ჩვენი მფარველი ანგელოზიალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მარტო ცხოვრება მოსაწყენია და არავის უყვარს.
ზოგჯერ განსაკუთრებით მოგვეწონება ხოლმე ვინმე, გვინდა მისი გაცნობა, მასთან ერთად თამაში ან რაიმეს კეთება. თუკი მასაც იგივე სურვილი გაუჩნდა, აუცილებლად დავუმეგობრდებით.
და აი, ბევრმა არც კი იცის, რომ მეგობარი ადამიანს არა მარტო მიწაზე ჰყავს, არამედ ზეცაშიც. ეს მეგობარი ჩვენი მფარველი ანგელოზია. რა თქმა უნდა, მფარველ ანგელოზს ვერც ეზოში, ვერც მეგობრის დაბადების დღეზე ვერ შეხვდები. ღმერთი ანგელოზს ნათლობის დროს უგზავნის ადამიანს.
როგორ უნდა ვიმეგობროთ ანგელოზებთან ზეცაში, კოსმოსური ხომალდებით ხომ ვერ გავფრინდებით მათთან სტუმრად? - იკითხავთ თქვენ, - ისინი ხომ თვალითაც არსად ჩანან.
დიახ, სულიერ სამყაროში ვერავითრი ხომალდებით ვერ მოვხვდებით. არცაა საჭირო სადმე წასვლა. ზეცა და მიწა ერთად არსებობს. ანგელოზები ჩვენს გვერდით არიან. ისინი სულიერი არსებები არიან და ამიტომაც არ ჩანან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კარგი მეგობრობა იციან.
ანგელოზები თან ადამიანებს ჰგვანან და თან ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან.
ანგელოზები, ადამიანების მსგავსად, გონიერები და თავისუფლები არიან. მათ ერთხელ აირჩიეს ღმერთის მსახურება და არასოდეს იცვლიან თავიანთ არჩევანს. ჩვენ კი ყოველ წუთს შეიძლება შეგვეცვალოს სურვილები და აზრები, დაგვავიწყდეს ჩვენი მთავარი საქმე. ხშირად ისეთი სუსტები ვართ, რომ საკუთარ თავს, საკუთარი სურვილებსაც კი ვერ ვერევით. ანგელოზები ჩვენზე ძლიერები არიან. ამიტომ გვჭირდება მათი დახმარება.
ანგელოზებს არა აქვთ სხეული, ისინი არ ცხოვრობენ ოჯახებად, არ იძინებენ, არც ჭამენ, არ სჭირდებათ ტანსაცმელი. ერთადერთი, რაც აუცილებელია მათთვის, ეს არის ღვთის ნათელი, ღმერთის სიკეთე, სიყვარული. ღმერთის სიყვარულით ისინი ჩვენც გვემსახურებიან.
ანგელოზები მაშინაც კი არ გვტოვებენ, როცა გვძინავს; მაშინაც ჩვენი ერთგულები არიან, როცა არ გვახსოვს მათი არსებობა. ისინი გვიცავენ განსაცდელებისაგან (უბედური შემთხვევისაგან), შთაგვაგონებენ (გვკარნახობენ, გადმოგვცემენ) კეთილ აზრებს, გვამხნევებენ, როცა რამე გვიჭირს.
ხანდახან ადამიანი ვერც კი ახსნის, საიდან გაუჩნდა რაიმე აზრი, საიდან ეწვია თითქოსდა უმიზეზო სიხარული, რა ძალამ შეაკავა ცუდი საქციელის ჩადენისაგან, ან პირიქით, რამ აიძულა კეთილი საქმის გაკეთება. ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მფარველი ანგელოზები მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში, ისინი ზრუნავენ ჩვენზე. მათ უხარიათ, როცა ღმერთის სიტყვას ვასრულებთ და პირიქით, სწუხან, როცა ღმერთს ვივიწყებთ.
როგორ შეიძლება ვუოასუხოთ მათ მეგობრობას?
ჩვენ შეგვიძლია ლოცვის სიტყვებით მივმართოთ მათ, ვუთხრათ, რომ გვახსოვს ისინი, ვუთხრათ მადლობა და მათ მსგავსად ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ღვთის კეთილი საქმეების შესრულებაში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№12. 2003წ. 23 ოქტომბერი