ბონდო მაცაბერიძე

ზღაპრები ბექნა ბიჭზე

არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდათ არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ მთისა და ამ ბარისი.

ბექნაზე გითხრობთ:

ბექნა - სახელია, კი. პატარაა ჯერ ბექნა.

აი, იმ - სახვნელის წინ მიძღოლა რომ სძალუძთ,

                          ოდენა.

აქ, საჭურველიც ვნახოთ მისი:

შურდული და მშვილდ-ისრები,
ოროლები, გორდა ხმლები.
თოფები და დამბაჩები -
სულ ხისაგან ნათალები.
მინდორ-ჭალად ჰუნე მარდი,
ოღონდ წნელის, არა ნაღდი.

სწადდა ბექნას გმირობა, მეტადრე, ბრძოლა დევთან, ანკი - გველეშაპთან. ეგ იყო, დევი ვერა ეპოვნა, ვერცა გველეშაპი.

ივლიდა საღამომდის ტყე-ტყე, მშვილდუსხლეტა. აქკი, ჩაჰკითხავდნენ მეზობლები შინ მისულს:

- რაო, ბექნა ბიჭო, დევს ვერსად წაეყარეო?

- ნწუო, - იტყოდა ისიც კურცხალნაყრი და ცხენს ღობის ძირას მიაბამდა.

ახლა, ბექნას დევის მოლოდინში ჩვენც ¬¬რომ აგრე ტყუილად ვისხდეთ, აქ სათხრობიც ხომ არაფერი იქნება?

მოდით, გავყვეთ ტყეში. განა ცოტა რამ საგმირო საქმეა იქა?

თუნდაც, ის რომ:

მიდიან ტყეში - ისა და ცხენი. მიდიან... გაუსწორდნენ ერთ ჩირგვს. ხმა მოესმათ იქედან ფოთოლთრხევისა. შედგნენ სმენად.

- არაო, - ბექნამ, - სადამბაჩე აქ რა უნდა იყოსო, - თქვა და ცხენიდან ჩამოხტა.

- რავიო, - ცხენმაც, - რამე კი არ მოიხიფათოო და...

რა იყო და - გნოლი, თავისი სამი ლაპითა.

შეცბნენ გნოლები;

- შეხე, რამოდენა თოფ-იარაღი აუსხამს, სულ ჩვენზე უნდა გახარჯოსო?! - თქვეს და შექმნეს ცრემლთა ერთი წკლაპა-წკლუპი.

- არაო, - ბექნამ, - განა მონადირე ვარ, ეგ თოფ-წამალი თქვენთვის რომ მოვხარჯო, თქვენ ის სთქვით, დევი ხომ არ გინახავთ, აქო?

- დევი არა, მელა კი გვდევს ფერდს გაღმიდანო, - მათაც.

- ჰოო... გამოდით ახლა მანდედან და ამ ჟიჟო ბალახში გაგოგმანდით, მელა, თორემ ისიც რაღა?! - უთხრა ბექნამ გნოლებს და გზას გაჰყვა.

მიდიან გზად - ისა და ცხენი. მიდიან...

- აგე, მელიაცო! - შესდგა ცხენი ასიოდფლოქვნავალზე.

მართლაც;

ჩამჯდარა მელა ერთ მიწაღრმულში და გაუდგამს მზერა გზაზე.

- არაო, - ბექნამ, ეგ მთლად არ ინდობაო, - თქვა და გაიკრა ხელი იარაღზე, - მანდ რად ზიხარო?! - ჰკითხა.

რას ეტყოდა მელა კარგსა,
იმართლებდა ოხერ თავსა.
ასეც მოხდა, იცრუპირა:
- ამებნა და ვეძებ გზასა.

- ვთქვათო, - ბექნამ, - გნოლებს რაღას ერჩიო?!

აქკი, მიხვდა მელა, წაიხდინა თავი ტყუილით, - ისაო, ესაო, აბორძიკა ენა დიდხანს.

ბექნამაც,

- არ გაგივა მელავ ტყუილი:
ისაო და ესაო,
გაეცალე გზიდან გნოლებს
და გამიძეხ ტყესაო!

ტყის ხსენებაზე, შეცბა მელა,

- ოღონდ, ტყეში არა, სხვაგან საცა გინდა იქ მიმგზამკვლეო, - შეევედრა ბექნას.

- რათაო, - ბექნამ, - დევს ხომ არ ჰგულობ იქო?

- დევს არა, დევის ტოლა დათვს, კიო.

- მერე, დათვს აგრე რად უფრთხიო?

- აგე, თოფ-წამალიც ბლომად გაქვს და მშვილდ-ისრებიც, ჰოდა, მასაც ვნახავ რა ქამანდარიც ხარო!

- ვნახოთო, - უთხრა ბექნამ და ტყისკენ წავიდა.

მიდიან გზად - ისა და ცხენი. მიდიან... შევიდნენ ტყეში.

უცებ,

რასა ხედავენ და:

ზის ერთ ხის ძირას დევის ტოლა დათვი და ისეთი ხმით ღმუის, ჩახმახშემართული მონადირე ძნელად რომ მოსხლეტს ტყვიას და ბექნას რომელ იარაღის მომარჯვებაზეა საუბარი.

- ნუო, - ცხენმა, - აგრე ახლო ნუ მივალთ, ნახე რამოდენა ტორები აქვსო!..

- რას მიყურებ?! დათვი ვარ, დათვი!.. მოაცილე ეგ თოფ-წამალი მანდედან და აქ მოდიო! - უთხრა დათვმა ბექნას.

ბექნამ თოფ-იარაღი უნაგირზე დადო და დათვთან მივიდა, - მერეო? - ჰკითხა.

