იცით, რა არის ურთიერთობა? - ერთად ცხოვრება. ოღონდ ისე კი არა, შენ შენთვის იყო, ის კი თავისთვის. აი, მაგალითად, ქალაქში დიდ მრავალსართულიან სახლში, შენს მეზობელ სადარბაზოში, ან სოფელში, მეორე ქუჩაზე შეიძლება ბევრი ადამიანი ცხოვრობდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება ისე გაატაროთ, რომ ერთმანეთს არასოდეს მოუყვეთ ამბები, არ უთხრათ, რა მოგწონთ და რა არა. ასეთ ერთად ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ურთიერთობა არ ჰქვია. ურთიერთობა სწორედ საკუთარი ცხოვრების, ფიქრების, სურვილების, გრძნობების გაზიარებაა.
ხშირად ადამიანებს არ აინტერესებთ სხვისი ცხოვრება. საქმიან უფროსებს თავიანთ კაბინეტების კარზე გამოკრული აქვთ მიღების საათები. მაგ., კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, 3-დან 4 სთ-მდე. სამწუხაროდ, ხანდახან ჩვენს მშობლებსაც არ სცალიათ ჩვენს მოსასმენად: როგორც წესი, თავზე საყრელი საქმეებით არიან დაკავებულნი.
აი, ღმერთი კი ყოველთვის და ყველგან, დილით თუ საღამოს, სახლში თუ გარეთ, მზად არის შენთან ურთიერთობისათვის, შენს მოსასმენად, შენს დასახმარებლად. ღმერთი ჩვენი - იესუ ქრისტე ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარია.
ღმერთთან ურთიერთობას კი ლოცვა ჰქვია.
ლოცვა მხოლოდ ხატების წინ დიდი ხანი ლოცვების წიგნის კითხვა არ არის. ლოცვა არის ნებისმიერი საქმის კეთების წინ ღმერთის გახსენება, მასთან ერთად გაღვიძება, ჭამა, სწავლა, თამაშიც კი. როცა იცი, რომ თამაშის დროსაც კი უფალი შენთან არის, არ იცრუებ, არ იქნები უსამართლო.
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის გარეშე არცერთი ყვავილი არ გაიშლება, წვიმის არცერთი წვეთი არ მოწყდება ღრუბელს, სულიერი ადამიანი არ დაიბადება, იესუ ქრისტეს ყოველთვის სცალია შენთვის, ის ყოველთვის შენთანაა.
უმეტესად ასე ხდება ხოლმე - წავიკითხავთ დილის თუ საღამოს ლოცვებს, პირჯვარს გადავიწერთ, დავხურავთ წიგნს და ჩვენს საქმეებზე გავიქცევით.
გაიხსენეთ, თუნდაც ჩვენს მეგობართან უხერხულია ხოლმე მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკი, უხერხულია, რომ არ დავინტერესდეთ მისი პასუხით, მისი ცხოვრებით. ლოცვის დროსაც, ჩვენი სათქმელის შემდეგ უნდა გავჩერდეთ და მოვისმინოთ ღმერთის პასუხი. ამ პასუხს ყურით ვერ მოვისმენთ, ის გულით უნდა ვიგრძნოთ. გულით უნდა ვიგრძნოთ, რომ ღმერთი ჩვენთან არის.
თუ ხშირად ჩვენი გული არაფერს გრძნობს, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი არაფერს გვპასუხობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სხვა ინტერესები - ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა, ტელევიზორის ყურება, ნაყინის საყიდლად გაქცევა, მეგობართან დარეკვა, დოლის ბრახუნივით ახშობს ღვთის ხმას ჩვენში.
უნდა ვისწავლოთ ცოტა ხნით ყველაფრის გვერდზე გადადება და სიჩუმეში ყურის მიგდება, თუ როგორ შემოდის ღმერთი ჩვენში.
ღმერთთან ურთიერთობას სხვა ვერაფერი შეგვიცვლის. შეიძლება ბევრი კოკა-კოლა და ფანტაც დალიო, მაგრამ წყურვილი ვერ მოიკლა, მაინც გწყუროდეს წყალი.
ღმერთთან ურთიერთობას ზაფხულის სიცხეში დალეული ცივი, სუფთა წყაროს წყლის გემო აქვს.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№8. 2003წ. 27 ივნისი