ამირანი

იყო ერთი ცოლ-ქმარი, სულკალმახი და დარეჯანი და ჰყავდათ სამი ვაჟი - უფროსი ბადრი, შუათანა უსუპი და უმცროსი ამირანი. როგორც ნაბოლარა შვილი, ამირანი დედას გამორჩეულად უყვარდა და საკუთარ ძეს, დარეჯანის ძეს ეძახდა. ამირანი ცოლ-ქმარს, დარეჯანსა და სულკალმახს ისეთ დროს ეყოლათ, როცა უკვე ღრმად მოხუცები იყვნენ და სიცოცხლის დიდი დღე აღარ ეწერათ. ამიტომ გადაწყვიტეს, მდიდარი კაცისათვის მოენათვლინებინათ, რომ მათი სიკვდილის შემდეგ ნათლიას წაეყვანა და გამოეზარდა. მომიწვიეს მდიდარი კაცი ნათლიად, მაგრამ ნათლობის დღეს სულკალმახის სახლში მათხოვრულად ჩაცმული ღმერთი გამოცხადდა და სულკალმახს სთხოვა, შენი შვილი მე მომანათვლინეო. სულკალმახი და დარეჯანი დათანხმდნენ და ამირანი ღმერთს მოანათვლინეს. ღმერთმა ამირანს დაანათლა: დაქანებული ზვავის შეუპოვრობა, თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე და მგლის მუხლი, ბავშვობაში ობლობა და გაჭირვება, ხოლო ვაჟკაცობაში ომი და გამარჯვება.

მართლაც, არ გაუვლია დიდხანს, რომ სულკალმახი და დარეჯანი დაიხოცნენ და ძმები ობლად დარჩნენ. მაშინ დევები ზეპირ დადიოდნენ და ძალიან ბევრნიც იყვნენ. რაკი უპატრონო ობლები დაიგულეს, რაღა გააჩერებდათ, დაესხნენ თავს, წაართვეს მთელი საცხოვრებელი და სახლიდანაც გამოყარეს. დევებისაგან დაწიოკებულმა ძმებმა თავი საჩალესღა შეაფარეს, მაგრამ დევებმა არც იქ დააყენეს, მაშინ ადგნენ ძმები და სულ სხვა მხარეს გადაიხვეწნენ:

ბადრი, უსუპი, ამირან ობლები მოვიყარენით,
დევების დაშინებულნი, ჩაბალხეთს ჩავიყარენით,
ღველფ არ გვინახავს, კერაი, საჩალეს მოვიზარდენით.

გავიდა ხანი, ძმები დაიზარდნენ და მშვენიერი ვაჟკაცებიც დადგნენ, მაგრამ ღონით ამირანი ორივე ძმას სჭარბობდა.

ბადრი ქალსა ჰგავს ლამაზსა საქმარედ მოპირებულსა,
უსუპი - ბროლის ციხესა, თავ-ბოლო გამაგრებულსა,
ამირან - შავსა ღრუბელსა, საავდროდ დამზადებულსა.

ამირანი ტანად მომცრო იყო, მაგრამ ღონე ასი კაცისა ჰქონდა და სმა-ჭამაც იმდენივე უნდოდა:

ცოტა კაცია ამირან, ცოტა სმა-ჭამა ეყოფა:
სადილად ბუღა კამეჩი, ვახშმად არც სამი ეყოფა.

ძმები რომ დაიზარდნენ, ყველას სამაგიერო გადაუხადეს, ვინც კი ობლობაში აწყენინა, ან სიკეთე უყო, კარგის მქნელს სიკეთით მიუზღეს, ხოლო მოძალადე დევებს შინ მიუცვივდნენ და ხმლით შემუსრეს:

ვინც კარგი გვიყო ობლებსა, მუშაში დავეტანენით,
ხოლო ვინც ავად მოგვექცა, იმას შინ შავეტანენით,
სამნი ჩვენ, ცხრანი კარავსა, ბოლოში გავიყარენით,
დევები, დევთ დედაბრები სულ ხმლებქვეშ გავატარენით.

