ჩვენი სამშობლო საქართველოა, ჩვენია მისი ყოველი კუთხე, მთა და ბარი. თბილისში თუ ვცხოვრობთ, მარტო თბილისელები კი არა ვართ და მარტო თბილისი კი არ გვიყვარს, არამედ საქართველოს ყველა სხვა კუთხეც. ასევე უნდა ფიქრობდეს სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქართლში, სამაჩაბლოში, სამეგრელოში, აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში, სვანეთში, თუშეთში ან ხევსურეთში მცხოვრები ყველა ადამიანი. შეუძლებელია გიყვარდეს საქართველო და არ გიყვარდეს მისი რომელიმე მხარე. ყველა კუთხეს თავისი სილამაზე აქვს. სხვანეთი მაღალი, თოვლიანი მთებითა და უძველესი კოშკებით გვიზიდავს, მესხეთი - საუკუნოვანი ტაძრებითა და კლდეებით, ლამაზი ფერები რომ გადაკვრია, კახეთში უკიდეგანო ზვრებია, იმერეთში - კოხტა გორაკები, ლამაზად რომ აჭრელდება შემოდგომობით. ლამაზია რაჭა-ლეჩხუმიც - საქართველოს უმშვენიერესი მხარე... მაგრამ ჩვენი სამშობლოს მთავარი სიმდიდრე მაინც მისი ხალხია. სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთისგან თითქოს განსხვავდებიან, ზოგი უფრო მკვირცხლი და ენამოსწრებულია, ზოგიც შედარებით დინჯი და სიტყვაძვირი, მაგრამ მთავარი მაინც საერთოა: ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქართული ენა. ეს სამი რამ ყველას გვაერთიანებს.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“