ერთი ღარიბული ქოხის წინ შეჩერდნენ. ძალიან უბრალო ქოხი იყო. სახურავი მიწამდე სწვდებოდა, კარი კი ისე დაბალზე ჰქონდა, კაცი ფორთხვით თუ შეძვრებოდა შიგ. ქოხში ერთი ლაპლანდიელი დედაბერი აღმოჩნდა, სხვა არავინ. ქონის ჭრაქი ენთო და მის შუქზე თევზს ხარშავდა. ჩრდილოეთის ირემმა ჯერ თავისი ამბავი უამბო, მერე გერდას თავგადასავალი, რადგან თავისი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ეგონა. გერდა ისე იყო გაყინული, რომ თვითონ ლაპარაკის თავიც აღარა ჰქონდა.
- ოჰ, შე საცოდავო! – უთხრა ლაპლანდიელმა დედაბერმა. – რამოდენა გზა გამოგირბენიათ! ფინეთამდე ასი მილი კიდევა გაქვთ გასავლელი. თოვლის დედოფალი იქ ცხოვრობს და ყოველ საღამოს ბენგალურ ცეცხლს ანთებს. რამდენიმე სიტყვას წაგიწერთ გამხმარ ვირთევზაზე, რადგან ქაღალდი არა მქვს და ფინელ ქალთან გაგატანთ. ის ქალი ჩემზე კარგად დაგეხმარებათო.
როცა გერდა გათბა, ჭამა და დაისვენა, ქალმა მართლაც დაწერა ვირთევზაზე რამდენიმე სიტყვა, გოგონას უთხრა, არ დაგეკარგოსო, მერე ისევ დააბა ირემზე და გაუშვა.
ირემი სწრაფად მოწყდა მიწას და ქარივით გაფრინდა ჩრდილოეთისაკენ. კი არ მირბოდა, მიფრინავდა. მთელი ღამე გზას უნათებდათ ჩრდილოეთის ციალია მოლივლივე შუქი. ბოლოს ფინეთში ჩააღწიეს და ფინელ ქალს საკვამურზე დაუკაკუნეს, რადგან მის სახლს კარი არ ჰქონდა. შიგნით ისე ცხელოდა, რომ ფინელი ქალი თითქმის ტიტველა დადიოდა. გერდას მაშინვე გახადა ტანისამოსი, ხელთათმანები და ფეხსაცმელი: დაგცხებაო. ირემს თავზე ყინულის თოში დაადო და ვირთევზა აიღო, ნაწერი წაიკითხა. ჯერ სამჯერ წაიკითხა, მერე ზეპირადაც ისწავლა, თევზი კი მოხარშა. ზეპირად იმისთვის შეისწავლა, რომ არ დავიწყებოდა, რადგან თევზი ხომ უნდა შეეჭამათ! ახლა ირემმა ისევ უამბო ჯერ თავისი, მერე კი გერდას ამბავი. ფინელი ქალი ჭკვიან თვალებს ნაბავდა, თქმით კი არაფერს ამბობდა.
- შენ ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ, - უთხრა ირემმა, - შეგიძლია ოთხივე ქარი ერთი ძაფით შეკრა. თუ მეხომალდე ერთ ძაფს გახსნის, კეთილი ქარი დაჰქროლებს. თუ მეორეს გახსნის, უფრო მკაცრი ქარი ამოვარდება. ხოლო თუ მესამეს და მეოთხესაც გახსნის, მაშინ ისეთი ქარიშხალი ატყდება, რომ ტყეში ხეებს შეარყევს და მიწაზე დააწვენს. ამ გოგონას ისეთ სასმელს ხომ ვერ დაუსხამ, რომ თორმეტი მამაკაცის ღონე მიეცეს? მაშინ თოვლის დედოფალს მოერევა.
- თორმეტი მამაკაცის ღონე? – ჰკითხა ფინელმა ქალმა. – ჰო, თორმეტი ბუმბერაზის ღონე მართლაც გამოადგებოდა.
მერე ერთ თაროსთან მივიდა, დახვაული ტყავი აიღო, გაშალა. ტყავზე უცნაური ასოები იყო გამოყვანილი, ფინელი ქალი ისეთი გაჭირვებით კითხულობდა, რომ შუბლიდან ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა.
ირემმა ისევ სთხოვა, გოგონას უშველეო, თვითონ გერდაც ისეთი ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა, რომ ფინელმა ქალმაც სიხარულით შეხედა, გაინაბა და თვალები დაახამხამა. ირემი კუთხეში მიიყვანა, თავზე ყინულის თოში ააცალა და წასჩურჩულა:
- პატარა კაი ნამდვილად თოვლის დედოფალთანაა; ყველაფერი ყელამდე აქვს. რაც უნდა, იმას აკეთებს და ჰგონია, ამისთანა ადგილი დედამიწის ზურგზე არსადააო. მაგრამ ასე იმიტომ ფიქრობს, რომ გულში ჯადოსნური სარკის ნატეხი ჩაუვარდა, თვალში კი – იმავე სარკის ნამცეცი. ჯერ ეს უნდა მოიშოროს, თორემ ისე ადამიანი აღარასოდეს იქნება და თოვლის დედოფლის კლანჭებსაც თავს ვერ დააღწევსო.