გაჟლიტეს დევები და თავიანთ სახლ-კარს თვითონვე დაეპატრონენ, ძმები დღისით სანადიროდ დადიოდნენ და თავს ნანადირევით ირჩენდნენ. ერთხელაც წავიდნენ სანადიროდ, იარეს ტყე-ღრეში, ცხრა მთა გადაიარეს, მაგრამ ვერაფერი მოკლეს. ბოლოს ალგეთის მთაზე გადავიდნენ და ერთი ოქროსრქიანი ირემი წამოუხტათ, მაგრამ სანამ ისარს ესროდნენ, ირემმა გაიწყო ზურგზე დატოტილი რქები და ტყეში შევარდა. მიჰყვნენ უკან ამირანი და ძმანნიც მისნი:

სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი,
გადიარეს ცხრანი მთანი, მეათენი ალგეთისნი,
მთას ირემი წამოუხტათ, ოქრო იყო რქანი მისნი,
მინდორს კვალი მოუკვლიეს, დანაჭლიკნი ხარირმისი,
უცხო მთაზე კოშკი ნახეს ანაგები ბროლის ქვისი,
მოუარეს გარე-ირგვლივ, ვერ იპოვეს კარი მისი,
სადაც მზემან სხივი დაჰკრა, ამირანმა - მუხლი მგლისი,
კოშკმაც პირი იქ გაიხსნა, იქ შეება კარი ხისი,
კოშკში ერთი მკვდარი იწვა, ლომი იყო ტანი მისი,
იმას თავთით რაში ება, ტორით მიწას თხრიდა ისი.
მარცხნივ რომ შუბი ეყუდა, ცასა ჰხევდა წვერი მისი,
მარჯვნივ თავის ხმალი ედო, პირი ჰქონდა ალმასისი.
გვერდით ერთი ქალი ეჯდა, ზღვას ერთვოდა ცრემლი მისი.
თითებსა და თითებს შუა წიგნი ჰქონდა ქაღალდისი.
წაიკითხეს; შიგ ეწერა: ნაანდერძი ცამცუმისი:
„არც ისე დაკარგული ვარ, დისწული ვარ უსუპისი,
სანამ ვიყავ, მტერი ვმუსრე, არ შევჭამე ჯავრი სხვისი,
მოვკვდი, მხოლოდ ჯავრი ჩამყვა, ერთი დევის ბაყბაყისი,
ვინაც მოჰკლავს ბაყბაყდევსა, ჩემი შუბი ალალ მისი,
ვინც დედ-მამას დამიმარხავს, ჩემი ხმალი ალალ მისი,
ვინც მე მომივლის, დამმარხავს, ცოლიც, რაშიც ალალ მისი“.

წაიკითხა ამირანმა წიგნი და ძმებს უთხრა:

- ხომ სულ ერთია იმ ბაყბაყდევს მოუკლავს არ გავუშვებთ, მოდით, როგორც ანდერძში წერია, ეს ხმალ-შუბი ახლავე წავიღოთ და ეს ქალი და რაშიც წავიყვანოთო.

ძმებმა დაუშალეს, სირცხვილია, ხალხი იტყვის, მკვდარი გაძარცვეს და დაგვცინებენო:

ნუ, ამირან, ძმათა მზესა, ნურა გინდა ნურავისი,
გამოდი და გამოხურე საყდარი და კარი მისი,
თორემ გმირნი დაგვძრახავენ: მკვდარი გაუძარცვავთ სხვისი.

დაუჯერა ამირანმა ძმებს და ამ განზრახვაზე ხელი აიღო. მერე საფლავი გათხარეს, ცამცუმი დამარხეს, გამოხურეს კოშკის კარი და წავიდნენ ბაყბაყდევის საძებრად. ბევრი ძებნა და სიარული არ დასჭირვებიათ. ცოტა რომ გაიარეს, გზაზე ბაყბაყ დევი შემოხვდათ, დაუახლოვნენ ერთმანეთს და ამირანმა შესძახა:

- სად მიხვალ, შე აყროლებულო, საითკენ მიეჩქარებიო?

- უსუპის ძმისწული სამსუნი მომკვდარა და მისი ლეშის საჭმელად მივდივარო, - უპასუხა ბაყბაყმა.

ამირან, დევი ბაყბაყი ჩასაუბრობენ მტრულადა,
ხმალზე ხელი ადევს ამირანს, ცხარე ომს ფიქრობს გულადა.

ბოლოს ამირანმა უთხრა ბაყბაყ დევს:

- შენ ქრისტიანის ლეშს არავინ შეგაჭმევს და გირჩევნია, ახლავე უკან დაბრუნდეო.

მაგრამ ბაყბაყდევმა ამირანის მუქარა არაფრად ჩააგდო და დაცინვით უთხრა:

- ვითომ შენ დამიჭერ გზასაო?

ამირანი გაბრაზდა და ეძგერა ბაყბაყდევს. ეძგერა ბაყბაყდევიც და დაიწყო ცხარე ომი.

ამირან, დევი შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალი,
ამირანმა დევი დასცა, ადგილი დახვდა ქვიანი,
დასცა და მხარი მოსტეხა, დააწყებინა ღრიალი.

