შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსანი

დასაწყისი

რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

ჰე ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიმდე გასატანისა,
ცოდვათა შემსუბუქება, მუ თანა წასატანისა.

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წარუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

* * *
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

მას ტანსა კაბა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე უყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

დასასრული

გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.
გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეს სიმუხთლე ჟამისა!
ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.

* * *
ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა,
ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.