![]()
აღსარების შესახებ
ყოველი ადამიანი, პატარა და თქვენ წარმოიდგინეთ, დიდიც კი, ხანდახან ცუდად იქცევა. შეიძლება არ გვინდოდეს, მაგრამ ტყუილი ვთქვათ. შეიძლება ვხვდებოდეთ კიდეც, რომ ვინმეს გულს ვტკენთ, მაგრამ მაინც გავაგრძელოთ ცუდი სიტყვებით მიმართვა. შეიძლება სხვას არც არაფერი ვუთხრათ, არც არაფერი დავუშავოთ, მაგრამ ჩვენთვის გულში ვიღაცის გვშურდეს, ან თავს ვიღაცაზე მაღლა ვაყენებდეთ.
ასეთ დროს ჩვენს გულს ყოველთვის უსიამოვნო გრძნობა ეუფლება. შეიძლება თავი დავირწმუნოთ, რომ ძალიანაც კარგად მოვიქეცით, როცა სხვას სამაგიერო გადავუხადეთ, მარგამ თუკი კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მოუსვენრად ვართ, რაღაც გვაწუხებს.
თქვენ იცით, ცუდ საქციელს, ცუდ სიტყვას, ცუდ ფიქრს ეკლესიური ენით ცოდვა ჰქვია.
და აი, როცა ადამიანი ცოდავს, ის ცუდად გრძნობს თავს. რატომ? იმიტომ, რომ ამ დროს ის შორდება ღმერთს. ეს ისეთივე სამწუხაროა, როგორც პატარა ბავშვებისათვის დედისაგან მოწყვეტა. ხომ გინახავთ, როგორ ტირიან პატარები, როცა ვინმე უცნობი მოინდომებს, რომ დედას გამოართვას. ჩვენს სულსაც პატარა ბავშვივით სულ ღმერთთან ერთად ყოფნა უნდა, და როცა მას მოწყდება, თითქოს ტირილს იწყებსო, ღელავს და წუხს.
როცა მშობლებს ვაწყენინებთ, ბოდიშს ვუხდით და ისინიც გვპატიობენ ხოლმე.
აღსარება ღვთის წინაშე მარტო ბოდიშის მოხდა არ არის. ეს იმის თქმაც არის, რომ ჩვენ ცუდად ვართ იესოს გარეშე და ისევ მის სიახლოვეს, ისევ მასთნ ერთად ყოფნა გვსურს. აღსარებისას პატიებას ვითხოვთ მისგან. ქრისტესთვის ყველაზე სასიხარულოა, თუკი მასთან ერთად ცხოვრებას მოვინდომებთ, ამიტომ აღსარებისას ნათქვამ ცოდვებს ყოველთვის გვპატიობს!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№6. 2003წ. 23 მაისი