- მერე ის რომ, ქალაქის გზა უნდა მაჩვენო, მესამე დღეა ტყიდან ვერ გამიგნიაო.

- რათაო, - ბექნამ, - ქალაქს რა გინდაო?

- როგორ, შენ არ იყავ ამას წინეებზე ზოოპარკში რომ ბრძანდებოდიო?!

- ჰო-ვო, - ბექნამ, - ზოოპარკში ხშირად კი ვარ, მაგრამ, იქ შენ რომ ვერ გხედავო?

- რომელი შენი ტოლი მე ვარ იქ რომ მხედავდე, ჩემს ბელებთან კარგად კი ერთობი?! ჰოდა, მოდი აქედან დროზე გავიდეთ, ხომ ხედავ, ღამდება!

- რავი, კი ღამდება, მაგრამ, მე რომ დევს...

- კაი ერთი, დევი არა?! - აბუზღუნდა დათვი...

 

á

 

მიდიან გზად - ისა და ცხენი. მიდიან. უკან კიდევ - დათვი მიჰყვებათ.

- არაო, - ეტყვის ბექნა ცხენს ხშირად, - განა შევშინდი, უდედოდ ბელები ხომ ცოდონი არიანო?..

მეორე დღის ზღაპარი

დილისპირს გაიყოლეს სოფლის შარა,

მიდიან გზად - ბექნა და ცხენი. მიდიან...

ჩაეკითხება ცხენი ბექნას იქა-აქა:

- კაცო, ბექნა, აგრე ადრიანად რომ მივალთ, მძინარს ხომ არ დავეცემით თავსო?

- რათა მძინარსო, - ბექნამ, - დევის ძილი სად გინახავსო?

- არა, დევი არც მძინარი მინახავს და არცა მღვიძარს წავყრილვარ არსადო, - ცხენმა.

ერთია, ალბათ - კი:

ახლა ამათ შიში ალაპარაკებთ, თორემ დევების მადევართ თვალი სულ ხმლის წვერზე რომ უნდა ჰქონდეთ წამომიზნული, თავადაც კარგად იციან.

ანკი,

ჩვენაც რაღა-რა, სწადია კაცს გმირობა და...

მიდიან გზად - ისა და ცხენი. მიდიან...

აგე,

ტყეც გაიშუაგულეს, რომ წინ, სოფლის მონადირე - მერაბა შემოხვდათ.

მოენადირა მას ჯიხვ-არჩვი ხომ უთვალაობით, ძლივასძალით მოეკიდა კიდეც მხარზე. შეხედა მერაბა მონადირემ ბექნას და უთხრა:

- რაო, ბექნა ბიჭო, ისევ დევს ხომ არ ეძებო?

- ჰო-ვო, - მანაც.

- მერე, დევებს დღეს რომ უქმე აქვთ, როგორ იპოვიო?

- რავი, აბა?.. რაიღა აქა ვარ, ბარე ამ ტყეს ბოლომდის გავედევნებიო.

- არა, კაცო, დღეს სულ ტყუილად მოაცდენ, დევებზე - სხვა დროს, აბა, ერთი ეგ შენი ცხენი აქეთ მოდგი და ნანადირევი სოფლამდის დამიმხარეო, - მერაბა მონადირემ ნანადირევი ცხენს გადაჰკიდა და სოფლის გზას დაჰყვნენ.

 

á

 

მიდიან გზად - ბექნა და ცხენი. მიდიან.

წინ კიდევ - მერაბა მონადირე მიუძღვით.

- რა იციან, კაცო, ამ მონადირეებმაო, - ეტყვის ბექნა ცხენს ხშირ-ხშირად, - ნადირის დათოფვა უყვართ, მისი ზიდვა კი - არაო...

 
მესამე დღის ზღაპარი

 

ამბავი ვთქვათ, ჩვენაც ბექნას,

ამ ჯერზედაც - ახალ დღისა:

გადიმხარა მშვილდ-ისრები,

ხმალნალესი - პირსამზისა.

ეგ იყო;

იშორეს სავალი, თანკი გაერიდნენ მზის ხვატს. მოკლე გზით ჩაჰყვნენ, ასე - საყანურით,

იქკი -

მეგუთნეთ, ემართათ ერქვანი,

მიწა ჩაჰნატრებდა მარცვალს - ხორბალისას.

იუარებს ცხენი გზას:

- ხომ ვთქვი, ასე ნუ წავალთ, ეგენი სულ წყალს გაიძახიან-თქო!

აჰა:

- ბექნა!

-ჰეეი, ბექნა!

- ბექნა ბიჭს გაუმარჯოს, ბექნასო!

- აბა, კაცებო, სთქვით, ვინ მოიტანს წყალსო?!

- ბექნა!

- ბექნა ბიჭიო!

მიმოსძახეს მეგუთნეებმა აქეთ-იქედან.

- აგეო?! - ცხენმაც.

 

á

 

- კიო, - ბექნამ, - წყალს როგორ არ მივუტან გუთნისდედათო, მაგრამ, - ეტყვის ნაშუადღევს ცხენს დუდღუნით, - ააამოდენა კაცებს, ამ პატარა ხელადით როდის დავაწყლულებთო?

- აბაო?! - ცხენმა.

- არა, საღამოს ხარებიც ხომ უნდა ჩავდენოთ მდინარეზეო? - ბექნამ.

- ჰო-ვო, - ცხენმა, - აბა, ისე, როგორ იქნებაო?!.

