
დავიწყოთ ლომით, რადგან ის ცხოველთა მეფეა, თანაც მტაცებლებში ყველაზე დიდია. კარგად რომ დანაყრდეს, ლომს 20 კილოგრამი ხორცი სჭირდება. შემდეგ ჩრდილში ისვენებს, რომ საკვები გადაამუშაოს. ამას დიდი დრო უნდა, რადგან ლომი ხორცს არ ღეჭავს, ნაჭერ-ნაჭერ გლეჯს და ისე ყლაპავს. ის ჭამს 2-3 დღეში ერთხელ.
ვეფხვიც იშვიათად და დიდხანს მიირთმევს სადილს. ამასთან, როცა ისევ მოშივდება, სანადიროდ კი არ მიდის, გადამალული ნადავლის ნარჩენებს შეექცევა.
მტაცებლებს ხშირად უწოდებენ „მძვინვარეებს“, „სისხლისმსმელებს“, მაგრამ არც მთლად ასეა. ზოგჯერ მტაცებლებს შორის მართლაც იმართება სისხლისმღვრელი შეტაკებები, მაგრამ ისინი იშვიათად მთავრდება დამარცხებული სიკვდილით. უფრო ხშირად დამარცხებული ცხოველი ღრენით ტოვებს ბრძოლის ველს და ჭრილობების მოსაშუშებლად მიდის. გამარჯვებული არ ცდილობს მის დაჭერას და არ უთვალთვალებს მას.
ცხოველებში ღორმუცელობით გარმოიჩევა თხუნელა. ჩვეულებრივ, ის მსუქანი, ნახევრად უსინათლო ცხოველია. თხუნელები ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები არიან. თუ ორი თხუნელას მიწისქვეშა გასასვლელებმა ერთმანეთი გადაკვეთა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იწყება, რომელიც ერთ-ერთის სიკვდილით მთავრდება.
თხუნელა ძალიან გაუმაძღარია. ის დღე-ღამეში იმდენს ჭამს, რამდენსაც თვითონ იწონის. ერთმა ლომმა რომ იმდენი ჭამოს, რამდენსაც იწონის, ცოტა ხანში ახლომახლო ყველა სხვა ცხოველი განადგურდებოდა. თხუნელა კი დღე და ღამე ნადირობს, რომ გემრიელად ისადილოს. მის საკვებს, ძირითადად, წარმოადგენს მატლები, ჭიაყელები, ხოჭოები. მადიანად შეექცევა ხვლიკებსაც.
გამოყენებული ლიტერატურა:
ლ. შალვაშვილი „მინდა, ყველაფერი ვიცოდე“
გამომცემლობა „შემეცნება“
თბილისი, 2005