ორი ბიჭი, ცრუ და ცრუპენტელა დამეგობრდნენ, - ჩვენ ერთი გზა გვაქვსო, - თქვეს და წავიდნენ.
ცრუზე მეტი ცრუპენტელა იყო.
იარეს, ბევრი იარეს თუ ცოტა, უზარმაზარ კლდეს მიადგნენ. კლდის ძირას ვიწრო ბილიკი გადიოდა. ორთავეს ერთად გასვლა შეუძლებელი იყო, ერთ-ერთს გზა უნდა დაეთმო.
კლდის თავზე ყორანი შემომჯდარიყო. მან ფრთა ფრთას შემოჰკრა და დაიძახა: ვინც ბილიკზე პირველი გავა, ის ცხოვრებაში პირველი და გამარჯვებული იქნება, ბოლოს გასული კი ჩამორჩენილი და მაჩანჩალა!
ცრუმ უკან მოიხედა.
- ბიჭოს!.. - წამოიძახა, - რა კარგი ცხენი მოდის, რა მოოქროვილი უნაგირი ადევს. ბიჭოს! ბიჭოს! რა ფაფარი აყრია კისერზე, მერედა, უბრალო არ გეგონოთ! ოქროსია! ოქროსი!
ცრუპენტელამ უკან მოიხედა, - სადა, აბა, სადა? იკითხა გაკვირვებულმა და ირგვლივ მიმოიხედა.
ცრუმ დრო იხელთა და გაქუსლა. ვიდრე ცრუპენტელა გონს მოვიდოდა, იგი უკვე შუა გზას გასცდა.
- მოიცა, შე მატყუარა, შენა! გამოუდგა ყვირილით ცრუპენტელა, მაგრამ ცრუმ გაასწრო და ბილიკიდან გზაზე გადავიდა.
- ცრუ წინ, ცრუპენტელა უკანო! - დაიჩხავლა ყორანმა.
- ცდები, ყორანო, ამას ჩვენ ცხოვრება გვანახებსო, - უთხრა ცრუპენტელამ.
გზაზე დაუღამდათ. ცეცხლი დაანთეს.
- შენ შეშა მოიტანე, მე ხორცს მოვხარშავო, - უთხრა ცრუპენტელამ.
კარგიო, - დაეთანხმა ცრუ.
დატრიალდა ცრუპენტელა, მე გასწავლი, როგორ უნდა მოტყუებაო, და ვიდრე ცრუ დაბრუნდებოდა, გემრიელად მიირთვა მოხარშული ხორცი, ქვაბში კი ქვები ჩაჰყარა.
- მშია, კუჭი მეწვის, აღარ მოიხარშა? - იკითხა ცრუმ.
- აჰა, დანა, მოსჭერი და მოსინჯე, - უთხრა ცრუპენტელამ.
ცრუმ ქვაბი ძირს ჩამოიღო და კოვზით ხორცის ამოღება დაიწყო.
- ხო, ხო, ხო, რა მძიმეა, - თქვა ცრუპენტელამ და ცხელი ქვა თეფშზე დააგორა, თეფში გატყდა, ქვა ნაცარში გაგორდა და ბდღვირი დააყენა.
ცრუს ნაცრით აევსო თვალები, მაგრამ ხორცის ძებნას თავი არ დაანება. ბოლოს იპოვა და ხელი დაავლო, მაგრამ უმალ გააგდო, ცხელმა ქვამ ხელები დაფუფქა.
- ვაიმე!.. ეს ხორცი კი არა ქვაა! დედა დავიწვი! - ყვიროდა გამწარებული.
ცრუპენტელამ ეშმაკური ღიმილით უთხრა: - ღმერთმა იწყინა რომ თქვი, ეს ხორცი კი არა, ქვააო და იმიტომ ქვად აქცია.
განთიადისას გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და დაბურულ ტყესთან შეჩერდნენ. ცრუმ თქვა: - ამბობენ, ამ ტყეში კაციჭამიები ცხოვრობენო.
შევიდნენ ტყის სიღრმეში. ცრუპენტელას თვალებში შიში ჩაუდგა: ვაითუ მართლა კაციჭამიები არიანო.
ამ დროს მონადირე გამოჩნდა, რომელსაც რამდენიმე კურდღელი და მელა ეკიდა წელზე. ამაყად მოაბიჯებდა.
- შენ, ეი! კაციჭამია, საით გაგიწევია? - მიაძახა ცრუპენტელამ.