დევი შეშინდა და ამირანს შეეხვეწა:

- ნუ მომკლავ, დარეჯანის ძევ, ხელი გაფიცო ხმლიანი,
მანდილი დედიშენისა, თაკლაი, ოქროიანი,
ზღვას გაღმა ქალი გასწავლო, სახელად ყამარიანი,
საყამაროსა კაბასა, შვიდი დღე უნდა მზიანი,
შვიდ კვირეული საპონი, ჩვიდმეტი კოკა წყლიანი,
წასვლა ადვილი იქნება, მოსვლა გახდება გვიანი,
მოყვარული ხარ ომისა, გზა იქ გექნება მტრიანი,
თან შიკრიკს გამოგაყოლებ, ვაჟია ღალატიანი.

ამირანმა შეიწყნარა ბაყბაყდევი, მაგრამ ძმებმა არ დაანებეს. უთხრეს:

- მოკალი, თორემ დევი არ დაიზავება და ცუდ საქმეს გიზამსო.

დაუჯერა ძმებს ამირანმა და მოსჭრა დევს ორი თავი, მესამე თავის მოჭრაც რომ დაუპირა, დევმა კიდევ სთხოვა:

- ხომ მკლავ და მკლავ, უკანასკნელად ეს თხოვნა მაინც ამისრულე: ჩემი თავებიდან თითო ჭია ამოძვრება და იმათ ნუ დახოცავო.

მოსჭრა ამირანმა მესამე თავიც. თავებიდან მართლაც ამოძვრნენ ჭიები და კლაკვნა დაიწყეს. ძმებმა უთხრეს ამირანს:

რაკი ერთი ჭირი მოიშორე, ძმაო ამირან, მოდი ეგ ჭიებიც მიაყოლე, თორემ ეგენი რამე ხიფათს გადაგყრიანო.

ამირანმა ამჯერად აღარ დაუჯერა.

- რას ამბობთ, ძმებო, დევმა ვერაფერი მიყო და ჭიები რას მიზამენ, ჭამამ რა მიყო, ლოკვამ რა მიყოსო. ერთი თხოვნა თქვენ აგისრულეთ და მოდით, ერთსაც დევს ავუსრულებო. - უთხრა ამირანმა და ჭიები ცოცხლები გაუშვა. მერე მიუბრუნდა ბაყბაყდევის გამოტანებულ შიკრიკს და უბრძანა, - აბა, შიკრიკო, აჩქარდი, ფეხიც ააჩქარე და ყამარისაკენ სავალი გზა გვასწავლეო.

წაუძღვა შიკრიკი და წავიდნენ. იარეს, ბევრი იარეს, მრავალი მთა და ველი გადალახეს, მაგრამ გზა ვერ გაიტანეს. შიკრიკი ღალატობდა, ძმების დახოცვა უნდოდა და სხვადასხვა გზით ერთსა და იმავე ადგილზე ატარებდა. უსუპმა პირველმა შეატყო შიკრიკს ღალატი და გავლისას ერთ კუნძულს ისარი დაჰკრა, მართლაც მეორე დღეს შიკრიკმა იმავე გზაზე გამოატარა. უსუპმა იცნო თავისი ისარი და ამირანს უთხრა:

ვერ გაგიგია, ამირან, არგამარჯვების ნიშანი
მეორედ იქვე მოვედით, გუშინ რომ დავკარ ისარი.

ამირანი განრისხდა და შიკრიკს შეუტია:

შიკრიკო, გზანი გაიხვენ, თუ არ ხარ თავის მისანი,
თორე აგიღე, გაგთელე, რო საკიდობნე ისარი.

შიკრიკმა ახლა კი იკადრა, „გაიხვნა გზანი“ და ძმები ერთ ტრიალ მინდორზე გაიყვანა. გაიხედა უცებ ამირანმა და დაინახა, რომ ის სამი ჭია, ბაყბაყდევის თავებიდან რომ ამოძვრნენ, უზარმაზარ გველებად ქცეულიყვნენ და მისნდორზე საზარლად მოიზლაზნებოდნენ. ერთი თეთრი იყო, ერთი - წითელი და ერთიც - შავი.

მინდორში სამი ჭიანი მოდიან, მოიმღერიან,
თვალს უცემს დარეჯანის ძე, - მაგათთან ომი მწადიან.

ამირანმა უთხრა ძმებს:

- აბა, ძმებო, მეტი გზა არ არის, მაგ გველეშაპებს უნდა შევებძოლოთ, თეთრი - ბადრს, წითელი - უსუპს და შავი მე დამანებეთო.

