ზღაპარი მეშვიდე

რა ხდებოდა თოვლის დედოფლის სასახლეში და რა მოხდა შემდეგ

სასახლის კედლები თოვლის ფიფქებისაგან იყო აგებული, კარ-ფანჯარაც მსუსხავი ყინულისა ჰქონდა. ასზე მეტი დარბაზი ნახა, ერთიმეორის მიყოლებით აზიდული, ქარბუქის ახირებით ნაგები. უდიდესი მათგანი რამდენიმე მილის სიგრძეზე იყო გაჭიმული. ყველა ოთახი და დარბაზი ჩრდილოეთის ელვარებას გაეშუქებინა. რა ცივი, ცარიელი, ყრუ და ყინულოვანი დარბაზები იყო! არასდროს იქ სიხარული არ შეიხედავდა, არავითარი სანახაობა იქ არ იმართებოდა. დათვებსაც არავინ აცეკვებდა შიგ, თორემ ქარიშხალი მქუხარე მუსიკას დაუკრავდა, თეთრი დათვები კი უკანა ფეხებით სიარულის ხელოვნებასა და სხვა ოინებს უჩვენებდნენ ხალხს. არასოდეს იმართებოდა ბანქოს თამაში, ჩხუბი და ხელჩართული ბრძოლა, არც მახვილებით და არც თათებით. ვერც ფინჯან ყავაზე თავშეყრილი მელიების ჭორაობას მოისმენდნენ. არასოდეს მსგავსი რამ არ მომხდარა. ცარიელი, ცივი და ფართო დარბაზები ჰქონდა თოვლის დედოფალს. ჩრდილოეთის ციალის შუქი ისე ციმციმებდა, რომ იოლად გაარჩევდით, როდის აგიზგიზდებოდა, როდის ჩაქრებოდა.

ამ ცარიელ, უსასრულო თოვლის დარბაზებში ერთი გაყინული ტბა იყო. ათასობით ნამცეცად დამსკდარი. მაგრამ ყოველი ნამცეცი ისე ჰგავდა ერთმანეთს, ხელოვნების სრულყოფილი ნაწარმოები გეგონებოდათ. როცა შინ იყო, თოვლის დედოფალი ამ ტბის შუაგულში იჯდა. გონების სარკეს, ყველაზე უფრო სრულყოფილ სარკეს უწოდებდა მას.

პატარა კაი სიცივისაგან გალურჯებულიყო, თითქმის გაშავებულიყო კიდეც, მაგრამ ამას ვერ ამჩნევდა, რადგან თოვლის დედოფალმა სიცივის შიში კოცნით ჩაუკლა და ყმაწვილი გული ახლა ყინულის თოშსა ჰგავდა. ბავშვი ყინულის გამჭვირვალე ნატეხებს მოაგორებდა, რაღაცას ჯახირობდა, ყველანაირი ხერხით აწყობდა ერთმანეთზე, უნდოდა, რაღაც გამოეყვანა. მისი აზრით, ეს ძალიან თავშესაქცევი და მნიშვნელოვანი საქმე იყო, რადგანაც თვალში ისეთი სარკის ნამცეცი ჰქონდა, რომ უკუღმართიც წაღმართად ეჩვენებოდა. არის ერთგვარი თამაში, რასაც „ჩინური თავსატეხი“ ეწოდება: პატარა დაფებს ადებენ ერთმანეთზე და ნაირნაირი ფიგურები გამოჰყავთ. კაიც ასეთ ფიგურებს აკეთებდა, ოღონდ ყინულისაგან, და ამას „ყინულის თავსატეხს“ ეძახდა. ისეთი რა უნდა გამოსვლოდა, თუმცა თვითონ დიდი რამე ეგონა, რადგან თვალში აკი ეშმაკის სარკის ნამცეცი ედო. უკეთეს ნატეხებს არჩევდა, მაგრამ ვერ იქნა, ის სიტყვა ვერ გამოიყვანა, რაც მას უნდოდა: „მარადისობა“. თოვლის დედოფალმა უთხრა: თუ ამ ფიგურას გამოიყვან, შენი თავის ბატონი შენ თვითონ იქნები. მთელს ქვეყნიერებასა და კარგ თხილამურებს გაჩუქებო. მაგრამ კაი ვერაფერს გახდა.

