გაზაფხულზე ფრინველები განსაკუთრებით ტკბილად იწყებენ გალობა-სიმღერას. ეს მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი საქმეა. სიმღერა მხოლოდ მამალ ფრინველებს შეუძლიათ. ამით ისინი თავიანთი ადგილსამყოფელის უხილავ საზღვარს ადგენენ. თუ ახლოს ნათესავი დაუსახლდათ, მაშინვე გაშლიან ფრთებს, მივარდებიან და გააგდებენ. სხვა ფრინველებს არ ვნებენ, რადგან ისინი სხვაგვარი საკვებით იკვებებიან და ბუდეების ასაგებადაც სხვა მასალას იყენებენ.
ფრინველები სხვა დანიშნულებითაც გალობენ. მომავალი მამა, რომელმაც ბუდისთვის ხელსაყრელი ადგილი იპოვა, წკრიალა ხმით იწყებს გალობას და უხმობს თავისი მომავალი ბარტყების დედას, თითქოს ამბობს: „მე აქ ვარ. ბუდისათვის მშვენიერი ადგილი მაქვს ნაპოვნი, აქ ბევრი საკვებია. სწრაფად მოფრინდი. ერთად ავაშენოთ ბუდე და გავზარდოთ ბარტყები“.
მომავალი დედა ჩიტი ისმენს სხვადასხვა მამრის სიმღერას და რომელიც ყველაზე მეტად მოეწონება, იმისკენ გაფრინდება.
თითოეული ფრინველი თავისებურად მღერის. მგალობელ ფრინველთა შორის ყველაზე სასიამოვნოდ ბულბული გალობს. მის გალობას არცერთი ფრინველის გალობა არ შეედრება. მოხუცი მამალი ბულბულები უკეთ გალობენ, ვიდრე ახალგაზრდა მამლები. ბულბულები ყველაზე საამურად გაზაფხულზე - მაისში - გალობენ, რადგან სამშობლოში დაბრუნებას ზეიმობენ და თავიანთ სიხარულს გამოხატავენ. თუმცა მათ გალობას სხვა მიზეზიც აქვს: თბილი ქვეყნებიდან ჯერ მამალი ბულბულები მოფრინდებიან, შემდეგ - დედლები. მამალი ბულბული თითქმის განუწყვეტლივ გალობს, რომ დაბრუნებულმა დედალმა ხმით იცნოს იგი და იპოვოს, რომ სხვა მამალს არ დაუმეგობრდეს.
მიიწურება გაზაფხული, ფრინველები თავიანთ ოჯახებს მოაწყობენ და მათი საგაზაფხულო სიმღერებიც მთავრდება. როცა ფრინველებს ბუდეში მშიერი ბარტყები ელიან, სიმღერისათვის აღარ სცალიათ. ისინი საკვების საშოვნელად დაფრინავენ. მართალია, ზაფხულობით ისმის ფრინველთა გალობა, მაგრამ ის ისე საამური არ არის, როგორც გაზაფხულზე. ეს ჩვეულებრივი ჟღურტული, ჟივჟივი და ჭიკჭიკია - ფრინველთა ყოველდღიური გადაძახილი და საუბარი.
გამოყენებული ლიტერატურა:
ლ. შალვაშვილი „მინდა, ყველაფერი ვიცოდე“
გამომცემლობა „შემეცნება“
თბილისი, 2005