- მერე შენ გერდას ისეთს ვერაფერს მისცემ, რომ თოვლის დედოფალს აჯობოს და კაი დაიბრუნოს?
- ვერა, იმაზე დიდ ძალაუფლებას ვეღარ მივცემ, რაც მას თვითონ აქვს. ხედავ, რა დიდია უკვე? ხედავ, როგორ ემსახურებიან ადამიანები და მხეცები, როგორ გაიარა ფეხშიშველამ ასეთი შორეული და სახიფათო გზები? ჩვენ ასეთი რა ღონე უნდა მივცეთ? მას თვითონვე აქვს გულში ძალა, მისი ძლიერება იმაშია, რომ საყვარელი, უმანკო ბავშვია. თუ თვითონ ვერ შეაღწია თოვლის დედოფლის სასახლეში და ვერ ამოაცალა კაის გულიდან და თვალებიდან სარკის ნამსხვრევები, ჩვენ ვეღარაფერს ვუშველით. აქედან ორ მილზე თოვლის დედოფლის ბაღი იწყება. წაიყვანე იქ, დასვი დიდ ბუჩქთან, თოვლში რომ დგას და წითელი კენკრა ასხია. მიიყვან თუ არა, მაშინვე უკან გამობრუნდი.
ფინელმა ქალმა გერდა ასწია, ირემზე შესვა და იმანაც დავალების შესრულება არ დააყოვნა. დაჰკრა ფეხი და გაფრინდა.
- ოჰ, სადაა ჩემი ჩექმები! სადა მაქვს ხელთათმანები! – შეწუხდა გერდა. საწყალ გოგონას ახლა მოაგონდა თბილი სამოსელი, როცა ყინვამ მოუჭირა. მაგრამ ირემი შეჩერებას ვეღარ ბედავდა. მიჰქროდა და მანამდე არ გაჩერებულა, სანამ იმ ბუჩქთან არ მიიყვანა, წითელი კენკრა რომ ესხა. იქ გოგონა დასვა, პირი დაუკოცნა და ყბაზე ცრემლები დაუგორდა. მერე ქარივით გაბრუნდა უკან. იდგა საბრალო გერდა თოვლში ფეხშიშველი, უხელთათმნო ცივი, ქარიანი, ყინულოვანი ფინეთის შუაგულში. მერე გაიქცა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა; ფანტელების მთელი ათასეული უტევდა, მაგრამ ციდან კი არ ცვიოდნენ. ცა მოწმენდილი იყო და ჩრდილოეთის ციალი არე-მარეს მზესავით ანათებდა. არა, ფანტელები მიწიდან მოფრინავდნენ, მოახლოებისას იზრდებოდნენ და გერდას გაახსენდა, რა დიდები ეჩვენებოდა ფანტელები ლინზაში. მაგრამ ახლა კიდევ უფრო დიდნი და საშიშნი გამხდარიყვნენ. გაცოცხლებულიყვნენ, თოვლის დედოფლის ჯარისკაცებად ქცეულიყვნენ, საოცარი სახეები მიეღოთ: ზოგი ზღარბსა ჰგავდა, ზოგი კიდევ დაგორგლილი ასპიტები გეგონებოდათ. ზოგს პატარა, თმახუჭუჭა ბელის სახე ჰქონდა. ყველანი კი თეთრი, ქათქათა თოვლის ფანტელები იყვნენ. პატარა გერდა საუფლო ლოცვას იმეორებდა: „მამაო ჩვენო...“ ისე ძლიერ ყინავდა, გერდა საკუთარ სუნთქვას ხედავდა, სიტყვების წარმოთქმისას ორთქლის სახით რომ გამოდიოდა პირიდან. გოგონა კვლავაც და კვლავაც განაგრძობდა ლოცვას. ორთქლი იზრდებოდა, სანამ ანგელოზების ფორმა არ მიიღო, რომლებიც მიწასთან შეხებისას დიდდებოდნენ. ყველა მათგანს თავზე ჩაფხუტები ეკეთათ, ხელთ კი ხმლები და ფარები ეპყრათ. მათი რიცხვი იზრდებოდა და იზრდებოდა. და როცა გერდა ლოცვას მორჩა, მის ირგვლივ ანგელოზთა მთელი არმია იდგა. ისინი საზარელ ფიფქებს უტევდნენ, ნამცეცებად აქცევდნენ და პატარა გერდას გზას უკაფავდნენ. ისიც გაბედულად და უსაფრთხოდ მიიწევდა წინ. ანგელოზები გერდას ხელებსა და ფეხებს შეეხნენ და ისიც აღარ გრძნობდა სიცივეს. გოგონა თოვლის დედოფლის სასახლისაკენ მიიჩქაროდა.
ახლა კი ვნახოთ, რას აკეთებდა ამ დროს კაი. რა თქმა უნდა, ის ახლა სულაც არ ფიქრობდა გერდაზე და ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი დობილი თოვლის დედოფლის სასახლის ეზოში იქნებოდა.