- ახლა თბილ ქვეყნებში გავფრინდები, - თქვა თოვლის დედოფალმა, - და შავ ქვაბებში ჩავიხედავ, - შავ ქვაბებს ცეცხლის მფრქვეველ ვულკანებს – ვეზუვსა და ეტნას ეძახდა, - თოვლს დავაყრი და ცოტას შევათეთრებ. ლიმონსა და მანდარინს უხდება, თოვლი რომ დაეფინება. – თქვა და გაფრინდა. კაი გაყინულ დარბაზებში მარტოდმარტო დარჩა. ყინულის ნატეხებსა და ლოლოებს აკვირდებოდა. იმდენი იფიქრა, იმდენი იფიქრა, რომ თავი ასტკივდა. უძრავად და საცოდავად იჯდა ერთ ადგილზე. კაცი იფიარებდა, გაიყინა ეს ბიჭიო.

სწორედ ამ დროს ყინულის დიდ, ცივ დარბაზში გერდა შემოვიდა. კაი რომ დაინახა, მივარდა, კისერზე მოეხვია, მთელი ძალით ჩაეკრა და შესძახა:

- კაი, საყვარელო პატარა კაი! როგორც იქნა, გიპოვე!

ბიჭი კი იჯდა უძრავად, ცივი და გამოთაყვანებული. გერდა ატირდა, მდუღარე ცრემლით ულბობდა გულ-მკერდს და ეფერებოდა. ცრემლი ჩავიდა მკერდში, ჩავიდა გულში, გაალღო ყინული და გაადნო სარკის ნატეცი. კაიმ გერდას შეხედა. გოგონამ სიმღერა დაიწყო:

„ვარდები ყვავიან და ჭკნებიან,

ჩვენ კი ჩვილი იესო უნდა ვნახოთ“.

ნაცნობი სიმღერა რომ გაიგონა, კაი ისე მწარედ ატირდა, სულ ცრემლად დაიღვარა. იმდენი იტირა, იმდენი იტირა, თვალში სარკის ნამცეცი გადნა, ცრემლს ჩამოჰყვა. ახლა კი იცნო გერდა, თავისი დობილი და შესძახა:

გერდა! ჩემო პატარა გერდა! სად იყავი აქამდე? მე თვითონ სად ვიყავი? – გარშემო მიმოიხედა: - როგორ ცივა აქ! რა სიცარიელეა!

გერდას მაგრად მოხვია ხელები. სიხარულისაგან ორივენი ტიროდნენ. პატარების მხიარულებას რომ უყურებდნენ, გარშემო ყინულის ნატეხებიც სიხარულისაგან ფერხულს უვლიდნენ. მერე კი, როცა ცეკვით დაიღალნენ და ძირს დალაგდნენ, მათგან სწორედ ის სიტყვა გამოვიდა - „მარადისობა“. თოვლის დედოფალმა სწორედ ეს უთხრა: თუ ამ სიტყვას ააწყობ, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი გახდებიო, მაშინ მთელს ქვეყნიერებას და კარგ თხილამურებს გაჩუქებო.

გერდამ კაის გალურჯებული ლოყები დაუკოცნა და ყმაწვილს ისევ ქორფა ვარდისფერი ლოყები გაუხდა. დაუკოცნა თვალები და მისი თვალებივით აუციმციმა; დაუკოცნა ხელები და ფეხები – ყმაწვილს ხელ-ფეხი ისევ გაუთბა და ღონე მიეცა. ახლა შეეძლოთ შინ დაბრუნება. თოვლის დედოფლის დაპირება იქვე ეწერა ყინულის ნატეხზე. კაი და გერდა ხელიხელჩაკიდებულები გამოვიდნენ დიდი სასახლიდან. გაახსენდათ ბებია, თავიანთი სხვენის ოთახები და ვარდები. როცა გარეთ გამოვიდნენ, ქარი აღარ ჰქროდა, მზე ჩახჩახებდა, წითელკენკრიან ბუჩქთან კი ირემი იდგა და ელოდათ. იქვე მეორე ირემიც იდგა. ჯიქანი რძით ჰქონდა სავსე, პატარებს აჭამა და ლოყები დაუკოცნა. შემდეგ ზურგზე შეისვეს და ჯერ ფინელთან მიიყვანეს, სადაც გათბნენ და გზის გაგრძელება შეძლეს, იქიდან კი ლაპლანდიელ ქალთან გაეშურნენ. დიასახლისმა კაის და გერდას თავისი ხელით შეკერილი ახალი ტანისამოსი ჩააცვა, შემდეგ მარხილი შეაკეთა და იმით გააცილა.