- მარტო შავი კი არა თეთრი და წითელიც შენთვის დაგვინებებია, - უთხრა უსუპმა, - როცა გირჩიეთ, რომ ის ჭიები ცოცხლები არ გაგეშვა, არ დაგვიჯერე და ახლა როგორც გინდა, ისე გაუსწორდი, შენი გამრუდებული გზა შენვე გაასწორეო.

ამირანს ეწყინა ძმის ასეთი პასუხი და საყვედურით უთხრა:

უსუპო, ჩემი სიმუხთლე, სულმუდამ გულში გდებია,
ტვინი - სადები თავშია, ჩაბალახშია გდებიაო.

და ბადრს მიუბრუნდა, - შენ მაინც მიშველეო, მაგრამ ბადრიმაც უარი უთხრა: ამირანმა ახლა ბადრს უსაყვედურა:

ტრელი ყოფილხარ, ძმავ, ბადრო, გულიც ალქატი გქონია,
დაჯე და ტყავები კერე, სხვა ხელი არა გქონიაო.

რაკი ბადრისგანაც უარი მიიღო, იმედი ბოლოს აბჯარ-საჭურველზედა დაყარა და შესთხოვა, - ჩემო ხმალო და აბჯარო, საძალედ მომეშველენითო, და გაუმართა სასტიკი ომი გველეშაპებს. მოკლა თეთრი, მოკლა წითელი და დამაშვრალი ბოლოს შავს შეება:

თეთრი მოკლა და წითელიც შავსა შეება მაშვრალი.

მაგრამ შავს ვეღარ დასძლია. შავმა თვითონვე ჩაყლაპა და გასწია შავი ზღვისაკენ. ზღვის პირას ერთი რკინის ბოძი ჰქონდა, როცა ვინმეს ჩაყლაპავდა, ამ ბოძს შემოეხვეოდა, დაამტვრევდა და ისე მოინელებდა, მაგრამ ახლა ბოძამდე მისვლა ვეღარ მოასწრო. ძმებმა რომ დაინახეს ამირანის გასაჭირი, მაშინვე მისაშველებლად გაეშურნენ, დაეწივნენ გველეშაპს, უსუპმა ისარი ესროლა და ცხრა ადლი კუდი მოსწყვიტა. გველეშაპი შემოეხვია რკინის ბოძს, მაგრამ კუდი პირამდე აღარ მისწვდა და ამირანი დამტვრევას გადარჩა.

ამირანს ჯიბეში ალმასის დანა ედო, მაგრამ ახლა აღარ მოაგონდა. ძმებმა ეს იაზრეს და უსუპმა უთხრა ბადრს:

- მოუდის დარეჯანის ძეს ჯიბეს ჩადება დანისა,
ამოღება და გამოჭრა შავისა გველეშაპისა.

მართლაც, მოაგონდა ამირანს თავისი ალმასის დანა, ამოიღო იმავ წამს, გამოსჭრა მუცელი გველეშაპს და გამოვიდა. ცოცხალი კი გადარჩა, მაგრამ თმა-წვერი მთლიანად გასცვენოდა და გატუსულ გოჭს დამგვანებოდა. ძმებმა შეხედეს და სიცილი დაიწყეს:

ამირანი დაიბადა გოჭსა ჰგავდა ხუხალასა,
წვერ-ულვაში გასცვენოდა, ჩაეყარა ტომარასა.

ეწყინა ამირანს ძმების დაცინვა და გაჯავრებით უთხრა:

იგივ ვაჟია ამირან, გუშინ რომ ჩამოქარობდა,
არცა რა ბევრი ტანთ ეცვა, არცა რა მკლავთ უფარობდა.

ძმებმა დაამშვიდეს, ვიხუმრეთ, ნუ გეწყინებაო და თანაც დაამშვიდეს:

მინდორზე გამოვიარე, დავკრიფე ვარდი - სოსანი.
ამირან ნუ გეწყინება, სხვანიც არიან ქოსანი,
თხასაც ასხია ბალანი, ჩალად არა ღირს თმოსანი.

ამირანი რომ დამშვიდდა, უსუპმა უთხრა:

- წვერ-ულვაშზე ნუ ინაღვლებ, ძმაო, ამირან, მაგის ხელობა იგრი-ბატონმა იცის, მივიდეთ მასთან და ისეთ წვერ-ულვაშს გაგიკეთებს, როგორსაც ეტყვიო.

წავიდნენ იგრი-ბატონთან. გზაზე ძმებმა ამირანი დაარიგეს:

- იგრი-ბატონი ცოტა ავი კაცია, კარზე რომ მიხვალ, იგრი-ბატონი დაუძახე, სხვანაირად არ მიმართო, თორემ გაწყრება და წვერ-ულვაშს აღარ გაგიკეთებსო.

