ჩვენს სარწმუნოებას მართლმადიდებლობა ჰქვია. ეს ნიშნავს ჭეშმარიტ რწმენას, ანუ იმას, რომ მართლად, სწორად ვადიდოთ უფალი. ეს რწმენა იესო ქრისტემ უქადაგა ხალხს. იგი ქრისტეს არჩეულმა მოწაფეებმა, მისმა მოციქულებმა გაავრცელეს მთელ დედამიწაზე. ეს ყველაფერი მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირვანდელი სახით შემოინახა.
რატომ არ ვცვლით არაფერს ჩვენს სარწმუნოებაში? იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ღვთის დატოვებულ სწავლებას დავამახინჯებთ. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მასწავლებელმა ბავშვებს ცარცით ლამაზი სახლი დაუხატა და სთხოვა, ნახატისთვის ხელი არ ეხლოთ, ვინაიდან იგი სხვა კლასის მოსწავლეებისთვისაც უნდა ეჩვენებინა.
ბავშვებმა კი მასწავლებელს არ დაუჯერეს – ზოგმა სახლს კედელი მოუშალა, ზოგმა ფანჯრები და კარი ამოავსო, დანარჩენებმა კი სახურავი გადაასწორეს. საბოლოოდ სახლის მაგივრად რაღაც ყუთი გამოვიდა. რა თქმა უნდა, მასწავლებელი ამაზე გაბრაზდება და მოსწავლეებს უსაყვედურებს. ცვენი რწმენაც ასეა. უფალმა რაც დაგვიტოვა, იმას უნდა მოვუფრთხილდეთ, თორემ ვისაც როგორ მოუნდება, ისე თუ დაამატა და გამოაკლო ღვთის ნათქვამს, რა გამოვა? მაშინ ჩვენც იმ ურჩ ბავშვებს დავემსგავსებით, მასწავლებელს ნახატი რომ გაუფუჭეს.
ძველადაც და ახლაც ზოგიერთი ცდილობს უფლისგან დანატოვარი სარწმუნოება უფრო გაამკაცროს, ან უფრო შეარბილოს. ისინი ეკლესიას არ უჯერებენ, თითქოს უფალს უსწორებენ და ასწავლიან. ეს არ არის სწორი საქციელი. ასეთი ადამიანები ჰგვანან ოროსან მოსწავლეებს, რომლებიც ტრაბახობენ სკოლის სახელმძღვანელოს დაწერა შეგვიძლიაო.
სწორედ ამიტომ, მართლმადიდებლები არაფერს ვცვლით ჩვენს სარწმუნოებაში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№15. 2003წ. 4 დეკემბერი