![]()
ტაძარი
ღვთისადმი ლოცვა ყოველთვის და ყველგან შეიძლება, რადგან ღმერთი ყოველთვის და ყველგან არის, ყველგან გვხედავს და ესმის ჩვენი, მაგრამ ტაძარში მისი ძალა განსაკუთრებულად იგრძნობა. ტაძარს ღვთის სახლს უწოდებენ. როგორ გვიხარია, როცა ჩვენთან ახლობლები მოდიან... ასევე სიამოვნებს ღმერთს, როცა მასთან მივდივართ ტაძარში და ლოცვით მივმართავთ.
იესუ ქრისტემ თქვა, სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორისო. ამიტომ პირველი ქრისტიანები ყოველთვის ცდილობდნენ ერთად შეკრებილიყვნენ ლოცვისა და საღმრთო მსახურებისათვის.
პირველად ამ მიზნისათვის კერძო სახლებს იყენებდნენ, შემდეგ კი განსაკუთრებული შენობების აგებაც დაიწყეს. ასეთ შენობებს სამლოცველო სახლები, ტაძრები, საყდრები ან ეკლესიები უწოდეს.
„ეკლესია“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მორწმუნეთა კრებას. ტაძარს ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ იქ იკრიბებიან მორწმუნენი.
ტაძარი ლამაზ ადგილას შენდება და თავიდანვე ეტყობა, რომ ჩვეულებრივი შენობა არ არის. ტაძრები მრგვალი, ჯვრის ან ნავის ფორმისაა. ისინი შენდება მაცხოვრის, ღვთისმშობლის, რომელიმე წმინდანის ან საეკლესიო დღესასწაულის სახელზე. მაგალითად, არის ეკლესია მაცხოვრის, ღვთისმშობლის, შობის, ამაღლების, წმინდა გიორგის და სხვა.
ტაძარში მოკრძალებით და ღვთის შიშით უნდა ვიმყოფებოდეთ, რადგან უბრალო სახლში კი არა ვართ, არამედ ღვთისა სახლში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№1. 2003წ. 21 მარტი