 
მეოთხე დღის ზღაპარი

 

ის იყო, ბექნამ მშვილდ-ისრები მოიმარჯვა და ცხენიც გამოაღობისძირა, რომ ალაგედან მეზობლის ბიჭმა - ზურაბამ გადმოსძახა:

- ბექნა, ბიჭო, ბექნაო!

- ჰო-ვო, - გასძახა მანაც და ალაგესთან მიირბინა.

ზურაბა ბექნაზე კარგა ბევრად გაიწლოვანებდა,

აი, იმ - დევზე ნადირობა სასაცილოდ რომ არ ჰყოფნით,

ოდენობით.

- კაცო, ბექნა, ეგ ცხენი რად აგიკაზმავსო?

- დევთან საბრძოლველადო!

- რას ამბობო?!

- ჰო, ეგრეაო!

- კი, დევთან ბრძოლა, კარგია, მაგრამ... მოდი, გზად ეს საფქვავი წამიწისქვილეო, - უთხრა ზურაბამ ბექნას და ცხენს სიმინდის მარცვლიანი ტომარა გადაჰკიდა.

- კარგიო, - უთხრა ბექნამ და გზას გაუყვა...

- ბექნა!.. ჰეი!.. კაცო!.. ამბობენ, წისქვილს ხშირად ერთი ბობორიყა დევი სტუმრობსაო და... რავი რა, ფრთხილად კი იყავი! - მიაძახა ზურაბა მონადირემ ბექნას.

 

á

 

მიდიან გზად - ისა და ცხენი. მიდიან...

აგე;

მიადგნენ კიდეც წისქვილს.

მერე,

ის რომ;

რაც კი ბეღელ-ნალია გამოემარცვლა სოფლის მოხუცებულთ, სულ სავსე ტომრებად ჩაედგათ წისქვილის კარზე.

აქ, ცხენმაც;

- ეგ, ამოდენა ტომრებს როდის გამოფქვავსო, - თქვა და მარცვლიან ტომრებს ტომარა მიადგა.

გსმენიათ - კი, უთქვამს წისქილს:

`ვინაც, რა უნდა ისა თქვასაო, ჩემმა დოლაბმა, უნდა ფქვასაო...~

 

á

 

- არა, უნდა დაგვეტოვა ეგ რაღაც ტომარააო! - ეტყვის ცხენი ბექნას საღამოხანს ბრაზით.

- ჰო-ვო, - ბექნამაც, - მაგრამ... აკი, ზურაბამ წისქვილს ერთი დევი სტუმრობსო და, მისი ტომარაც თან რომ წაეღო, მერე?

- რას ამბობ, ორივეს ხომ მწარედ მიგვტყეპავდაო, - ცხენმა.

 
მეხუთე დღის ზღაპარი

 

ინათა. მართალია, მზე ჯერ კიდევ მთის ფერდობებით ეშვებოდა ბარისკენ, მაგრამ სოფლის კაცებისთვის, მით უფრო - მონადირეებისთვის, დიდი ხნის გათენებული იყო.

ბექნასაც ეღვიძა, კი. ეგ იყო; ლოგინიდან წამოდგომას იქამდე არ ჰპირობდა, ვინემ სოფლის თემში უთენია გამოსული კაცები ქვეყნის აწეწილ საქმეებს თავთავიანთ გონზე არ მოაწყობდნენ.

ჩაჰკითხავდნენ ბექნასაც ერთპირ,

თავად ნახეთ;

რამდენისა რამ კითხვა:

სოფლის მენახირეებისა თუ მთიბველებისა, მეწისქვილე ლასიკოსა თუ გერასიმე ფოსტალიონისა,

ანკი მერაბა მონადირეც:

- ბექნა, კაცო, კვლავ დევებზე სანადიროდაო?!

ახლა ამათ, ერთი ჩიტბარტყას წიაპიცა, რო:

- წკრუუ-წიაპ, წკრუუ-წიაპ, წიაპ, - წიაპებდა ჩიტბარტყა ბექნას ფანჯრის რაფაზე.

- ჰო, ვიცი გათენდა! - გასძახა ბექნამ ჩიტბარტყას ბრაზიანი ხმით და საბანში კიდევ უფრო ღრმად ჩაჰყო თავი.

არა, ბექნას სულაც არ უნდოდა ბრაზით რომ ეთქვა ჩიტბარტყასთვის. უბრალოდ - ასე გამოუვიდა. მან კარგად იცოდა ჩიტბარტყებს ერთი წაცრემლება გული რომ აქვთ. ეგაა; ახლა არ უნდოდა ჩიტბარტყასთან ხის ტოტებსა და ბუჩქებში თამაში. კი, სურვილი ერთია, მაგრამ, სირცხვილიც როა?! აგერ მეხუთე დღეა, რაც კაცი აბჯარასხმული დადის დევის საძებრად და მასთან საბრძოლველად და, რას იტყვიან, ბარტყით ხელში რომ წასთვალონ სოფლის კაცებმა?.. ანკი - მეზობელი ზურაბა, ხორბლით სავსე ტომრით რომ გაგზავნა წისქვილს ბექნა ბიჭი. ბექნამაც ხომ სიმღერით ჩაიარა საყანურზე:

საყანურო მიწაო,
ხარ-გუთანო - ხვნისაო.
მარცვალს ჩაამიწგუთანებ,
ყანას წაჰფენ, ცისაო.
ჩაპურდება, იმუხლმძლავრებს,
მობიბინე ზღვისაო.
შემოდგომით ინამგალებს;
ბექნა, ტატო, მზისაო.

თუმცა,

ეგ ხომ გუშინ იყო, მეც რაღა-რად ეხლა გავილექსე? სწუხს სატკივარს რამეს, ჩიტბარტყა, თორემ, აგრე დილით რად იწიაპებდა, რო?