მაგრამ ამირანი ხეტი კაცი იყო და ასეთი თავაზიანობისა არაფერი გაეგებოდა. მივიდა თუ არა იგრი-ბატონის კარზე, ძმების დარიგება აღარც კი მოჰგონებია და თავისებურად, მკვახედ შეუძახა:

- იგრი, იგრი, კარში გამო, წვერ-ულვაში გამიკეთეო!

იგრი-ბატონი ხელკეტით გამოვარდა, - ვინა ხარ, ვინ მოთრეულხარ, რომ „იგრი-ბატონის“ დაძახებასაც არა ჰკადრობო, მაგრამ შეხედა თუ არა დარეჯანის ძეს, მაშინვე იცნო და ენა მუცელში ჩაუვარდა. მოკრძალებით ჰკითხა:

- რა გინდა, დარეჯანის ძევ, რა გაგჭირვებიდა და რითი გემსახუროო?

- ხომ ხედავ, წვერ-ულვაში აღარა მაქვს და გამიკეთეო, - უთხრა ამირანმა.

- მე ჩემი ხელმწიფე მყავს, - უთხა იგრი-ბატონმა, - და სანამ იმის ნებართვას არ მომიტან, ვერ გაგიკეთებო.

ამირანი წავიდა იგრი-ბატონის ხელმწიფესთან, მაგრამ ხელმწიფემ უწვერ-ულვაშო ამირანი ვერ იცნო და უკმეხად მიახალა:

- წადი, წადი, წაეთრიე, არც კი გიცნობ ვინა ხარ და რა ბრძანება უნდა მოგცეო!

- ვინა ვარ და, გაგაცნობ თავსო! - განრისხდა დარეჯანის ძე, წასწვდა ხელმწიფეს, წაჰგლიჯა თავი, გამოიხვია ჩოხის კალთაში და წაუღო იგრი-ბატონს, გაუგორა ფეხებწინ და უთხრა:

- აჰა, ეგეც ბრძანება და საქმეს შეუდექიო!

რაღას იზამდა იგრი-ბატონი, მაშინვე გაუკეთა მშვენიერი წვერ-ულვაში და გაისტუმრა.

შეიყარნენ ძმები ისევ ერთად და წავიდნენ ყამარის საძებნელად. ბევრი იარეს, ბევრი ხიფათი, გაჭირვება გამოიარეს და ღვარეს სისხლი. მოსწყინდათ ბადრსა და უსუპს სულ არე-არეზე სიარული, სულ ომი და სისხლისღვრა, დაიღალნენ, დაიქანცნენ, დაიღალა შიკრიკიც და ძმებმა ამირანს უსაყვედურეს:

- შენისა ცოლის გულისათვის სულ ძმები დავილიენითო! რას დავდივართ ტყე-ღრეში, სახლი ჩვენთვის არ არის და თავშესაფარი. დათვსაც თავისი ბუნაგი აქვს, ჩვენ კი, სულკალმახის შვილებს, სულს იქით აღარაფერი შეგვრჩა. მოდით, დავბინავდეთ სადმე და ოჯახებს მოვეკიდოთო.

ამირანი ამჯერად არ შეედავა ძმებს, შიკრიკი დაითხოვა, ხოლო ძმები წაიყვანა და დევების სახლთან მიიყვანა:

- აიქ ჩავიდეთ, უსუპო, გუშინ რომ ქარი ხვიოდა,
დევებსა ჰქონდათ ქორწილი, სიმღერა გამოდიოდა.

ძმებმა დაუშალეს, ბევრნი არიან და ვაითუ დავმარცხდეთო. მაგრამ დარეჯანის ძემ არ დაიშალა, თქვენ გამომყევით და მე ვიცი და იმ დევებმაო, - უთხრა ძმებს და ხელი თავის მოკლე ხმალზე დაიდო.

ეს დევები მართლაც ძალიან ბევრნი იყვნენ, უზარმაზარი ოჯახი ჰქონდათ და უთვალავი ქალ-რძალი და შვილ-შვილიშვილები ჰყავდათ. თვითონ არაფერს აკეთებდნენ, სულ სხვათა ნაძარცვით ცხოვრობდნენ და დღესა და ღამეს ლხინსა და განცხრომაში ატარებდნენ. მივიდა ამირანი დევების სახლის კარზე და უშიშრად გაიარ-გამოიარა. დაინახა ერთმა ქალმა, შევარდა და დევებს უთხრა:

- აქ ვიღაცა კაცი მოსულა, კარზე დასეირნობს და აინუნშიაც არ აგდებს თქვენს აქ ყოფნასო.

