იყო და არა იყო რა, ამ დალოცვილ დედამიწაზე ვინღა არ გაჩენილა და არ ყოფილა და მათ შორის მაიმუნიც. მაიმუნი კი, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, როგორი მეტიჩარა და ცნობისმოყვარეც არის. ჰოდა, იყო სწორედ ერთი ასეთი მაიმუნი, ისეთი აბეზარი და მეტიჩარა, რომ საცა არ ეკითხებოდა, ყველგან ცხვირს წაჰყოფდა, ყველაფერს ჩხრეკდა და სუნავდა.
ერთხელ, ასე უთავბოლო ხეტიალისას, ერთ ადგილს აკოკოლებული ქვები დაინახა და
თვალები დააჭყიტა, - აქ რაღაც განძი უნდა იყოსო, იფიქრა და ქვების გადმოლაგება
დაიწყო. ქვების ქვეშ დიდი ხვრელი აღმოჩნდა, მაიმუნმა იფიქრა, ამ ხვრელში შეიძლება
რამე სასუსნავი ინახებოდესო და თავისი შავი თათი შეყო. უცებ ხვრელიდან გაჯავრებული
სისინი მოესმა და ერთი უშველებელი გველი გამოცოცდა. გველი დიდი ხნის წინათ ჩაექოლა
ხალხს და სახსრები დახუთული ჰქონდა, მაგრამ რაკი თავისუფლად განძრევის ნება მიეცა,
ტანი საჩქაროდ გაშალა, გაიმართა და მადლობის მაგიერ მაიმუნს შეჭმა დაუპირა.
მაიმუნი ახლა კი მიხვდა თავის შეცდომას და მწარედ ინანა, - არა, შე ოხერო ჩემო თავო, რას ეძებდი, რომელი ერბოს ქილები გქონდა აქ ჩადგმული, რომ ამ უზარმაზარ ქვებს ეჭიდებოდიო, - უსაყვედურა თავის თავს, მერე დაუჩოქა გველს და შეევედრა:
- მომიტევეთ შეცოდებანი ჩემნი, ღირსეულად პატივსაცემო ბატონო გველეშაპო, არ ვიცოდი, რომ აქ ბრძანდებოდით, თორემ როგორ გავბედავდი ქვებისთვის ხელის ხლებას და თქვენი მყუდროების დარღვევასო!
მაგრამ გველი რის გველიღა იქნებოდა, თუ მაიმუნის თხოვნას შეიწყნარებდა.
- როგორ თუ გაპატიო? - დაუსისინა ბოროტად და კისერი უფრო შემართა, - არ იცი, რომ
ჩემი შეშფოთება და ძილის დაფრთხობა მხოლოდ სიკვდილით გამოისყიდებაო? მაიმუნი
ხედავდა, რომ ხსნა აღარ იყო და აკანკალებული აქეთ-იქით იყურებოდა, იქნება მშველელი
ვინმე გამოჩნდესო. უცებ ბედად ტყიდან ერთი მელა გამოცუნცულდა, მსუქანი ბატით იყო
გამაძღარი და გულდაარხეინებული თავისთვის მოღიღინებდა. მაიმუნმა რომ დაინახა, ცოტა
იმედი მოეცა და გველს მოახსენა:
- წესი არ არის გაუსამართლებლად დასჯა, აგე, პატიოსანი მსაჯული მოდის და მოვიწვიოთ საქმის გასარჩევად, არც ჩემიანია, არც თქვენიანი და სამართალს მიუკერძოებლად გაგვიჩენსო.
- კარგი, თანახმა ვარ, - უთხრა გველმა, - მაგრამ იცოდე, რასაც მე გეუბნები, ისიც იმასვე გადაგიწყვეტსო.
- გადამიწყვეტს და სამართალს სად წაუვალო, - მიუგო მაიმუნმა და მელას გასძახა: - პატიოსანო კაცო, ერთი წუთით შეჩერდი და სამართალი გვიყავიო.
- რაშია საქმე, რას უჩივით ერთმანეთსო? - ჰკითხა მელამ.
გველმა და მაიმუნმა თავ-თავიანთი საჩივარი მოახსენეს.
მელა გველის მოდგმაზე თვითონაც ნაწყენი იყო და ახლა უზომოდ გაუხარდა, რომ სამაგიეროს გადახდის საშუალება მიეცა. ულვაშებში ცბიერად ჩაიცინა და სანამ საქმის განსჯას შეუდგებოდა, სამხილის საფუძვლიანი გაცნობა მოითხოვა.
- ბატონებო, - მიმართა მედიდურად, - მე თუ ჩემი თვალით არ ვნახე, თავიდან რა
მოხდა და რამ გამოიწვია თქვენი მტრობა, ისე საქმეს სამართლიანად ვერ განვსჯი,
ამისათვის საჭიროა, რომ მომჩივანი ცოტა ხნით ისევ თავის ხვრელში შებრძანდეს, ხოლო
მოპასუხე გაისარჯოს, ეს ქვები, როგორც იყო, ისევ ისე ააკოკოლოს და მერე ახლიდან
გადმოალაგოს, ესე იგი, გაიმეოროს ის, რაც თავდაპირველად მოიმოქმედაო.
გველს მოეწონა მსაჯულის ასეთი კეთილგონიერება და, დარწმუნებული, რომ მართალი თვითონ გამოვიდოდა, უყოყმანოდ ჩაიკრიფა თავის სოროში. მაიმუნმაც თვალის დახამხამებაში ააკოკოლა ქვები და მელიას ჰკითხა, - ახლა რაღა ვქნაო?
- ახლა მოუსვი აქედან და უკან აღარ მოიხედო, - უთხრა მელამ, და ამის შემდეგ იცოდე, სადაც არაფერი გესაქმება, იქ ცხვირს ნუ ჩაჰყოფო. - ხოლო გველს კი ჩასძახა: - რაკი შენ ვერ გაიგე და ვერ დააფასე, რომ მაიმუნმა თავისი სისულელით ტყვეობიდან დაგიხნსა და თავისუფლება მოგანიჭა, ახლა იჯექი მანდ და თუნდა საუკუნო ძილით დაიძინეო. - გამოემშვიდობა მაიმუნს და თავის სოროსაკენ წაცუნცულდა, რომ გამაძღარს ერთი კარგად დაესვენა და გამოეძინა.
მაიმუნიც კმაყოფილი და გახარებული გაუდგა თავის გზას, მაგრამ იმ დღიდან ხვრელის შიში დასჩემდა და დედამიწიდან სამუდამო საცხოვრებლად ხეზე გადაინაცვლა.
ჭირი - იქა, ლხინი - აქა,
ქატო - იქა, ფქვილი - აქა.