- რა მკითხაობის დროა?! აგე, ფრთა რა დღეში მაქვს! - ამოყელცრემლა ჩიტბარტყამ და ფრთაზე, ჩანდა ნატკენზე, დაიხედა.

- აბა, მაჩვენეო, - ბექნამ.

- ეგ, სულ შენი მეგობარი ტატოს ნახელავია! აუვსია ჯიბეები იმოდენა ქვებით და აშურდულებს აღმა-დაღმა, - თქვა ჩიტბარტყამ და ცრემლად დაიღვარა.

- კი, ის იქნებოდაო, - ცხენმაც, - სამი-ოთხჯერ მეც ისე მწარედ მიმათუთქვა ფლოქვებში, როო?!.

- ჰო, კარგი, კარგიო, - ბექნამ, - მოდი, ჩიტბარტყას ვუწამლოთ. აბა, ერთი ეგ ხურჯინი მომაწოდეო, - უთხრა ცხენს.

- როგორ, აქ ხომ სულ ტყვია-წამალიაო?! - თქვა ცხენმა და ბექნას ხურჯინი მიაწოდა.

როგორ და,

აბა, ის მონადირე რა მონადირეა, ხურჯინში ტყვია-წამალთან ერთად, დაჭრილის მალამოც თუ არ უდევს?!

 

á

 

ხომ კარგი ვქენით ჩიტბარტყა რომ არ მოვატოვეთო, - ეტყვის ცხენი ბექნას საღამოხანს ხშირ-ხშირად.

- ჰო-ვო, - ბექნამაც, - ტატოს ამბავი ხომ იცი, ხის ტოტებზე არ ასვენებს ჩიტებს და აქ რა დღეს დააწევდაო?!.

 
მეექვსე დღის ზღაპარი

 

დილით, მზეს პირი არ უჩანდა.

არცა ღრუბლიანი ეთქმოდა, სულ.

ცა, უმზეობდა.

ასეთზე ითქმოდა; მზე მთის გადაღმა ჩარჩა წუხელო.

აქკი:

სათიბს იჩქარებდნენ - მთიბველები,

მებადურები - შლიდნენ დგელამურს,

მონადირეებს თოფ-საჭურველი აესხათ და შეცისკრებას ასდგომოდნენ მთას.

ქარს კიდევ რა?!

- სოფლის ამბავი დაჰქონდა გზად.

ამბავი კი ასე იყო:

როცა მგლებმა სოფლის კაცები მინდვრად გაიგულეს, სულ წყვილ-წყვილად იწყეს ტყიდან გამოსვლა, ყანის ბოლოს პალოზე გამობმული თხების საკბილწილოდ.

რომ იტყვიან; მადა ჭამაშიაო და, მათაც, თხა პალოზე არ დატოვეს.

წუხდა სოფელი,

აქეთ ეცნენ, იქეთ ეცნენ...

- ვინა, ვინაო და - ბექნაო!

- ბექნა ბიჭი გვიშველის, მაგის თოფ-იარაღს ვენაცვალეთო, - თქვეს სოფლის ქალებმა და ბექნას მიადგნენ:

- ბექნა, შვილო, სულ გარე-გარე რომ დადიხარ, შენს გაზრდას, ერთი ეგ შენი თოფ-წამალი აქეთ მომართე, ასე და ასეა სოფლის საქმეო.

ბექნამაც,

- რაიღა დევი ვერა, მგლები მაინც გავსთოფოთო, - უთხრა ცხენს და ტყის პირას მზირად ჩასხდნენ.

სმენოდათ მგლებს ბექნაზე;

- მაგასო, - უთქვამთ, - სულ დევებისკენ აქვს მიმიზნული თავისი თოფ-იარაღი და ჩვენ რაღას გვიზამს?!. წამო თუ ძმა ხარ, თხები სხვა სოფლებშიც ხომ ბლომად არიან! - ამდგარან მგლები და სამუდამოდ გასცლიან იქაურობას.

 

á

 

- კაცო, ბექნა, დროა შინისკენ წავიყარნოთო, - უთხრა ცხენმა ბექნას ბინდისპირზე.

- აბა?! დღე როგორ ტყუილად მივასაღამოვეთო, - ბექნამაც.

- რათა ტყუილად? ძილის წინ კაკალოს თბილ რძეს კარგად კი სვლიპავო?

- ჰო-ვო, - ბექნამ, - მართლაც რა გემრიელი რძე აქვსო?! - თქვა და ნაბიჯს აუჩქარა...

 
მეშვიდე დღის ზღაპარი

 

დილით, ნაწვიმარი დახვდათ.

გაცისკრებას წაეჟინჟღლა, ჩანდა.

თანკი;

ბუგრი გასდებოდა ტყისპირს,

მიწას ურმებისა ეთქმოდა ნამუხლარი -

აევლო ხის მჭრელთ.

აქკი, -

(არშივს გამოჰკრავს წალდი,

ბუხარს ზამთარის არა აქვს დარდი).

კვირადღობდნენ.

ზედაც რო - წვიმადღისას?!

ეგ იყო;

ბექნა იჩქარებდა სავალს. იარაღიც აისხა, რომ წნულღობიდან მეზობლის ქალმა, ნათლო ბიცოლამ გადმოსძახა:

- ბექნა, შვილო, ბექნაო!

- დიახო, - ბექნამ, - გისმენთ, ნათლო ბიცოლაო!

- შვილო, ბექნა, აგრე ადრიანად სად მიხვალო?