დევებმა თქვეს, ეგ თუ იქნება, დარეჯანის ძე იქნება, აქ სხვა ვერავინ მობედავდაო, და ქალი ხელახლა გამოგზავნეს, - გადი, ახლოს გაუარ-გამოუარე და გაუცინე, იქნებ თვითონაც გაგიცინოს, შენ კარგად დააკვირდი და თუ ოქროს კბილი გამოუჩნდეს, შემოდი და საჩქაროდ შეგვატყობინე, თადარიგი უნდა დავიჭიროთ, თორემ დარეჯანის ძე ადვილი სასტუმრო კაცი არ არისო.

გამოვიდა დევის ქალი, გაუვლის ამირანს, გამოუვლის და გაუცინებს, ამირანმა ითმინა და ბოლოს უთხრა:

რას მიცინი, დევის ქალო, რას მიელვი თეთრსა პირსა,
გამივლი და გამომივლი, გამისინჯავ ბაგე-კბილსა?
სომეხი ვარ, ტანტრე მქვია, დავკარგე და ვეძებ ვირსა,
დღეს დავკარგე, ხვალ ვიპოვნი, ჩემი ბედი ასრე სჭრისა.

ქალი შევიდა და დევებს მოახსენა:

- იმ კაცს მართლა აქვს ოქროს კბილი და საცრისხელა თვალები უსხედს. ვირი დაუკარგავს და იმას დაეძებსო.

- ოჰ, დარეჯანის ძე ყოფილაო, - თქვეს დევებმა და საომრად მზადება დაიწყეს, მაგრამ სანამ იარაღს აისხამდნენ, ამირანი თვითონ შეუვარდა, დაიდო ხმალზე ხელი და წაიკაფიავა:

ვაჟიკაცო, გულოვანო, ღვინის ფერო, მცინარეო,
ხმლის სიმოკლე რას დაგიშლის, ფეხი წადგი წინარეო!

დაერია დევებს თავისი მოკლე ხმლით და სულერთიანად ამოჟლიტა. დევების სისხლით სახლი ჭერამდე აივსო, ამირანი სისხლში მოჰყვა, სისხლი გაიყინა, შეკუთდა და სუნთქვა გაუძნელდა. ამირანმა მიძრ-მოძრა მხრები, მაგრამ ამაოდ, სისხლის მორევს ძვრაც ვერ უყო. ამირანს დახრჩობას აღარფერი უკლდა, მაგრამ სიცოცხლე იმდენად არ ენანებოდა, რამდენადაც ყამარის უნახაობა. ბოლოს დამორჩილდა ბედს და სინანულით ჩაილაპარაკა:

მოვღალე გმირის მარჯვენა ამდენი ომში ქნევითა,
ჯაჭვის კალთები დამაცვდა ამდენი სისხლში რევითა,
ვაიმე, ქალო, ყამარო, ვერ გავძეხ შენი ხვევითა.

მაგრამ ამირანი ბედისაგან განწირული არ იყო. უცბად სისხლში ერთი დაჭრილი დევი დაინახა, დასწვდა დევს, ესროლა კარს და გატეხა. სისხლს რაკი გზა გაეხსნა, ნიაღვარივით მოსკდა და კარში გამოიღვარა. ამირანმა მხრები გაიბერტყა და თავისუფლად ამოისუნთქა.

ძმებმა გაწმინდეს სახლი, მიალაგ-მოალაგეს და დაიწყეს შიგ ცხოვრება. ერთხანს ამირანმაც მოისვენა, მაგრამ გული სახლში დიდხანს არ დაუდგა, დღე და ღამე ყამარის ლამაზი სახე ელანდებოდა და იმის უნახაობა მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ბადრს სთხოვა:

- მათხოვე შენი თეთრონი, ზღვაში გავალ და ყამარს გამოვიყვანო.

ბადრო, მათხოვე თეთრონი, ზღვაში გავიდე ნდგლევითა,
გამოვიყვანო ყამარი - ქალია თეთრი მზევითა,
თან ყურძენ გამოვაყოლო, ტკბილია დედის რძევითა.

ათხოვა ბადრმა თეთრონი, ძმებიც გაჰყვნენ და წავიდნენ ყამარის მოსაყვანად. ამირანმა ძმები ზღვის პირას დატოვა, თვითონ კი თეთრონზე შეჯდა და ზღვაში შეცურდა. გააპო ზღვა, გავიდა იქით ნაპირზე და გასწია ყამარის მამის სამფლობელოსაკენ. იარა, იარა და ბოლოს ყამარის ბროლის კოშკსაც მიადგა.

