თამარ (თამრი) ფხაკაძე

ოქროს თევზი და თუთიყუში

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოწყენილი და წუწუნა ქალი. საქმის კეთება არ უყვარდა, იჯდა მთელი Dდღეები უსაქმურად და ოხრავდა:

- უჰ, რა მოწყენილი ვარ! ოჰ, რა მოწყენილი ვარ! ვაი, რა ვქნა! უი, რა ვქნა!

იმ წუწუნა ქალს სახლში ოქროს თევზი და ჭრელი თუთიყუში ჰყავდა. თევზი აქვარიუმში იჯდა, თუთიყუში - გალიაში.

მივარდებოდა ხოლმე წუწუნა ქალი ხან ერთს და ხან მეორეს და უყვიროდა:

- ვერ ხედავთ, რა მოწყენილი ვარ?! გამამხიარულეთ! იმღერეთ, იცეკვეთ, გამართეთ!

თუთიყუში და თევზი რაც შეეძლოთ, ცდილობდნენ წუწუნა ქალის გამხიარულებას, მაგრამ იმას არა და არ ჰყოფნიდა გართობა! ცხვირ-პირი მაინც ჩამოსტიროდა!

ერთ საღამოს წუწუნა ქალს მოწყენილობისაგან სავარძელში ჩაეძინა. ჰოდა, თუთიყუშმა თევზს გადაულაპარაკა:

- ჰეი, თევზო! რრრას ფიქრრრობ! ხომ არრრ გავიპარრროთ?

თევზს ეს აზრი ძალიან მოეწონა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ხომ იცი, რა ჩუმი და უთქმელია!

თუთიყუშმა კი განაგრძო:

- ყურრრრი მიგდე, მეგობარრრრო! ფანჯარრრრა ღიაა, ხელს არრრრაფერრრრი გვიშლის!! გავფრრრრინდეთ!

თევზს ძალიან გაეხარდა, მაგრამ თქმით ისევ არაფერი უთქვამს. ასეა, ზოგს ძალიანაც უხარია რაღაც, მაგრამ ვერ შეატყობ!

თუთიყუშმა გალიის კარი ბრჭყალებით გააღო და გამოფრინდა. მერე ოქროს თევზს კუდში ნისკარტი ფრთხილად ჩაავლო და ფრრრრ!! - ღია ფანჯრიდან პირდაპირ ცაში აიჭრა!

ოქროს თევზს ძალიან, ძალიან აინტერესებდა, საით მიფრინავდნენ, მაგრამ ხომ იცი, რა ჩუმია?! თქმით არაფერს იტყვის!

გადაიფრინეს ტყეები, მთები, მდინარეები, სოფლები და ქალაქები. ბოლოს უზარმაზარი, ლურჯი ოკეანე გამოჩნდა!

თუთიყუშმა ვეღარ მოითმინა და დასძახა:

- რრრრა კარრრრრრგია! მალე აფრრრრრიკაში ჩავფრრრრრინდებით!

მაგრამ, პირი დააღო თუ არა, თევზი გადმოუვარდა და პირდაპირ ოკეანეში მოადინა ტყაპანი!

ოჰ, როგორ გაიხარა ჩვენმა ოქროს თევზმა, რომ იცოდე! ოკეანე ხომ მისი სამშობლო იყო?! ნათესავიც ბევრი ჰყავდა იქ და მეგობარიც!

მოიქნია კუდი და გაცურდა!

თუთიყუში კი პირდაპირ აფრიკისკენ გაფრინდა და სულ მალე ჩაფრინდა კიდეც!

ოჰ, როგორ გაიხარა, რომ იცოდე! აფრიკა ხომ მისი სამშობლო იყო? ნათესავიც ბევრი ჰყავდა იქ და მეგობარიც!

შემოჯდა პალმაზე და ამღერდა!

წუწუნა ქალმა რომ გაიღვიძა, ცარიელი გალია და ცარიელი აქვარიუმი დაინახა! აბა, გამოიცანი, რა ქნა?

ჩამოუშვა ცხვირი და აწუწუნდა:

- ვაი, რა მოწყენილი ვარ! ვუი, რა უბედური ვარ!...

ახლაც ზის და წუწუნებს.

ოქროს თევზი ოკეანეში სულ მალე დაქორწინდა ერთ ულამაზეს ვერცხლის თევზზე. მშვენიერი ლიფსიტებიც ჰყავთ: ოქროსფერები, ვერცხლისფერი კოპლებით.

თუთიყუში კი სწორედ ახლა აპირებს დაქორწინებას. მგონი, ქორწილშიც დამპატიჟებს!

ტკბილად დაიძინე, პატარავ! ვინ იცის, იქნებ აფრიკა დაგესიზმროს!