- ნუო, - ცხენმა, - ნუ ვეტყვით ტყეშიო, თორემ დღეს მისი თხის მწყემსვა არ აგვცდებაო!

- რათაო? - ბექნამ, - ბუგრიანში მგლები ტყიდან სულ სოფელ-სოფელ გამორბიან და ნათლო ბიცოლას თხაც რომ წაჰკბილონ, მერე მის ბალღებს რა ეშველებათო?!

- კი, აბა?!. თუ კარგია თავად მოუდგნენ თავიანთ თხასო! - ცხენმა.

 

á

 

- არა, ჩვენაც რაღა-რად წვიმიანში გავიმწყემსეთ ნათლო ბიცოლას თხაო?! - წაიბრაზებს ცხენი საღამოსპირს შინაგზაზე, - რა, თავად ვერ მოაბალახებენ ყანისპირზეო?!.

- კაკალო!

- კაკალო მოდის! - ყიჟინით გადმოევლნენ წნულღობიანს ნათლო ბიცოლას ბალღე-ბი.

კაკალომაც:

- ნახეთ, რამოდენა რძე მოგიტანეთო, - უთხრა ბალღებს და ბაგის კარი ამპიწად შეაღო.

- აგეო?! - უთხრა ბექნამ ცხენს და ნათლო ბიცოლას ბალღებს გახედა...

 
მერვე დღის ზღაპარი

 

ღამით მთები დაეთოვა.

თანკი, იმოდენობით,

სოფელს დასცემოდა ნადირი საკბილპიროდ.

- ეგრე, ხომ?!

ბგერებს ისხლეტდა თოფები საყირიმო...

დილისპირს აქაც ეთოვა,

ჩამოცლილიყო ცა ფანტელებად და მიწას თეთრი ეფინა დილა -

ხარობდნენ ბავშვნი.

მთლად ნახშირისა ჩაედგათ ცხვირი თოვლისპაპისთვის, თან რო მეეზოვედ განეწესათ?!

გარს უვლიდნენ, ხტუნაობდნენ, ციგაობდნენ, გუნდაობდნენ, იმასა თუ ამასაო?

- თოვლის გუნდა, ლაჩარსაო!..

- ბექნა?

- ბექნა სად არისო? - მიმოჰკითხეს ბავშვებმა ერთი-ერთმანეთს.

ბექნა კი, მიდის გზად. განა მარტო, ისა და ცხენი. მიდიან...

მერაბა მონადირე შემოხვდათ წინ,

- საით, ბექნა ბიჭოო, - დაეკითხა და მზერით თოფ-წამალი მოუსინჯა, - ისევ ტყისკენო?

- ჰო-ვო, - მანაც.

- ჰო, კი არა?! ვერ ხედავ, რამოდენა ფიფქებს ჰყრის!

- კი, ვხედავო, - ბექნამ.

- ჰოდა, რაიღა ხედავ, ტყეში - არა!.. აგე, ის შენი დევები სულ ჭალის პირებში დაშლიგინობენო, - უთხრა მერაბა მონადირემ და ტყის ბილიკს აჰყვა.

- კაცო, ბექნა, მართლაც რამოდენა ფიფქები სცვივა, არა? - უთხრა ცხენმა ბექნას, - მოდი, შინ დავბრუნდეთ.

- კარგი, დავბრუნდეთ, - თქვა ბექნამ და შინისგზას გაჰყვნენ.

 

á

 

- რა იციან ამ მონადირეებმაო, - ეტყვის ცხენი ბექნას შინაგზაზე, - თოფის ლულა სულ ტყუილებით აქვთ გამოტენილი! რა, თავად ვერ გასთოფავდა დევს ჭალისპირებში რომ წაჰყროდა?!

- რავი, აბაო? - ბექნამ.

 
მეცხრე დღის ზღაპარი

 

ღამით თოვა ჩამდგარიყო სოფლად.

რომ იტყვიან;

-ცამ მოიხსნა საკიდარი,

თოვლის ფანტელს ბერტყავს ქარი-ო,

- ასე იყო, კი:

იმოდენა დაეთოვა, იმოდენა, შიშით ნადირიც ვერ ჰპირობდა ტყიდან თავის გამოყოფას. არცა ნაკვალევი რამ აჩნდა სოფლის გამავალ გზას,

- მონადირეებს დაედგათ თოფი.

შუადღისას, როცა იქა-აქა ცა გამოიმზევებდა, ბავშვები თვალისწამში მოასხდებოდნენ თავთავიანთ ციგებს და სიცილ-კასკასით ჩაივლიდნენ სოფლის დათოვლილ ფერდობებს...

მერე, როდის, როდის ამოლევდნენ შინისგზებს. ციგებს თოვლის პაპას მიანდობდნენ და გვიანხნამდე - ვიდრე მთვარე გადასცრიდა ცაზე, ბუხრისპირას ზამთრის ზღაპრებს თხზავდნენ:

 

ტატოს ზღაპარი

იყო ერთი ტატო-ბიჭი. ჩვენი ტატოსი არ იყოს, მასაც ვეებერთელა ლაგადკა ჰქონდა და ისიც სულ ჩიტბარტყებს დასდევდა ეზო-ეზო თავისი ლაგადკით.

საცა კი ჩიტბარტყას წასთვალავდა, ადგებოდა, მოსხლეტდა იმ თავის ლაგადკას და - ტკლაც!

ისე მწარედ მიათუთქვავდა ჩიტბარტყას ფრთებზე, რომ,

ასტეხდა ჩიტბარტყა ჭყივ-ჭყივსა და ერთ ცრემლების პურჭყვას,

- დედა, დედა, ნახე, ტატომ რა მიქნაო!