ყამარი ქაჯთ ხელმწიფის ქალი იყო. ქაჯთ ხელმწიფე უმეტესად ცაში ცხოვრობდა. იმხანადაც დედ-მამა ცაში ჰყოლოდა და კოშკში მარტოკა თვითონ იყო. სარკმელთან იჯდა და ჭურჭელს რეცხავდა. ამირანმა თეთრონი სარკმლის ძირას მიაგდო და შესძახა:

- მოვედი, ყამარ-ქალო, შენი მაძებარი დარეჯანის ძე, ჩამოდი, შემომიჯექ ცხენზე და ჩემთან წაგიყვანო.

ყამარსაც მოეწონა ამირანი და ჩამოსძახა:

- ამოდი, ცოტა ხანს შეისვენე, ბარემ მეც მოვრჩები ჭურჭლის დარეცხვას და მერე წავიდეთო.

ამირანმა თეთრონი დააბა და ყამართან ავიდა, ყამარმა დარეცხა ჭურჭელი და ამირანს უთხრა:

- სანამ მე ტანსაცმელს გამოვიცვლი, შენ ეს დარეცხილი ჭურჭელი ერთმანეთზე დააწყვე, ოღონდ ფრთხილად კი იყავი, არაფერი გაგიტყდეს, თორემ დავიღუპებითო.

ყამარი მეორე ოთახში გავიდა, ამირანი კი ჭურჭლის დალაგებას შეუდგა. აწყობს ამირანი ჯამებს, მაგრამ ერთ ჯამს ვერაფერი მოუხერხა, - რამდენჯერაც პირქვე დადგა, იმდენჯერ გულაღმა გადმობრუნდა. გაჯავრდა დარეჯანის ძე, დასცა წიხლი ურჩ ჯამს და ნამსხვრევებად აქცია. გატყდა თუ არა ჯამი, ერთი აურზაური გაიმართა, - მთელმა მთელს უთხრა, ნატეხმა ნატეხს, აიშალა მთელი ჯამ-ჭურჭელი და წივილ-კივილით ცისკენ წავიდა, - არიქათ, ყამარს იტაცებენ და ჩქარა მდევარი შეყარეთო!

გამოვიდა ყამარი და ამირანს უთხრა:

- აბა, ჩქარა გავშორდეთ აქაურობას, თორემ მამაჩემი დაგვედევნება თავისი ლაშქრით და ცოცხლები ვერ გადავურჩებითო.

საჩქაროდ ჩამოვიდნენ ძირს, შესხდნენ თეთრონზე და გაქუსლეს.

ცოტა გზა რომ გაიარეს, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ხეებს სულ ლაწალუწი აუყენა და მიწა-მტვერიც ერთმანეთში აირია. ამირანმა მაღლა აიხედა და თქვა:

- ცაში ავდრის ნიშანი არაფერი ჩანს და ეს გრიგალი საიდან გაჩნდაო?

- ეს ქარი მამაჩემის ლაშქრის სუნთქვააო, - უთხრა ყამარმა.

ცოტა გზა კიდევ გაიარეს და ახლა კოკისპირული წვიმა დაუშვა. ისევ აიხედა ამირანმა და გაკვირვებულმა თქვა:

- დიდება შენდა, ღმერთო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ იბადება და ეს ნიაღვარი საიდან მოდისო?

- ეს წვიმა დედაჩემის ცრემლია, - უთხრა ყამარმა, - ეტყობა, ჩემს დაკარგვას ტირის. აჩქარდი, ამირან, თორემ მამაჩემიც მალე მოგვეწევაო.

ამირან გვალე-გვალესა, მუხლად გაქებენ მალესა,
ამბრნი, უმბრნი და არაბნი ცხენს შესხდებიან ჩქარესა,
მალედვე მოგეწევიან, ომს აგიტეხენ ცხარესა.

ამირანმა ცხენი ბედენად არ ააჩქარა და ყამარიც დაამშვიდა:

ამოდ იარე, ყამარო, გზათა ვერ დაჰლებ რბოლითა,
არა ვარ ტყისა ხოხობი, მომინადირონ ქორითა.
არცა ვარ ჭალის კურდღელი, რომ დამიჭირონ მწევრითა,
არცა ვარ ხისა ფურცელი, გადამიტანონ ქარითა,
მოვლენ და მეც აქ დავხვდები, ამ ჩემი გორდა ხმალითა,
უსუპითა და ბადრითა, მესამით ამირანითა.
იმ მამაშენის ლაშქარსა მარტოც ვეყოფი ჯანითა,
სუყველას თავებს დავაჭრი საპურყველია დანითა.

