(თვითმხილველთა ისტორიული გადმოცემები ქრისტეს აღდგომის შესახებ)
| „შაბათის შემდეგ პირველ დღეს, დილით ადრე, უეცრად
მიწა შეიძრა და გამოცხადდა უფლის ანგელოზი, გადააგორა ლოდი საფლავისგან
და დაჯდა მასზე. ამის ნახვით თავზარდაცემული მცველები გაიქცნენ. ქრისტე
აღდგა და გამოვიდა საფლავიდან“.
სახარება მათესი, თავი 27, 1-4 |
სამი წელი ქადაგებდა ადამიანად მოსული ღმერთი ადამიანთა შორის ღვთიურ ჭეშმარიტებას, სიკეთეს, მეგობრობას, ერთგულებას, მოწყალებას... მაგრამ გაბოროტებულ ადამიანებს არ უნდოდათ და აღარც შეეძლოთ ესმინათ მისი. ეს ხომ განუზომელად ტანჯავდა მათ სინდისს. ამიტომ განიზრახეს, მოეკლათ იესო და სინდისის ქენჯნისაგან „გათავისუფლებულიყვნენ“. აი, მოისყიდეს იუდა, შეიპყრეს ღვთაებრივი მოძღვარი და რომაელ მმართველს - პილატეს - მიჰგვარეს. პილატემ დაჰკითხა იესო და ვერ აღმოუჩინა ვერანაირი დანაშაული. მიხვდა მმართველი, რომ შურის გამო სურდათ ქრისტეს მოკვლა.
ამ დროს პილატეს მეუღლე ცდილობდა, დაერწმუნებინა ქმარი, არ მიეღო მონაწილეობა ამ კაცის მოკვლაში, რადგან სიზმრად ბევრი ვიტანჯეო მის გამო. არც პილატეს სურდა იესოს სიკვდილი, რადგან სმენოდა, რომ იგია ძე ღვთისა, თუმცა ბოლომდე ვერ დაეჯერებინა. ხალხი კი ყაყანებდა: ჯვარს აცვი ეგ და გამოუშვი ბარაბა. ხოლო თუ ამას არ იზამ, კეისათან დაგასმენთო. შეშინდა პილატე და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, როგორ აერიდებინა თავი ამ საზარელი მკვლელობისათვის, მოითხოვა წყალი და დაიბანა ხელი. იესო კი იუდეველებს გადასცა, რათა მათ თავად ეცვათ იგი ჯვარს.
პილატეს ჰყავდა თავისი ბიოგრაფი, ბერძენი ჰერმიდეოსი, რომელიც თავიდან ქრისტეს წინააღმდეგ იყო განწყობილი და ცდილობდა დაეწრმუნებინა პილატეს ცოლი, ხელი არ შეეშალა ქმრისთვის ქრიტესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ჯვარცმამდე იგი ქრისტეს მატყუარად თვლიდა, ამიტომ თავისი ინიციატივით გაემართა სამარისაკენ შაბათ ღამეს, რათა დარწმუნებულიყო, რომ იესო არ აღსდგებოდა მკვდრეთით და მისი სხეული სამუდამოდ დარჩებოდა მიწაში. მაგრამ სულ სხვაგვარად წარიმართა ყოველივე. აი, რას მოგვითხრობს ჰერმიდეოსი:
„მივუახლოვდით სამარეს, და ვიმყოფებოდით რა მისგან ას ორმოცდაათ ნაბიჯზე, სისხამი განთიადის მკრთალ შუქზე ჩვენ დავინახეთ სამარესთან მყოფი დაცვა: ორი ადამიანი იჯდა, დანარჩენები მიწაზე იწვნენ. იყო საოცარი სიჩუმე. ჩვენ მივდიოდით ძალზე ნელა და გადაგვასწრო დაცვამ, რომელიც მიდიოდა იმათ შესაცვლელად, რომლებიც იქ საღამოს შემდეგ იმყოფებოდნენ. შემდეგ უეცრად ძალზედ განათდა. ჩვენ ვერ შევძელით გაგება, თუ საიდან იყო ეს სინათლე, მაგრამ მალე დავინახეთ, რომ იგი მოდიოდა ზემოდან - მბრწყინავი ღრუბლიდან, რომელიც დაეშვა საფლავისაკენ და გამოჩნდა ადამიანი, ბრწყინვალე შუქით შემოსილი. შემდეგ გაისმა გრუხუნი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ მიწაზე. ამ ხმაზე დარაჯები ფეხზე წარმოიჭრნენ და შემდეგ დაეცნენ. ამ დროს, საფლავისაკენ მიმავალ ბილიკზე, მოდიოდა ქალი. და მან უეცრად დაიყვირა: „განიხვნა! განიხვნა!“ და ამ დროს ჩვენ დავინახეთ, რომ მართლაც ძალზედ დიდი ქვა, რომელიც ხერგავდა გამოქვაბულის შესასვლელს, როგორღაც თავისით აიწია და გაიხსნა სამარეში შესასვლელი. ჩვენ ძალზედ შევშინდით. მცირეოდენი დროის შემდეგ სინათლე საფლავზე გაქრა და ჩვეულებრივმა სიჩუმემ დაისადგურა. როდესაც ჩვენ მივუახლოვდით საფლავს, ცხადი გახდა, რომ იქ უკვე აღარ იყო დამარხული ადამიანის სხეული“.
