ჰანს ქრისტიან ანდერსენი

თოვლის დედოფალი

ზღაპარი პირველი

სარკისა და ნამსხვრევების ამბავი

ბარემ დავიწყოთ. როდესაც ამბავს ბოლომდე მივყვებით, უფრო მეტი გვეცოდინება, ვიდრე ახლა ვიცით.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავი სული, სახელად კობოლდი ერქვა. ყველაზე ცუდი სი გახლავთ, რომ ეს იყო თვითონ ეშმაკი. ერთხელ კარგ გუნებაზე დადგა და უცნაური სარკე გააკეთა. ამ ჯადოსნურ სარკეში ყველაფერი კარგი და მშვენიერი მახინჯად და უკუღმართად გამოჩნდებოდა, ხოლო უსარგებლო და უსახური კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, მოკლედ, ვინც ამ სარკეში ჩაიხედავდა, გული შეუღონდებოდა.

მშვენიერი არე-მარე მოხარშული ისპანახი გეგონებოდათ, სილამაზით გამორჩეული ადამიანები კი უშნოდ იღრიჭებოდნენ, ტანი არა ჰქონდათ, ან კიდევ თავდაყირა იდგნენ. სახეები ისე მოეშლებოდათ, ვეღარ იცნობდით, ხოლო თუ სადმე პატარა ჭორფლი ჰქონდათ, შავ ლაქად გამოჩნდებოდა. რა თავშესაქცევი რამე გამომივიდაო, ფიქრობდა ეშმაკი. თუ ვინმეს კარგი სახელი გაუვარდებოდა, ეშმაკი ამ სარკეს მოიშველიებდა, ადამიანებს შნოსა და ლაზათს დაუკარგავდა, მერე კი თავის ბოროტ ხელოვნებაზე თვითონვე იცინოდა.

ეშმაკს კობოლდის სკოლაც ჰქონდა. ამ სკოლის მოწაფეები ყველგან დაძვრებოდნენ და ხალხს მოუთხრობდნენ, სასწაული მოხდაო. ერთი შეხედვით, რანაირია სინამდვილეში ბუნება და რა უსახური ყოფილა ადამიანი, თავი რომ დიდი რამე ჰგონიაო. ასე ლაპარაკობდნენ, ეშმაკის სარკეს დააქროლებდნენ აღმა-დაღმა და ბოლოს ქვეყნიერებაზე ერთი კუთხეც არ დარჩენილა ისეთი, ადამიანთა სახე რომ არ გაემრუდებინათ. ახლა ანგელოზების სანახავად ცაში ასვლაც განიზრახეს. აფრინდნენ კიდეც. იფრინეს, იფრინეს და ღრუბლებს გაუსწორდნენ. უეცრად მრუდე სარკე შეცახცახდა, ხელიდან დაუცურდათ. დაბლა დაეშვა, დედამიწაზე დაეცა და მილიონ ნაწილად დაიმსხვრა. ეს უფრო დიდი უბედურება იყო, რადგან თითოეული ნამცეცი ქვიშის მარცვლისოდენა იყო. მთელს ქვეყნიერებაზე მტვერივით გაიფანტა და ვისაც თვალში მოხვდებოდა, შიგვე რჩებოდა. ვისაც თვალში ეშმაკის სარკის ნამუსრევი ჩარჩებოდა, ყველაფერს უკუღმა ხედავდა, ყველაფერი მრუდედ და მახინჯად ეჩვენებოდა, ყოველ საქმეში მხოლოდ ცუდსა და ურიგოს ამჩნევდა, კარგს კი არაფერს, რადგან ყოველი ნამცეცი იმავე თვისებას ინარჩუნებდა, რაც დიდ სარკეს ჰქონდა. ზოგიერთი ნამცეცი სისხლს გაჰყვა და ადამიანების გულშიც კი მოხვდა. ეს დიდი უბედურება იყო. ასეთ კაცს მკერდში გინდ გული ჰქონოდა, გინდ შავი ქვა.

ზოგიერთი ნატეხი ისეთი დიდი იყო, რომ ფანჯრებში მინებად ჩასვეს, ოღონდ ასეთი ფანჯრიდან მეგობრის დანახვა სასურველი არ იყო. ზოგი ნამუსრევი სათვალის მინად გამოიყენეს, მაგრამ ვაი მას, ვინც ასეთ სათვალეს გაიკეთებდა. სწორედ და კარგად დაინახავდა კი არა, ყველაფერი აღმა მიდიოდა. ბოროტი სული იცინოდა, მუცელი ხელით ეჭირა. ძალიან სიამოვნებდა ადამიანების ტანჯვა-წვალება. დანარჩენი ნამცეცები ჰაერში ტრიალებდნენ და ახალ-ახალ მსხვერპლს დაეძებდნენ. მოითმინეთ, ჯერ სადა ხართ!