შვილის ჭყივილზე მოფრინდებოდა დედა ჩიტი, შვილს ნისკარტს გამოსდებდა და ბუდე-ბარტყიანად გასცილდებოდა ტატო-ბიჭის ეზო-კარს.

ახლა სხვა ხეს მიათვალყურებდა ტატო-ბიჭი,

იქაც ისევ მიუშვებდა ქვას,

ასე იყო მრავალდღისად,

მერე - სხვას და მერე - სხვას...

აქკი, ვეღარ გაუძლეს ჩიტებმა ტატო-ბიჭის ქვების ამდენ ჭახაჭუხს და მერაბა მონადირეს მიამდურვეს კარზე:

- კაცო, მერაბ, აგრე შვრება და აეგეთ დღეში ვაართო, - უთხრეს, - თუკი ამისთანა ქამანდარი ვინმე კია ეგ თქვენი ტატო-ბიჭი, მიდი, ტყეში წაიყვანე, დათვი მოინადიროსო.

- რას ამბობთ, ტყეში ბალღებს რა უნდათ? - უთხრა მერაბა მონადირემ ჩიტებს, - ისიც ხომ თქვენი კბილაა? ჰოდა, თავად გამოსწყვით!

დაიმწუხრეს ჩიტებმა. ჩასხდნენ თავიანთ ბუდეებში და კარგახნობა ფრთაც არ აუცის-ზევითებიათ ბუდეებიდან.

- აგე, ეგეც შენი ტატო-ბიჭიო! - უთხრა ბუხარმა ტატოს, - შენაც ხომ მაგრე დაგაქვს ის შენი ლაგადკა ეზო-ეზო?! ადე, მოიტა აქ!

ტატო-ბიჭზე გამწყრალმა ჩვენმა ტატომ, უბიდან ლაგადკა ამოიღო და ბუხარში უხმოდ მოისროლა.

დარჩა ჩვენი ტატო ულაგადკოთ.

ზღაპრის ტატო-ბიჭისა კი, რა გითხრათ. დაველოდოთ ჩვენაც ბუხრის ხვალის ზღაპარს.

 

მარიამის ზღაპარი

 

იყო გოგო - მარიამი. პატარაა ჯერ მარიამი. თუმცა, მას სულაც არ ჰგონია თავისი თავი პატარა. ანკი, რატომ უნდა ეგონოს, მერე რაა რომ გულზე სატყუარა წოწნობილა* ჰკიდია. აბა ნახეთ თოჯინებს როგორ უვლის; მთელი დღეები ხომ გვერდიდან არ სცილდება და არ სცილდება, გვიანხნამდე, ვინემ მთვარე თოჯინებს ძილს არ გამოსტყუებს, აკვანთან უზის იმ თავისი სატყუარათი.

ვნახოთ;

ერთ დღეს, მარიამს მამამ ტყიდან პატარა დათვის ბელი მოუყვანა. გახარებულმა მარიამმა ბელს შესაფერი კაბა შეურჩია, ფეხზე, ნათლო ბიცოლას ნაქსოვი წინდა წამოაცვა და თოჯინებს გვერდით მიუსვა.

- კაი, ერთი?! - თქვა ბელმა და თოჯინები სულ ბარტყა-ბურტყით მოისროლა აქეთ-იქით.

ინაწყენეს თოჯინებმა, შეჰკრეს პირი და გაბუსხულები მიმოსხდნენ საწოლზე.

- აბა! იცოდე ჭკვიანად მოიქეცი! - უთხრა მარიამმა ბელს და გულზე სატყუარა წოწნობილა ჩამოჰკიდა. ატრიალა ბელმა წოწნობილა კარგახნობა, ატრიალა.

მაგრამ რა;

თამაში ერთია, მუცლის გამოტისნა მეორეო, თქვა და ოთახში მოისროლა.

- რად ისროლე?! ახლავე ადექი და მოიტანე! - გაუწყრა მარიამი ბელს და ისე მოჰქინჯნა თმაში ერთი-ორჯერ, რო...

- რათ მცემ, თუ კარგია სატყუარა შენ გქონდეს, - თქვა ბელმა, - მე კი, ის შენი რძიანი ბოთლი მომაწოდე მანდ რომ დევს. თორემ, ავდგები და წავალ ტყეში!

გამოართვა ბელმა მარიამს რძიანი ბოთლი, ჩამოსრუტა ბოლო წვეთამდე. მერე, გადაკოტრიალდა-გადმოკოტრიალდა და ადუდღუნდა:

- შაქარყინული მინდა, აგე, იქ რომ დევს, თუ არ მაჭმევ, ავდგები და წავალ ტყეში!

გამოართვა ბელმა მარიამს შაქარყინულით სავსე ჯამთასი, აკნაწუნა შაქარყინული, აკნაწუნა. მერე, გადაკოტრიალდა-გადმოკოტრიალდა და ადუდღუნდა:

- ერბო მინდა, აგე, იქ რომ დევს, თუ არ მაჭმევ, ავდგები და წავალ ტყეში!

გამოაღო მარიამმა თახთაბარი** , გადმოიღო ერბოთი სავსე ხალანი და ბელს წინ დაუდგა.

სწვდა ბელი ერბოიან ხალანს, სვლიპა ერბო, სვლიპა, მერე, გადაკოტრიალდა-გადმოკოტრიალდა და ადუდღუნდა:

- თაფლი მინდა, თუ არ მაჭმევ, ავდგები და წავალ ტყეში!

გავიდა მარიამი კარში. მაგრამ, სადაა, რო?!

არცრა დახვდა არაფრისა,

-არცა თაფლი, არცა ფიჭა-ო, - უთხრა ბელს.

