
თქვენ იცით, ანგელოზები ზეცაში ცხოვრობენ. ზეცაში ცხოვრება ძალზე განსხვავდება მიწაზე ცხოვრებისაგან. მაგრამ ღმერთს სურს, რომ ის არ იყოს უცხო, შორეული, გაუგებარი ჩვენთვის. ღმერთს უნდა, რომ ანგელოზები ახლობელნი გახდნენ ჩვენთვის, გავიგოთ როგორები არიან ისინი და ჩვენც უფრო მაღალი, უკეთესი, ანგელოზების მსგავსი ცხოვრებისთვის მოვემზადოთ.
ადამიანის საბოლოო სახლი ხომ ზეცაა. ოღონდ ზეცა ის ცა კი არ არის, სადაც ღრუბლები დაცურავენ, ჩიტები დაფრინავენ, ან თუნდაც პატარა პლანეტები მოძრაობენ და ვარსკვლავები ანათებენ. ეს ის ზეცაა, სადაც ღმერთი იმყოფება.
ანგელოზებს არც ცხვირი აქვთ და არც პირი, არც ხელები და არც ფეხები, მაგრამ ხანდახან, ღმერთის დავალებით, ისინი ფრთიანი ადამიანის, ან ბევრფრთიანი არსებების სახეს იღებენ.
მაგალითად, ფრთიანი ჭაბუკის (ახალგაზრდა ადამიანის) სახით გამოეცხადა გაბრიელ მთავარანგელოზი ქალწულ მარიამს, როცა ახარა, რომ იგი ღმერთის, იესო ქრისტეს დედა უნდა გამხდარიყო.
ანგელოზმა ახარა მწყემსებს ქრისტეს შობა და მიასწავლა ბეთლემის გამოქვაბულის ადგილი.
ანგელოზებმა ახარეს ქრისტეს აღდგომა ქრისტეს მოწაფეებს, როცა მათ იესოს საფლავი ცარიელი დახვდათ.
ხატებზე ანგელოზები ისეთები გამოისახებიან, როგორი სახითაც ისინი ადამიანებს გამოეცხადნენ. არცერთ ხატმწერს არ შეუძლია თვითონ გამოიგონოს, თავისი წარმოდგენებით დახატოს ანგელოზი, რადგან ხატში არაფერია გამოგონილი, ის სინამდვილეს გამოხატავს.
ანგელოზები უამრავნი არიან, უფრო მეტნი, ვიდრე ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ცხრა დასად, ე.ი. ცხრა ჯგუფად იყოფიან, მათი თვისებების და ღმერთთან მათი სიახლოვის მიხედვით.
ყველაზე ახლოს ღმერთთან სერაფიმები და ქერუბიმები არიან. სერაფიმი ექვსი ფრთით გამოისახება, ქერუბიმი კი - ოთხი ფრთით, ფრთებზე უამრავი თვალით, ასეთი სახით ისინი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს ესაიას და ეზეკიელს უჩვენა ღმერთმა.
მრავალი ფრთა ღვთისაკენ დაუღლელ სწრაფვას გამოხატავს, თვალები კი მიანიშნებს, რომ ისინი მთელი არსებით ღმერთის ჭვრეტით, შეცნობით, მისი ხილვით, მისი ცხოვრების გაზიარებით არიან დაკავებულნი, სხვა მათ არაფერი სჭირდებათ.
ადამიანებთან კი ყველაზე ახლოს მთავარანგელოზები და ანგელოზები არიან. ჩვენ ვიცით მათი სახელებიც: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, იეგუდიელი და სხვა. ისინი ზოგჯერ სამღვდელო სამოსით გამოისახებიან, როგორც ზეციური დიდებულები და ღვთისმსახურებაში მონაწილენი, ანგელოზებიც ხომ წირვას ერთად ესწრებიან.
ზოგიერთი მათგანი შუბითა და მახვილით გამოისახება, როგორც ზეციური მებრძოლნი... ისინი, როგორც ღვთის მსახურნი, ებრძვიან ბოროტებას ჩვენი სულების გადასარჩენად.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№13. 2003წ. 6 ნოემბერი