ერთხელ, პატარა ბაჭიებმა ბებიკო კურდღელს სათვალე დაუმალეს. ჩამოსხდნენ იქვე, შორიახლოს და დაიწყეს ხითხითი.
- ჰი-ჰი-ჰი... ნახეთ, ნახეთ, რა სასაცილოდ დადის უსათვალოდ! ეტყობა, ვერაფერს ხედავს! ჰი-ჰი-ჰი! ნახეთ, ნახეთ, ხალიჩას როგორ წამოედო! კინაღამ წაიქცა!
ბებიკო კურდღელმა რამდენჯერმე ჰკითხა ბაჭიებს:
- საყვარელო შვილიშვილებო, ჩემი სათვალე ხომ არსად გინახავთ? ძალიან მიჭირს უსათვალობა. ტელევიზორსაც კი ვერ ვუყურებ ამ საღამოს!
- არა, არა, არ გვინახავს, - შეწუხებული სახეებით პასუხობდნენ ბაჭიები ბებიკო კურდღელს და თან ჩუმ-ჩუმად ეშმაკურად ხითხითებდნენ.
ბებიკო კურდღელი მოხუცი და ბრძენი კურდღელი იყო. მერე რა, რომ კარგად ვერ ხედავდა. სამაგიეროდ, ბრძენი იყო. იმდენი რამ იცოდა, - მე, შენ და შენმა მეგობრებმა ერთად რომ არ ვიცით!
ჰოდა, საღამოხანს, ბებიკო კურდღელმა დაიჩივლა:
- ეჰ! აფსუს, სათვალე რომ დავკარგე?! სოკოს ღვეზელები მინდოდა დამეცხო ჩემი ნაცარა შვილიშვილებისთის, მაგრამ აბა როგორ?! უსათვალოდ რა უნდა დავინახო?
პატარა ბაჭიებმა ყურები დაცქვიტეს.
- რაო, რაო? სოკოს ღვეზელები უნდა დაგეცხოო?
- სოკოს ღვეზელებიც უნდა დამეცხო და ძილისწინ ზღაპარიც უნდა წამეკითხა ზღაპრების წიგნიდან, - თქვა ბებიკო კურდღელმა, - მაგრამ რას ვიზამ! უსათვალოდ ვერაფერს გავხდები!
რა ექნათ ჩურჩუტ ბაჭიებს? ღვეზელიც უნდოდათ და ზღაპარიც!
ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, სიმართლის თქმა გადაწყვიტეს.
მივიდნენ ბებიკო კურდღელთან და თავჩაღუნულებმა უთხრეს,
- საყვარელო ბებიკო კურდღელო, სათვალე ჩვენ დაგიმალეთ. გვაპატიე. მეტს აღარ ვიზამთ.
საწყლებს, სირცხვილისგან გრძელი ყურები სულ წითლად უვარვარებდათ.
ბებიკო კურდღელმა თქვა:
- კარგად ვერ მოქცეულხართ, მაგრამ რაკი სიმართლე მითხარით და ბოდიშიც მოიხადეთ, რა გაეწყობა! ჩქარა! მომიცუნცულეთ სათვალე! ღვეზლების ცხობა უნდა დავიწყო!
ბაჭიებმა სათვალე მიუცუნცულეს ბებიკო კურდღელს და ღვეზლების ცხობაშიც მიეხმარნენ.
ჩაიზე მეც მიმიწვიეს. ის სოკოს ღვეზლებიც მივირთვი.
ძალიან გემრიელი იყო!