- რაო?! - გაჯავრდა მონადირე, - ვინ არის კაციჭამია, რას მიედ-მოედები, სიცოცხლე ხომ არ მოგძულებია, - მიაძახა და თოფი ესროლა.
- ვაიმე!.. ჭამია კი არა, ყლაპია ყოფილხარო, - დაიძახა და პირქვე დაემხო. ცრუ აიმრიზა, აიწურა, ვაითუ მეც მომცვდესო.
აკანკალებულმა ცრუმ პირქვედამხობილი ცრუპენტელა გადმოაბრუნა. ცრუპენტელამ გააღო თვალები, მაგრამ შიშისაგან ისევ დახუჭა, როცა დაინახა თავს წამომდგარი მონადირე.
- ადექი! - უბრძანა მონადირემ.
- როგორ ავდგე. მკვდარი ვარ, ბატონო, მკვდარი, ხელები აუკანკალდა ცრუპენტელას.
- სტყუის, ბატონო, სტყუის! არ დაუჯეროთ, ცრუპენტელაა. როდის იყო მკვდარი ლაპარაკობდა! - აყვირდა ცრუ.
- გაჩუმდი, შენ ცრუო, შენა! ნუთუ არ იცი, რომ ადამიანები არ კვდებიან?!
- ჰმ, ორმაგი სიცრუეა, - თქვა და ჩაიცინა ცრუმ.
- არ კვდებიან, არა!
გაჯავრდა ცრუპენტელა, - კარგად ვიცი, რომ მე ოდესღაც მოვკვდი, გავიდა დრო და ისევ განვმეორდი ამ ქვეყანაზე. ერთხელ კი არა, ვინ იცის რამდენჯერ და ამიტომაცაა, რომ სიკვდილის არ მეშინია, იგი არ არსებობს.
მონადირე დაეჭვდა, იქნებ მართლა არ არსებობს სიკვდილიო და ცრუპენტელას უთხრა: - ნანადირევს სულ შენ მოგცემ, თუ დამარწმუნებ, რომ სიკვდილი არ არსებობს.
- ხომ დაინახე, მოვკვდი და ისევ გავცოცხლდი, მოდი ახლა და ნუ დაიჯერებ, - უთხრა ცრუპენტელამ.
- რაღაც არა მჯერა - მხრები აიჩეჩა მონადირემ.
- ჩუ! არ გაიგონოს ღმერთმა, თორემ გიწყენს. თავის დღეში ვერაფერს ინადირებ, მუდამ ხელცარიელი იქნები, - უთხრა ცრუპენტელამ და ნანადირევიც ჩამოართვა.
დიდი ხნის მშიერი კუჭი კურდღლის გემრიელი ხორცით გამოიძღო ცრუპენტელამ, მელიის ძვირფასი ბეწვი კი, - გამომადგებაო - თქვა და შეინახა.
იარეს, იარეს და მდინარის პირას შეჩერდნენ. მდინარეზე მორი იდო, რომლითაც მეორე ნაპირზე გადიოდნენ.
- გადი და მოგყვებიო, - უთხრა ცრუპენტელამ.
მიდის ცრუ და დროდადრო უკან იხედება შიშისაგან. ამ დროს ცრუპენტელამ ფეხი დაჰკრა მორს, მორი დაყირავდა, ზევით ავარდა და ჩვენი ცრუ სადღაც გადაისროლა.
მიიხედ-მოიხედა ცრუპენტელამ და რაკი ამხანაგი ვერსად დაინახა, გამარჯვებულის სახე მიიღო და ხმამაღლა დაიძახა:
- ხომ მოგიშორე, შენმა სიცრუემ სისხლი გამიშროო.
სად იყო, და სად არა, მოფრინდა ყორანი.
- ცრუპენტელა, სად არის შენი ამხანაგი?
- იმ ქვეყანაში გავისტუმრე.
- ცდები! - იმ ქვეყანაში კი არა, ოქროს კოშკში ზის, - უთხრა ყორანმა.
- რას ამბობ?! რატომ სტყუი!
- ცრუპენტელა ხომ არ გგონივარ, სიცრუე რომ ვთქვა, - უთხრა და გაფრინდა.
საგონებელში ჩავარდა ცრუპენტელა: რა ეშმაკად ვარ გაჩენილი. აგი მინდა, იგი მინდა! ნეტავ მე წავსულიყავი წინ, რაღა იგი გავუშვიო, ნანობდა.
მართლაც, დაყირავებულმა მორმა ცრუ სამოთხეში გადაისროლა. სამოთხეში ყველა კეთილი და პატიოსანი ცხოვრობდა. ცრუ გულთბილად მიიღეს. სამოთხის