სახარების
მიხედვით, მწყემსების შემდეგ ახალშობილ მაცხოვარს თაყვანი სცეს აღმოსავლელმა
მოგვებმა. გადმოცემის თანახმად, მოგვთაგან ერთი სპარსელი იყო, მეორე - არაბი, მესამე
- ეთიოპელი. მათი სახელებია: გასპარი, მელქიოფი და ბალთაზარი. თავიდან მოგვები ცრუ
ღმერთების მსახურები იყვნენ, მაგრამ ისინი კარგად ფლობდნენ ფილოსოფიას,
ასტრონომიასა და მათემატიკას და წმინდა წიგნებიც შესწავლილი ჰქონდათ. სწორედ ამ
ჭეშმარიტმა ცოდნამ მიიყვანა ისინი ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებამდე. როდესაც
მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან მაცხოვარი იშვებოდა,
ცაზე უცნაური ვარსკვლავი გამოჩნდა. მოგები მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი
ვარსკვალვი, რომ ის ქვეყნის მხსნელის ამქვეყნად მოვლინებას მოასწავებდა და
გამოჰყვნენ კიდეც მას, რათა მხსნელისათვის თაყვანი ეცათ. მოგვიანებით მოგვები
წმინდა თომა მოციქულის ხელით მოინათლნენ და ქრისტანობის მქადაგებელნიც შეიქმნენ.
მათი წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს III საუკუნეში, ამჟამად ისინი გერმანიაში, კიოლნის
ტაძარშია დასვენებული.
ახალშობილ მხსნელს მოგვებმა ძღვნად ოქრო, გუნდრუკი* და მური* მიართვეს. ოქრო, როგორც მეფეს, გუნდრუკი, როგორც ღმერთს და მური, როგორც კაცს. ანუ ამით გამოხატეს, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, მეუფე მეფეთა და ამავე დროს ძე კაცისა.
გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა მიძინებამდე ცოტა ხნით ადრე მოგვების მიერ მაცხოვრისათვის მირთმეული ძღვენი იერუსალიმის ეკლესიას გადასცა. სიწმიდეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ვიდრე ბიზანტიაში არ აღმოჩნდა. 400 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა არკადიმ ისინი კონსტანტინეპოლში, ახალ დედაქალაქში გადაიტანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე სიწმინდეები ბიზანტიის იმპერატორების პირად საგანძურში ინახებოდა.
|
|
1433 წელს სერბეთის მთავარი გიორგი ბრანკოვიჩი იძულებული გახდა, თავისი ასული მარო მურატ II, თურქეთის სულთანისათვის, მიეცა ცოლად. სწორედ ამ სულთანმა დაიპყრო კონსტანტინეპოლი. მაროს უფლება ჰქონდა, თავის ღმერთზე ელოცა. მისი წყალობით მრავალი სიწმინდე გადარჩა წაბილწვასა და შეურაცხყოფას, მათ შორის, მოგვების ძღვენი.
კონსტანტინეპოლის დაცემიდან ოცი წლის შემდეგ მარომ მოგვების ძღვენი ათონის მთაზე მდებარე წმინდა პავლეს ტაძარს შესწირა და ისინი დღესაც ამ ტაძარში ინახება, თუმცა ხანდახან მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ, რათა სხვდასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქრისტიანებს საშუალება მიეცეთ, თაყვანი სცენ მას. ჩვენამდე ოქრომ 28 ცალი ფირფიტის სახით მოაღწია. ესაა 7Í5 სმ ზომის კვადრატული და სამკუთხა ფორმის ფირფიტები განსხვავებული ორნამენტებით. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და 70 ცალი მუქი ფერის ბურთულას წარმოადგენს.
*გუნდრუკი -
საკმეველი
*მური -
აღმოსავლური ნელსაცხებლის სახეობა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „სამრეკლო“
№4, 2006