩნია, ქრისტესთვის ემეტება, მისთვის გასაზიარებლად უნდა. თავისი ფიქრები, გრძნობები, მთელი თავისი ცხოვრება.
ნამდვილი ქრისტიანი იესოს განუყრელი მეგობარია!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№10. 2003წ. 19 სექტემბერი