ნანა ჩარკვიანი

ლოცვა გარდაცვალებულთათვის

როგორც წესი, უფროსები ბავშვებს დიდ საქმეებს არ ანდობენ ხოლმე. ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვებს მხოლოდ სწავლა და თამაში ევალებათ.

ბავშვებო, იცოდეთ, რომ ღმერთი განდობთ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საქმეს - ლოცვას. ლოცვა არა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვაა, არამედ სხვა ადამიანებზეც. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს.

თქვენ იცით, რომ გარდაცვალებით ადამიანი არ ქრება. ღმერთი ხომ უსაზღვროდ კეთილია. განა შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მან სიცოცხლე იმისათვის მოგვცა, რომ შემდეგ წაგვართვას? რა თქმა უნდა, არა. გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული სასუფეველში ანუ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში აგრძელებს სიცოცხლეს. მესამე გზა არ არსებობს. ადამიანისთვის კი სამოთხეც და ჯოჯოხეთიც მიწაზე იწყება. სამოთხე ღმერთთან ერთად ცხოვრებაა. ჯოჯოხეთი კი უღმერთობა. ჯოჯოხეთში იმიტომ იტანჯებიან ადამიანები, რომ ისინი ღმერთს არიან მოწყვეტილი. სადაც ღმერთი არ არის, იქ არც სიკეთეა და არც სიყვარული. ადამიანის სულს უღმერთობა ისევე ტანჯავს, როგორც წყურვილი, რომელსაც ვერ იკლავს. გარდაცვალების შემდეგ კი ადამიანს აღარაფრის შეცვლა არ შეუძლია. მხოლოდ მიწაზე ცხოვრებისას შეიძლება ცუდი საქციელის სინანულით გამოსწორება.

სამოთხეც მიწაზევე იწყება. როგორც ვთქვით, სამოთხე ნიშნავს ღმერთთან ერთად ცხოვრებას. სწორედ ღმერთთან ერთად ცხოვრებას მოაქვს ნამდვილი სიხარული და ბედნიერება.

სხვა ადამიანთა ცხოვრება მათი გარდაცვალების შემდეგ ჩვენთვის დაფარულია. ამიტომ გვამრთებს, ვიზრუნოთ ჩვენი ახლობლებისთვის და წინაპრებისთვის, ვილოცოთ მათი სულებისათვის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, აპატიოს მათ ცოდვები.

თუ ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტესთან ერთად, გავცემთ მოწყალებას, ანუ ვეხმარებით გაჭირვებულებს, ღმერთი ისმენს ლოცვას და გვისრულებს სურვილს. გაჭირვებულის დახმარება არ ნიშნავს მხოლოდ ფულის მიცემას მათხოვრისთვის. მოწყალებაში იგულისხმება ადამიანის თანაგრძნობა, დახმარება, თუნდაც ოთახის დალაგება, ან მაღაზიიდან პურის მოტანა, ან მისთვის ეკლესიიდან ერთი სანთლის წამოღება, ან იმ ქადაგების მოყოლა, რაც კვირას ეკლესიაში მოვისმინეთ, ან რომელიმე წმინდანის ცხოვრების წაკითხვა...

მარხვას დღესასწაული მოჰყვება ხოლმე. გარდაცვალებას კი აღდგომა. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე აღსდგა და აღდგა იმიტომ, რომ ჩვენც აღგვადგინოს. ადამიანს თვითონ შეუძლია აირჩიოს სასუფეველი ან ჯოჯოხეთი. ცხოვრება ღმერთთან ერთად ან უღმერთობა. ჩვენი ლოცვა შეიძლება დაეხმაროს მას, ვინც მიწაზე ყოფნისას ღვთისკენ მიმავალი გზა აირჩია.

ლოცვა გარდაცვალებულთათვის განსაკუთრებული მოწყალებაა, რადგან ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც თვითონ საკუთარი თავის შველა აღარ შეუძლია.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№6(22). 2004წ. 18 მარტი