ირმებმა ქვეყნის საზღვრამდე ირბინეს; იქ კი, სადაც პირველი სიმწვანე გამოჩნდა, ყმაწვილები კეთილ ირმებსა და ლაპლანდიელ ქალს დაემშვიდობენ. „გზა მშვიდობისა! ნახვამდის!“ – ემშვიდობებოდნენ ყველანი. ჩიტებმა გალობა დაიწყეს, პირველი კვირტები იშლებოდა და გერდამ ნახა ნაცნობი ცხენი, რომლითაც პატარა გოგონა შეეგება. ეს ის ცხენი იყო, გერდას ეტლიდან ყაჩაღებმა რომ გამოხსნეს. მხედარ გოგოს წითელი ქუდი ეხურა და ქამარში დამბაჩები გაერჭო. ეს იყო ყაჩაღი გოგო. შინ მოსწყენოდა, ჩრდილოეთის ქვეყნებში გასეირნება განეზრახა და თუ გული გაუწევდა, შემდეგ სხვა მხარეებსაც მოივლიდა. გერდა მაშინვე იცნო, გერდამაც იცნო, ორივემ გულით გაიხარა.

- შენც ერთი კარგი ვინმე ყოფილხარ, მაწანწალავ! – გაუწყრა კაის ყაჩაღი გოგო. – მინდოდა მენახე, ღირდი თუ არა იმად, რომ შენი გულისათვის ადამიანმა ქვეყნის კიდემდე ირბინოს.

გერდამ კი ლოყებზე ხელი მოუსვა, პრინცისა და პრინცესას ამბავი ჰკითხა.

- უცხო ქვეყნებში წავიდნენ, - უთხრა ყაჩაღმა გოგომ.

- ყვავიც? – ჰკითხა გერდამ.

- არა, გარეული ყვავი მოკვდა, - მიუგო ყაჩაღმა გოგომ. – შინაური ყვავი დაქვრივდა, ფეხზე შავი ძენძი უკეთია და თავის ბედს მისტირის. მაგრამ ეგ არაფერი. სჯობს მიამბო, რა გადაგხდა თავს და როგორ იპოვე კაი.

კაიმ და გერდამ ყველაფერი უამბეს.

- სნიპ-სნაპ-შნურე-ბაზელურე! ყველაფერი კარგად დასრულდა! – თქვა ყაჩაღმა გოგომ, ტოლებს დაჰპირდა, გინახულებთ, თუ ქალაქში ჩამოსვლა მომიხდაო. მერე კი ცხენს წკეპლა გადაჰკრა და სასეირნოდ გაჰქუსლა. კაიმ და გერდამ შინისაკენ გასწიეს. ჩინებული გაზაფხული იდგა, არემარე იფურჩქნებოდა, ველ-მინდორზე ბალახი ბიბინებდა, ზარების გუგუნი ისმოდა. პატარებმა მშობლიური დიდი ქალაქი და ტაძრების მაღალი სამრეკლოები დაინახეს, რომლებიც ზარების მხიარული წკრიალით შეეგებნენ პატარებს. ბებიასაკენ გასწიეს, კიბე აიარეს და ოთახში შევიდნენ. ყველაფერი ისევ ისე იყო. საათიც ისევ წიკწიკებდა: ტიკ-ტაკ! ისრები წინ მიდიოდნენ. მაგრამ კარებში შესვლისას შეამჩნიეს, რომ გაზრდილიყვნენ. ვარდები ძველებურად იფურჩქნებოდა და სარკმლიდან იჭყიტებოდა. პატარა სკამებიც იქვე იდგა. ერთი აქეთ, მეორე იქით. კაი და გერდა თავიანთ ადგილებზე დასხდნენ და ხელი ხელს ჩაჰკიდეს. თოვლის დედოფლის ცივი, უკაცრიელი სამყოფელი საშინელი სიზმარივით დაივიწყეს. ბებია მზეს მიფიცხებოდა და ბიბლიას კითხულობდა: „თუ არ იქნებით ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“. კაიმ და გედამ თვალებში ჩახედეს ერთმანეთს და ერთბაშად მიხვდნენ ძველი სიმღერის აზრს:

„ვარდები ყვავიან და ჭკნებიან,

ჩვენ კი ჩვილი იესო უნდა ვნახოთ...“

ასე ისხდნენ, უკვე გაზრდილები, მაგრამ გულით ბავშვები. ზაფხული იდგა, თბილი, მშვენიერი ზაფხული.