ნანა ჩარკვიანი

ჩვენი სულიერი მოძღვარი

თქვენ იცით, ეკლესიაში მოსიარულე ყველა ადამიანს თავისი სულიერი მოძღვარი ჰყავს.

შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს – ყველა ჩვენ გვასწავლის ჭკუასო: სახლში – მშობლების, ბებია-ბაბუების ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. თუ უფროსი და-ძმები გვყავს, ისინიც არასოდეს დაგვზარდებიან შენიშვნის მოცემას. სკოლაშია და ყველა საგანს თავისი მასწავლებელი ჰყავს. ყველა რაღაცას ითხოვს ჩვენგან. ახლა კიდევ ეკლესიაში სულიერი მოძღვარი ყოფილა საჭიროო. რატომ უნდა ვაკოცო ხელზე, რატომ უნდა დავუძახო მამაო, ყველა ადამიანს ხომ ერთი მამა ჰყავსო.

დიახ, დიახ, სწორედაც ასეა – ყველა ადამიანს პატარას თუ დიდს, ქალსა თუ კაცს, ქართველს თუ ინგლისელს ერთი საერთო მამა ჰყავს. ესაა ჩვენი ღმერთი, რომელმაც ყველას სიცოცხლე მოგვანიჭა. ის გვზრდის, ზრუნავს ჩვენზე. ვუყვარვართ.

ჩვენი ზეციერი მამა იესო ქრისტეა. ჩვენ ის არ გვინახავს, თუმცა გვაქვს მისი ხატები. ხატები იმისთვისაა საჭირო, რომ გავიგოთ, როგორი იყო იესო. ჩვენ გვიყვარს ქრისტე, ამიტომ ვკოცნით მის ხატებს და ამბორთან ერთად სიყვარულსაც ვუგზავნით ჩვენს უფალს.

და აი, ჩვენი სულიერი მოძღვარი არის იესო ქრისტეს ცოცხალი ხატი. მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია, რომ გავიგოთ, როგორი იყო იესო, ოღონდ არა გარეგნულად, არამედ როგორი თვისებები ჰქონდა და აქვს მას. როგორი კეთილია ის, როგორი მოსიყვარულე, როგორი მიმტევებელი. მიმტევებელი ნიშნავს იმას, რომ ქრისტე ყოველთვის ყველაფერს გვაპატიებს, თუკი გულწრფელად ვითხოვთ, ასეა მოძღვარიც.

სახარების კითხვისას ალბათ ბევრს გინატრიათ, ნეტავ ჩემთანაც მოსულიყო ქრისტე, ნეტავ მეც შემძლებოდა მასთან შეხვედრაო.

ნეტავ როგორ მოიქცეოდით, რას ეტყოდით?

ის, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს იესოსთან, ვისაც სურს მისი სიტყვის მოსმენა, მასთან სიახლოვე, ის მიდის მოძღვართან, რადგან მოძღვარი თავის სურვილებს კი არ გვახვევს თავს, არამედ ქრისტეს ნებას, სურვილს გვაგებინებს. ის თავისი ძალით კი არ გვპატიობს, არამედ ქრისტეს ძალით, მას ქრისტეს ძლით ვუყვარვართ.

სულიერი მოძღვარი იმიტომ არსებობს, რომ მასთან ურთიერთობით ჩვენ ქრისტესადმი სიყვარული გამოვხატოთ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“

№3(19). 2004წ. 5 თებერვალი