მაშინ;

ადგა ბელი, დაჰკრა ფეხი და წავიდა ტყეში!

გაეცრემლა.

კი, დაბრუნდებაო, ეტყოდა მარიამი თოჯინებს და გზაზე მზირად იდგა,

მრავალდღისად.

ბექნამაც:

- რავი, სამტროდ არ წამსთვალოსო და, - იარაღაყრილი დაეძებდა ბელს ტყე-ტყე...

 

á

 

გადიმარტა.

თოვლნაფიფქარ მიწას იისფერი წაჰფენოდა იქა-აქა.

ის იყო გოგო-მარიამი იების საკრეფად ეზოში გავიდა, რომ პეპელა-პეპლათარმა იების დიიიდი თაიგული გადასცა.

ყვავილების თაიგულს მეგობრის ბარათიც ხომ ახლავს ხოლმე, თან,

ჰოდა, აქაც:

გოგო, მარიამო!

იცი, ჩვენთან რამდენი ყვავილია?

კიდო; ბევრი, ბევრი თაფლი შევაგროვეთ მე და ფუნთომ. ფუნთომ თქვა, გოგო-მარიამს შევუ-ნახოთო.

როგორი ცუდი კაცია ის თქვენი მერაბა მო-ნადირე, არა?! სამჯერ მომიმიზნა თავისი თოფი, ძლივს გავასწარი, გოგო!

არა, გული კი არ მომდის. მონადირის საქმე ეგააო, მითხრა დედამ, შენ უნდა იყო ფხიზლად და შინიდან ფეხი არ უნდა გაადგაო, თორემ ერთხელაც იქნება, სადმე გაგსთოფავსო.

აწი, ჩვენთან პეპლები ამოვლენ ბარიდან და შენც რომ მოხვალ ბევრი ყვავილები დავკრიფოთ, კარგი?

მალე მოდი, ხო.

აქ ჩემი მისამართია, აი ნახე:

თხილნარის ტყეს რომ ამოივლი, მერე...

- არა, მისამართი არ გჭირდება, - უთხრა ბუხარმა მარიამ-გოგოს, - რა ვიცი, დაჰკრა ფეხი და შენაც ტყეში წახვიდე?! მერე, ამოდენა თოვლში სად გეძებო?.. აპრილის ბოლოს კი ბატონო, საცა გენებოს...

 

ბექნას ზღაპარი

 

ხომ ეგრე ვსთქვით, წინათ:

ცამ მოიხსნა საკიდარი, თოვლის ფანტელს ბერტყავს ქარიო, ჰოდა, თოვს და თოვს მას აქეთ...

იმოდენა დაეთოვნა, იმოდენა, არცა ნაკვალევი აჩნდა სოფლის გამავალ გზას და არცა რამ ამბავი ითქმოდა ტყიდან ცხოველთა...

ყანწებსა თუ სამწდეურეებში ჩამწყდარ მონადირეთ ერთი ტყვიის სხლეტა აეტეხნათ მთის წვერზე გადმომდგარ მთვარისათვის იმ თავიანთი ყირიმის თოფებით.

თქვეს აკი თოფთა:

- ვინემ, ტყვია გაიკბილავს ნადირს,

მეპატრონე ჩვენი - სტუმრობს მთვარის ნადიმს-ო...

ამოდენა თოვლსა და ყინვაზე გამწყრალი ჩვენი ბექნაც მიუჯდა იმ თავისი გვარის ბუხარს და აყრევინა და აყრევინა ზამთრის ზღაპრები:

ჯერ კურდღლის ზღაპარი მოუამბნა, აი იმ კურდღლისა, სტაფილო რომ ჰყვარებია ძალიან და ერთ დღეს ნათლო ბიცოლას ბოსტანში რომ შეპარულა. მიმდგარა ბოსტანს და იმდენი სტაფილო უჭამია და ისე გატისნულა, ნუ გავთქვამთ და, მუცლის გვრემაც კი დაჰმართნია. წასდგომია ნათლო ბიცოლა თავზე. გასწყრომია ცოტათი. მერე შესცოდებია აეგეთ ყოფისთვის,

- არა, ბექნას რომ დაენახე, რას ფიქრობდიო, - უთქვამს, - ხომ გაგისაფანტებდა მაგ ყურებსო!

ბექნას სახელის გაგონებაზე მოუღია კურდღელს პირი და უყრია და უყრია ცრემლები იმოდენობით, რომ...

- კი, აბა?! არც არაფერსო! - მისძახა ბექნამ ბუხარს ბრაზით და მინავლულ ცეცხლს შეშა დააყარა.

- ძალიან კარგი, - კვერი დაუკრა ბუხარმა ბექნას და იმ ციყვის ზღაპარი უამბნა, სოფლის წისქვილის ახლოს, კაკლის ხის ფუღუროში რომ სახლობდა:

ერთ დღეს, შინ გვიან მიბრუნებულ ციყვს ფუღუროში ბუკნაჭო არ დახვედრია?!

გადმოუკარკლავს თვალები იმ მართლა ბუს, იმას, და;

- არაო, - უთქვამს ციყვისთვის, - აქედან ფეხს არ გავადგამ, შენ საცა გინდა იქ იცხოვრეო.

- რათა, ეს ხომ ჩემი სახლიაო? - წაეცრემლა ციყვი ბუკნაჭოს...

ზღაპრის ბოლო ხომ კეთილია, ჰოდა, მოდით, ჩვენაც ბოლოსა ვთქვათ:

როცა ბუკნაჭო ციყვის ფუღუროში ბარტყად იჯდა, ციყვიც იქვე - კაკლის ძირას მდგარა მზირად,

- დიახაცო, ჩვილ ბარტყებს ხელის შეწევნა რომ დასჭირდეთო?! - უთქვამს...

