ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის მადლით იყო გაბრწყინვებული. მოციქულებთან ერთად, იგი სიტყვითა და ლოცვით განამტკიცებდა ეკლესიას.
მიძინების (მიცვალების) დროისათვის ღვთისმშობლის სახელი შორს იყო გავარდნილი. ბევრს შურდა მისი და მოკვლაც კი დაუპირეს, მაგრამ ყოვლადწმიდა ქალწულს ღმერთი იფარავდა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს 28 (ძვ.სტ. 15) აგვისტოს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში.
ღვთისმშობელს უდიდეს პატივს მიაგებს ეკლესია. თორმეტ დიდ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება - უშუალოდ მისთვისაა მიძღვნილი.
ღვთისმშობელს ეძღვნება მარიამობის მარხვაც, რომელიც 1(14) აგვისტოს იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის 1060 წელს დაადგინეს პატრიარქმა იოანემ და იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ. თუმცა ანასტასი კესარიელის ცნობით, მარიამობის მარხვის დაწესება გაცილებით ადრე მოხდა, დაახლოებით მეექვსე საუკუნეში, როცა ეკლესიაში მიძინების დღესასწაულის საყოველთაო აღნიშნვნა დაიწყეს. მანამდე ქრისტიანულ ეკლესიებში ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხანგრძლივობით.
რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, ის 1166 წელს კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა. ამ დროიდან მოყოლებული, ქრისტიანები დიდი პატივით აღნიშნავენ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, განსაკუთრებით, მისი სახელობის ტაძრებში, რომელთაც „სიონს“ უწოდებენ. თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ღვთისმშობლის ძველი ხატიც ბრძანდება. მას სიონის ღვთისმშობლის ხატს ეძახიან. (გადმოცემით, ეს სწორედ ის ხატია, რომელიც ჯალალ-ედ-დინმა მეტეხის ხიდზე დაადებინა და ქართველებს მისი შეურაცხყოფა უბრძანა. როგორც იცით, მაშინ არცერთმა ქართველმა არ იკადრა ხატის შეურაცხყოფა და სიკვდილი ამჯობინა.)
ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გაჭირვებულთა თანადგომითა და სიყვარულით, მშვიდი ქცევით, ჭკუით, მოზომილი და თბილი სიტყვით გამოირჩეოდა და მორწმუნეთათვის სრულქმნილების მაგალითს წარმოადგენდა. იგია საქართველოსა და მისი ეკლესიის დაუღალავი ქომაგი და მფარველი.
გამოყენებული წყარო:
ჟურნალი „კარიბჭე“, ¹14(25), 2005