თამარ (თამრი) ფხაკაძე

მედუზა და ფისო-კატა

ზღვის ნაპირზე ერთი ბებერი მებადური ცხოვრობდა. მთელ დღეს ზღვაში ატარებდა. თევზაობდა და თევზაობდა, არ ეზარებოდა.

საუზმედაც თევზი ჰქონდა, სადილადაც და ვახშმადაც, მაგრამ არ ბეზრდებოდა. ძალიან უყვარდა თევზი.

მებადურს ერთი კატა ჰყავდა. მოფერებით ფისო-კატას უძახდა და ძალიან ანებივრებდა. ყველაზე მსუქან თვზს იმას აჭმევდა და საღამოობით ეთამაშებოდა კიდეც.

ცხოვრობდნენ მებადური და ფისო-კატა მხიარულად და უდარდელად.

მაგრამ ერთხელ, მებადური ზღვაში ორი დღე დარჩა და ფისო-კატამ ძალიან მოიწყინა.

აღარ იცოდა, თავი რითი გაერთო.

ხან მაგიდაზე შეხტა და ჩამოხტა, ხან თაგვს გაეკიდა, ხან ბადის საქსოვი თოკის მორგვი აგორავა...

ვერა და ვერ გამხიარულდა. გამოვიდა ფისო-კატა ქოხიდან და გაუყვა ზღვის სანაპიროს.

ძალიან, ძალიან ცხელოდა. მზე ისე ჩახჩახებდა, რომ მის სხივებზე ზღვას ლაპლაპი გაუდიოდა. კენჭები კი სანაპიროზე ისე გაცხელებულიყო, ფეხს ვერ დააბიჯებდი.

დაცხა ფისო-კატას და ზღვაში გაგრილება გადაწყვიტა. ბევრი აღარ უფიქრია, შეცურა და აადგაფუნა ტალღები.

უცებ დიდი, ულამაზესი მედუზა დაინახა.

- ჰეი! - დაიკნავლა ფისო-კატამ, - რა კარგია, რომ გნახე! საშინლად მოწყენილი ვარ! წამო, ნაპირზე გავიდეთ და ვითამაშოთ!

- რას ამბობ?! - გაუკვირდა მედუზას - ნაპირზე რა მინდა? ჩემი ადგილი წყალშია!

ფისო კატამ ყურიც არ ათხოვა, დაავლო თათი მედუზას და გასცურა ნაპირისკენ!

ბევრი იცურა თუ ცოტა იცურა, გავიდა ნაპირზე ფისო-კატა. მედუზა ცხელ ქვიშაზე დააგდო და უთხრა:

- აქ დამელოდე! ფეხი არ მოიცვალო! მე ქოხში მივირბენ და ბადის საქსოვი თოკის მორგვს მოვიტან! ვაგორაოთ აქეთ-იქით და ვიმხიარულოთ! ნახავ, როგორ გაერთობი!

- მცხელა... - დაიჩურჩულა საბრალო მედუზამ, მაგრამ ფისო-კატას არც გაუგია! უკვე შორს იყო! ქოხისკენ მირბოდა.

ოჰ, როგორ ჩქარობდა ფისო-კატა, რომ იცოდე! ბადეების საქსოვი თოკის ძებნაში თევზის სუფით სავსე ქვაბი გადააყირავა, თაროდან თევზებზე წიგნი გადმოაგდო და მებადურის საყვარელი ფინჯანიც გატეხა, ოქროსფერი თევზი რომ ეხატა ზედ!

ბოლოს დასტაცა ბადეების საქსოვი თოკის მორგვს თათი და იქით გამოიქცა, სადაც მედუზა დატოვა. ერთი სული ჰქონდა, მორგვის გაგორებობანა ეთამაშათ!

მაგრამ დახე, რა მოხდა?! მის მოსვლამდე საბრალო მედუზა მზის სხივებზე ყინულის ლოლუასავით დადნა! ერთი ბეწოც კი არ დარჩა!

განა ტყუილად გაიძახოდა, ჩემი ადგილი წყალშიაო?!

მაგრამ ჩურჩუტმა ფისო-კატამ რა იცოდა, მედუზები მზეზე რომ დნებიან! იფიქრა - მემალებაო!

აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ აბა რას ნახავდა?!

ჰოდა, ეს ამბავი იმიტომ გიამბე, რომ შენც იცოდე, - მედუზის ადგილი წყალშია! ნაპირზე ნუ გამოიყვან! თავი დაანებე, ვინმე სხვას ეთამაშე, ჩემო კარგო!