- ესეც ციყვის ზღაპარიო, - თქვა ბუხარმა და მამლის ზღაპარი უამბნა ბექნას, ასე:

იყო ერთი მამალი. მეტად ამპიწი ვინმე კი ყოფილა ეს ჩვენი მამალი! ისე მჭახედ დაიყივლებდა ეზო-ეზო, შიშით ერთ მითქმა-მოთქმას მიეცემოდნენ დედლები:

- აი, ყიყლიყო და ხმის ჩავარდნა, შენაო!

ერთხელაც ადგა ეს ჩვენი მამალი და...

- არა, არ მინდა მამლის ზღაპარი, - უთხრა ბექნამ ბუხარს, - ადექი და მონადირე ბიჭის ზღაპარი მიამბნეო!

- მონადირე ბიჭზე, ბექნა ბიჭის ზღაპარი ვიციო, - ბუხარმა.

და უამბნა მანაც:

იყო ერთი ბიჭი. ბიჭს ბექნა ერქვა და ნადირობა უყვარდა ძალიანო. მეტად მომართული თოფ-იარაღი კი ჰქონდა ბექნა-ბიჭს, აგე, შენ რო გაქვს, მაგეთიო. ერთ დღეს, ადგა ბექნა ბიჭი, აისხა ის თავისი თოფ-იარაღი და წავიდა ტყეში სანადიროდ.

- მარტოკაო? - ჰკითხა ბექნამ.

- რათა მარტო, ცხენიც ჰყავდა ბექნა ბიჭს.

- მერე?

- იარა ბექნა ბიჭმა იმ თავისი ცხენით, იარა - ცოტა თუ ბევრი, წინ...

- რა, დევი შემოხვდათ?!

- როგორი სულსწრაფები ხართ ეს ბალღები? დევები რომ სოფლის განაპირას სახლობდნენ, ტყეში სანადიროდ ვიღა წავიდოდაო? - უთხრა ბუხარმა და განაგრძო:

იარეს, იარეს და გნოლები შემოხვდათ, წინ. არა, ამაზე ტყვია-წამალს ხომ არ მოვხარჯავთო, უთქვამთ და გასდგომიან გზას.

იარეს, იარეს - ცოტა თუ ბევრი, მელა გადაჰყრიათ, წინ.

- შენაო, - უთქვამთ მელიასთვის, - თვალთმაქცობას მოეშვი, თორემ, აქეთგზობას გნოლებმა კიდევ თუ სამდურავი რამ თქვეს შენზე, იცოდე, ე მაგ კუდს ზედ ძირში მიგასლიპავთო!

ამდგარან ბექნა და ცხენი და გაჰყოლიან გზას.

იარეს, იარეს - ცოტა თუ ბევრი, დათვი გადაჰყრიათ წინ.

- შენაო, - უთქვამთ დათვისთვის, - სხვის სკებში ძრომას და თაფლის სვლეპას მოეშვი და ბელებს მიხედე, თორემ, აქეთგზობას მოვკიდებთ მაგ შენ ბელებს ხელს და სოფელში რომ წავასხამთ, მოაღე მერე პირი და იღმუვლე რამდენიც გენებოსო!

ამდგარან ბექნა და ცხენი და გაჰყოლიან გზას.

იარეს, იარეს - ცოტა თუ ბევრი, ჩიტების გუნდს წაჰყრიან გზად.

მონადირის დანახვაზე აუტეხავთ ჩიტებს ერთი წიაპი და ცრემლების წირპვლა:

- გვიშველე, მაგ შენი თოფ-იარაღის ძალამ, ტყეში აღარ გვედგომება, დაუდგამს მუხლი იმ ოხერ დათვს, იმას და დაშლიგინობს აღმა-დაღმაო...

აქ, ბუხრის ზღაპრის მოსმენას ცოტა ხნით მოვეშვათ და ჩვენს ბექნას მივხედოთ, რადგან დევის ხსენებაზე ბექნას შინ გული რომ არ დაუდგება, ყველამ ხომ კარგად ვიცით,

აგე, ჩამოხსნა კიდეც თავისი თოფ-იარაღი, რომ ეზოდან დევის ხმა მოესმა:

- ბექნა, ჰეი, ბექნა!

ბექნამ თოფის სასხლეტი მოსწია, თოფი მოიმარჯვა და კარში გავიდა.

- თოფი რად გინდა, განა ჩემი ფეხით იმისთვის მოველ, რომ გამსთოფო? აგე, შვილი მოგიყვანე, ჩემი დევიკუნა, - უთხრა დევმა ბექნას, - შინ არ ჩერდება, სულ გარე-გარე დადის, რა ვქნა, მერაბა მონადირეს არ წაეყაროს სადმე, ხომ იცი მისი ამბავი. ამ ზამთარს შენთან დაიყენე, იქნება შენ მაინც შეასმინო რამე. აპრილის ბოლოს ამომიყვანე მთაში, ეგ თოფ-წამალიც თან წამოიღე, ისეთ არჩვებზე განადირო, როო?!. - უთხრა დევმა ბექნას და ტყეში წავიდა...

ბუხრის ნაამბობსა ვწერ:

- რა ვქნა, ახლაო, - ბუხარმა, - ბექნას და მის დევიკუნას ზღაპრის მოსმენა რომ აღარ უნდათო?..

მაშინ,

მეც აღარაფერი მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, ჰოდა, მორჩა ბექნა ბიჭის ზღაპარიც, ფაფუ...