ჰერმიდეოსი მოგვითხრობს კიდევ ერთ საინტერესო დეტალს. ის წერს, რომ ქრისტეს ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა, რომელსაც ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი გამოსახულება ექნებოდა, ხოლო მეორე მხარეს - პილატეს პატარა გამოსახულება. იესო ქრისტეს გასამართლების დღეს, როდესაც პილატეს მეუღლე ცდილობდა, დაერწმუნებინა ქმარი, არ გამოეტანა ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენი, ქალმა ჰკითხა: „რითი გამოისყიდი დანაშაულს, თუ შენს მიერ სიკვდილმისჯილი მართლა ღვთის ძეა და არა დამნაშავე?“ პილატემ უპასუხა: „თუ იგი მართლაც ღვთის ძეა, იგი აღსდგება, და მაშინ, პირველი, რასაც მე გავაკეთებ, იქნება ის, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების აღბეჭდვას მონეტაზე, სანამ ცოცხალი ვარ“.
მონეტაზე გამოსახვა რომში უდიდეს პატივად ითვლებოდა. პილატემ თავისი პირობა შეასრულა და მართლაც აკრძალა თავისი გამოსახულების აღბეჭდვა მონეტაზე. ჰერმიდეოსის ეს ცნობა დასტურდება რომის ნუმუზმატიკიდანაც*.
სირიელი იეშუ, განთქმული თავისი სამედიცინო ხელოვნებით, პილატეს მკურნალი იყო. სახელოვან მკურნალს პილატემ დაავალა, ღამე გაეთია ქრისტეს საფლავზე შაბათ საღამოდან კვირა დილამდე თავის ხუთ თანაშემწესთან ერთად. იგი მაცხოვრის დაკრძალვის მოწმეც გახლდათ. შაბათს იგი ორჯერ იყო საფლავთან, საღამოთი კი კვლავ დაბრუნდა ღამის გასათევად. იეშუმ იცოდა წინასწარმეტყველება ქრისტეს აღდგომის შესახებ, ამიტომ ღამით ისინი მორიგეობით ფხიზლობდნენ. „ჩვენ ყველანი, - წერს იეშუ, - ვიყავით ჯანმრთელად, ფხიზლად, თავს ვგრძნობდით ჩვეულებრივად კარგად. ჩვენ არ გვქონდა არავითარი წინათგრძნობა. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შესაძლებელი იყო, გადაცვლილი გაცოცხლებულიყო, მაგრამ იგი ჭეშმარიტად აღსდგა! და ყველაფერი ეს ჩვენ ვიხილეთ საკუთარი თვალით“.
ქრისტეს აღდგომას შეესწრო ასევე სინედრიონის* წევრი, მნე, მაფერკანტი. ეს ის ადამიანი იყო, ვისი ხელიდანაც იუდამ ოცდაათი ვერცხლი მიიღო ქრისტეს გაცემისათვის. შაბათს მაფერკანტი ქრისტეს საფლავისაკენ გაეშურა, რათა დარაჯებისათვის ფული გადაეხადა და ნახა, რომ საფლავი საიმედოდ იყო დაცული. გადაუხადა ფული დარაჯებს და უკან გამობრუნდა, მაგრამ ოდნავ რომ მოშორდა საფლავს, გაისმა ქუხილი, რომლის შემდეგაც უხილავმა ძალამ საფლავის ქვა გადააგდო. უკან მობრუნებულმა მაფერკანტმა შორიდანვე შეამჩნია, თუ როგორ ნელ-ნელა გაქრა სამარის თავზე დავანებული სინათლე. ყოველივე ეს მაფერკანტს აღწერილი აქვს თავის თხზულებაში „პალესტინის მმართველთა შესახებ“.
ქრისტეს აღდგომას შეესწრო ლაბირინიოსიც თავის ჩინოვნიკებთან ერთად. მათ ცხადად დაინახეს ქვის ჩამოვარდნა, რომელიც ფარავდა სამარეს. დაინახეს არაჩვეულებრივი სინათლით მბრწყინავი ფიგურა, რომელიც მაღლდებოდა იმ ადგილზე. ლაბირინიოსი თავის თანამგზავნრებთან და დარაჯებთან ერთად გაიქცა, რომ ეს ამბავი ხელისუფლებისათვის ეცნობებინა.
*ნუმიზმატიკა -
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ძველ მონეტებს (ლითონის ფულს) და
მედლებს.
*სინედრიონი -
იუდეაში: უხუცესთა საბჭო, უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება.
იუდეველთა უმაღლესი სასამართლო.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „დედაეკლესია“
№7, 2006