დიდმარხვა

ხატი „უძღები შვილი“

მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში დაუწესა ღმერთმა ადამიანებს, როცა ადამსა და ევას სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფის ხმევა აუკრძალა. ლოცვასთან შეერთებული მარხვა მეტად სათნოა ღვთისათვის. დღეს ბევრი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ მარხვის დაცვას სავალდებულოდ არ თვლის. ასეთებს ავიწყდებათ, რომ თავად უფალმა და ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემაც იმარხულა 40 დღე და ღამე, როცა თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის დაწყებამდე უდაბნოში განმარტოვდა.

ერთხელ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს, შენი მოწაფეები რად არ მარხულობენო? უფალმა მიუგო: როგორ იმარხულებენ, როცა სიძე (ანუ იესო ქრისტე) მათთან არის. აი, მოვა დრო, ამაღლდება მათგან სიძე და მაშინ იმარხულებენო. მართლაც, უფლის ჯვარცმისა და აღდგომა-ამაღლების შემდეგ ქრისტიანულ ეკლესიაში დაწესდა მარხვები. მათ შორის, ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის წინასააღდგომო მარხვა, ანუ დიდმარხვა, რომელიც 40 დღე გრძელდება, მას მოებმის კიდევ 7 დღიანი მარხვა ვნების კვირისა.

დიდმარხვა ყველაზე მნიშვნელოვანი იმად არის, რომ ამით ჩვენ იესო ქრისტეს ჯვარცმასა და აღგომას ვიგონებთ. უფლის ჯვარცმა და აღდგომა კი ადამიანის გამოხსნის საიდუმლოა. თავისი დიდი სიბრძნით, ასე ინება უფალმა ადამიანთა ცოდვებისაგან განწმენდა და მათი ხსნა საუკუნო დაღუპვისაგან. მაგრამ ეს ძალიან ძნელი იყო ადამიანად მოსული უფლისათვის, რადგან მის ადამიანურ სხეულს ისევე ტკიოდა, როგორც ყოველ ჩვენგანს ეტკინებოდა. ასე რომ, დიდმარხვა უფლის ვნებების ერთგვარი თანალმობაცაა, ღვთისადმი სიყვარულისა და ერთგულების გამოხატულებაა.

მარხვა ნიშანია იმისა, რომ ადამიანები ნანობენ თავიანთ შეცდომებს, ჩადენილს ღვთისა და მოყვასის წინაშე, და სურთ განიწმინდონ მათგან, რათა დაიმკვიდროს კაცთა შორის უპირველესმა მცნებამ ღვთისამან - გიყვარდეს. ამისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვეულებაა ეკლესიაში:

ყოველი დიდმარხვის წინ ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ და თავადაც მიუტევებენ მოყვასს შეცდომებს. ამ დღეს შენდობის კვირა ეწოდება. მრევლი შენდობას იღებს სულიერი მოძღვრებისგანაც, ასევე შენდობას ითხოვენ მოძღვრებიც და ასე - ურთიერთ მიტევებითა და სიყვარულით იწყებენ მარხვას.

მარხვა ადამიანებს თავშეკავებას, მოთმინებასა და ზომიერებას აჩვევს. ამასთან, განწმენდს მათ სხეულებსაც.

მარხვას უნდა ახლდეს ლოცვაც, რომ მან სრულყოფილი შედეგი გამოიღოს. მარხვა და ლოცვა ქრისტიანისათვის წყალი და ჰაერია, რომლის გარეშეც იგი დაიღუპება. ზოგი ფიქრობს, რომ მარხვა მხოლოდ გარკვეული საკვებისაგან თავის შეკავებაა, მაგრამ ასე სულაც არ არის. ხორციელ მარხვას აუცილებლად უნდა ახლდეს სულიერი მარხვა. წმიდა მამათა სწავლებით, მარხვაში ქრისტიანები მომეტებულად უნდა ლოცულობდნენ, კითხულობდნენ წმიდა წერილსა და წმიდა მამათა სწავლებებს, ერიდებოდნენ განცხრომას და მის მაგიერ კეთილი საქმეების გამრავლებაზე ზრუნავდნენ.

თუ ადამიანი სწორად მარხულობს, მას აუცილებლად გაუჩნდება სინანული საკუთარ ცოდვათა გამო, რომელიც მან აღსარებაში უნდა გამოთქვას. აღსარებაში გულწრფელად მონანიებული ცოდვები ადამიანებს აღარ მოეკითხებათ, ისინი სამუდამოდ ამოიშლება ცოდვა-მადლის წიგნიდან. ასე განწმენდილ ადამიანს უკვე აქვს უფლება, ქრისტეს წმიდა ზიარება მიიღოს, რითაც თავად ღმერთი იმკვიდრებს ქრისტიანის გულში და ასეთი ადამიანი ხდება ჭურჭელი მადლისა, რადგან ღირსეული ზიარება ის ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც ადამიანი უფალს მიეახლება. ამას ჩვენ წმიდა სახარებიდან ვიგებთ. იესო ქრისტე ბრძანებს: „ვინც არ ეზიარება ჩემს სისხლს და ხორცს, ის ჩემთან ვერ მოვა“. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რწმენითა და დიდი მოკრძალებით უნდა აღსრულდეს, სხვაგვარად, ადამიანის ყოველი ქცევა ფარისევლის გარეგან (მოჩვენებით) მსახურებას დაემსგავსება და ადამიანი საკუთარ თავზე წყალობის მაგიერ რისხვას მოიწევს.

აი, ასეთი დიდებულია მარხვა. იგი ქრისტიანის მეგობარია, რომლის წყალობითაც ჩვენ ღმერთს ვუახლოვდებით, ვიწვევთ მას ჩვენს გულებში და ვიღებთ უფლის განუზომელ მადლს.