რა არის სარწმუნოება?

ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს თვალები და შეგვიძლია დავინახოთ ხეები, სახლები, ცა...

გვაქვს ყურები და შეგვიძლია მოვუსმინოთ ფოთლების შრიალს, წყლის ჩუხჩუხს, საუბარს, მუსიკას...

შეგვიძლია გემო გავუსინჯოთ მლაშე მარილს, ტკბილ თაფლს...

შევეხოთ ცივ ყინულს, სველ ბალახს, ჩვენი პატარა ძამიკოს ან დაიკოს ფუშფუშა ლოყას...

შევიგრძნოთ ახლადგამომცხვარი პურის სურნელი...

და კიდევ... ჩვენ შეგვიძლია, გვწამდეს ღმერთი!

როგორ? ის ხომ უხილავია, ჩვენ არასოდეს მოგვისმენია მისი ხმა, მას ვერც შევეხებით.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვიყვარს იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი, გვწამს, გვჯერა, ვენდობით მის სიტყვას, რომელიც ეკლესიამ შეინახა და ჩვენამდე მოიტანა.

გვწამს, დარწმუნებული ვართ, რომ იესო ყველაზე ძლიერია, ყველაზე კეთილი.

როგორ?

ღმერთთან სიახლოვეს გრძნობს არა თვალი, არა ყური, არამედ ადამიანის სული.

უფრო მეტიც, ღმერთი ჩვენს გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია, ჩვენს გულში. ამიტომაც შეგვიძლია, ვირწმუნოთ ღმერთი, გულით შევიგრძნოთ, თუ როგორია იგი.

ის გული, სადაც ღმერთი სახლობს, სავსეა სიხარულით. ოღონდ ეს სიხარული არა ჰგავს არც ფეხბურთელების აღტაცებას, როცა ისინი გოლს გაიტანენ ხოლმე, არც იმ სიამოვნებას, როცა გვაქებენ, არც სიცილს, როცა მულტფილმებს ვუყურებთ ხოლმე.

ეს სიხარული ჰგავს იმ გრძნობას, როცა მშვიდად ზიხარ დედიკოს ან მამიკოს კალთაში, როცა არავის არსად ეჩქარება, არც სამსახურში, ან სადმე სხვაგან, როცა შეგიძლია, ყველაფერი აკეთო მათთან ერთად, როცა დარწმუნებული ხარ, რომ თუ დაგჭირდა, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან და არასოდეს დაგტოვებენ მარტო.

სარწმუნოება - ეს არის სიხარული, როცა იცი, რომ თავად ღმერთი, იესუ ქრისტე, არის შენთან და არასოდეს დაგტოვებს.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“

№5. 2003წ. 9 მაისი