![]()
უფალმა ურიცხვი ანგელოზი შექმნა. ისინი უსხეულო არსებები არიან. მათ გააჩნიათ გონიერება, შეუძლიათ მოძრაობა, ღვთის მსახურები არიან და უფლის ბრძანებით ადამიანებს იცავენ.
წმინდა მამების სწავლების თანახმად, წმინდა ანგელოზებს შორის არსებობს განსხვავება. არსებობენ უპირატესნი ანგელოზებს შორის. ანგელოზთა უპირველეს დასში არიან ისინი, ვინც ყველაზე ახლოსაა უფალთან: სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი. შემდეგ მათ მოსდევს ანგელოზთა მეორე დასი: ხელმწიფებანი, ძალნი და უფლებანი. და ბოლოს მესამე: მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
ბავშვებო, როგორც უკვე იცით, ნათლობის დროს ყოველ ადამიანს უფლისგან ეძლევა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც გნუშორებლად მუდამ მასთან არის; იგი ხარობს, როდესაც ადამიანი უფლისთვის სათნო, კეთილ საქმეებს აკეთებს და წუხს, თუკი ადამიანიგანეშორება უფალს და ბოროტებას სჩადის. მფარველი ანგელოზი ლოცულობს ჩვენთვის და მუდამ ცდილობს, კეთილი აზრები ჩაგვაგონოს.
მთავარანგელოზებსაც აქვთ განსაკუთრებული დავალება უფლისაგან:
მთავარანგელოზი მიქაელი არის მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი განსაცდელისა და ბოროტი ცოდვებისაგან.
მთავარანგელოზი გაბრიელი კი არის სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი.
მთავარანგელოზი რაფაელი სნეულებათა მკურნალი და გზაზე დამაყენებელია.
მთავარანგელოზი ურიელი უცოდინართა განმანათლებელი და ლოცვის სურვილის აღმძვრელია.
მთავარანგელოზი იეგუდიელი მგზავრობის მფარველი და გაჭირვებულთა შემწეა.
მთავარანგელოზი ვარაქიელი კაცთა შუამავალია უფლის წინაშე, მათთვის უფლისგან მადლის გამომთხოვნელი; მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა.
მთავარანგელოზი სელაფიელი სნეულებათაგან მკურნალი და კაცთათვის მლოცველია ღვთის წინაშე.
მთავარანგელოზი იერომიელი ადამიანთა გულებში ღვთისადმი სიყვარულის აღმძვრელია.
მთავარანგელოზი ტახნილი შემწე და მფარველია უბედურებათა და თავდასხმათაგან.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№9. 2003წ. 11 ივლისი