ნანა ჩარკვიანი
სიყვარულის გაზიარება ჩვენი კეთილი საქმეებით ხდება. ყველა ადამიანს თავისი საქმე აქვს. ზოგი მშენებელია, ზოგი მომღერალი, ზოგიც ჯარისკაცი. ჯერ თქვენ პატარები ხართ, მაგრამ მიუხედავად ამისა საქმის გაკეთება მაინც შეგიძლიათ. ყველაზე დიდი საქმე, რაც თქვენ ერთმანეთს, ჩვენს სამშობლოს შეგიძლიათ გაუკეთოთ, არის ლოცვა.
ლოცვა არის უფლის მოწვევა ჩვენთან. როცა გვინდა, რომ საქმე მარტო ადამიანებმა კი არ ვაკეთოთ, არამედ ღმერთიც ჩვენთან ერთად იყოს. ბავშვების ლოცვას დიდი ძალა აქვს. განა შეიძლება, მშობელი, ჩვენი ზეციერი მამა, ღმერთი არ მიეხმაროს თავის შვილებს კეთილი სურვილების შესრულებაში?
ჩვენ გვწამს, ყველა საქმე, რომელიც ღმერთთან ერთად კეთდება, კარგად სრულდება.
ამიტომ, მოდით ყოველდღე, მარტო საკუთარი თავისთვის, ან მარტომ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის კი არ ვილოცოთ, არამედ ყველასთვის, ვინც ჩვენს სამშობლოში ცხოვრობს. თუკი ლოცვაში იზრუნებთ ერთმანეთზე, საქმეშიც მოახერხებთ ერთმანეთის დახმარებას. ასე მოეფინება სიყვარული არა ერთსა და ორ ადამიანს, არამედ მთელს ჩვენს ქვეყანას, და ასე გახდებით თქვენ დიდი ადამიანები, რადგან დიდ საქმეს, სამშობლოს საქმეს გააკეთებთ.
ასე რომ, ვილოცოთ საქართველოსათვის, მისი ძლიერებისათვის, დაკარგული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის, მშვიდობისათვის.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№16. 2003წ. 18 დეკემბერი