გამოვიდა ამირანი ზღვას და გამოიყვანა ყამარიც. ცოტა ხანი და ზღვას ყამარის მამის ლაშქარიც მოადგა ხომალდებით, გაივსო ჯარით ზღვის ნაპირი. ამირანმა უთხრა ბადრს:

- შეკაზმე, ძმაო, შენი თეთრონი, შეჯექ ზედ და გაიგე, ლაშქრის შემოვლაში რამდენი ხანი გადჭირდებაო.

ბადრის თეთრონი ისეთი ჩქარი იყო, რომ ერთი დღის სავალს ერთ წამში გაირბენდა, ზღვა და ხმელი მისთვის სულერთი იყო. შეკაზმა ბადრმა თეთრონი და ჩავიდა. დაარჭო ერთ ადგილას ისარი სანიშნოდ, რომ იქვე მოსულიყო და თეთრონი ნიავივით გააქროლა, მაგრამ ყამარის მამის მოლაშქრე ქაჯებმა ისარი ამოაძრეს და უკან გამოუდგნენ. არბინა ბადრმა თეთრონი რაც ძალი და ღონე ჰქონდა, არბინა ცხრა დღე და ღამე, მაგრამ თავისი დარჭობილი სანიშნო ისარი ვერსად ნახა, დაღლილ-დაქანცული ამირანთან დაბრუნდა და უთხრა:

ცხრა დღე მივლია, ცხრა ღამე, გარსა ვერ მომირბენია,
ამ ჩემი თეთრონისთვინა ოფლი არ შემიშრენია,
ამ ჩემი მათრახისთვისა ფოჩი არ შემირჩენია.

- მაშ მე თვითონ წავალო, - თქვა ამირანმა და შეჯდა თეთრონზე, ჩავიდა ყამარის მამის ლაშქართან, დაარჭო ისარი და თეთრონი გააფრინა, მივარდნენ ეშმაკები ამირანის ისარსაც, ეჯაჯგურნენ, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს. შემოირბუნა ამირანმა ერთ საათში ლაშქარს და დაბრუნდა ძმებთან. უთხრა უსუპს:

- უფროსი ხარ და პირველი ჩასვლა შენ გეკუთვნის. ჩადი, იომე და, რომ გაგიჭირდება, ჩვენც ჩამოგეშველებითო.

ჩავიდა ვაჟი უსუპი, ჩავიდა და ჩაზვერა ლაშქართ სიმრავლე, მერე შეუტია ჯარს და სულ სისხლის წყალი გაადინა. იომა სახელიანად, გაანახევრა ჯარი, მაგრამ სიმრავლემ დაღალა და თვითონაც დაეცა. ამირანს გულმა უგრძნო უსუპის სიკვდილი და ბადრს უთხრა:

ან ჩადი, ბადრო, ან ჩავალ, ან შემიკაზმე შენ ცხენი,
უსუპის მუზარადისა აღარ ამოდის ნათელი.

ამირანს წესად ჰქონდა, ომში რომ შევიდოდა, ან უნდა გაემარჯვა, ან მომკვდარიყო. სწორედ იმიტომ არ უნდოდა პირველი ჩასვლა, რომ ბადრი მარტო დარჩებოდა. ასე ფიქრობდა: მე რომ გადავრჩე, იქნებ რამე ვარგო და ძმები ისევ გავაცოცხლო, ბადრი კი ვერაფერს გახდება და სამივენი უძებრად დავიღუპებითო. კიდევ უთხრა ბადრს:

ან ჩადი, ბადრო, ან ჩავალ, ან გამილესე ხმალია,
ჩავალ და ვეღარ ამოვალ, ვაიმე, შენი ბრალია!

შეჯდა ბადრი თეთრონზე და ჩავიდა. იომა იმანაც გმირულად, გაანახევრა დარჩენილი ლაშქარი და თვითონაც მტერს შეაკვდა. ყამარმა უთხრა ამირანს:

- მომეცი შენი აბჯარი და მე თვითონ ჩავალ, თორემ შენც რომ მოგკლან, მე რაღა მეშველებაო.

- რას ამბობ, ქალო, - გაუწყრა ამირანი, - რა შენი საქმეა ხმალი და ბრძოლა, ხმლიანი მე ვარ და ჩასვლითაც მე ჩავალო.

- მაშ, რაკი არ იშლი, ეს თხოვნა მაინც ამისრულე, - უთხრა ყამარმა, - ომიდან რომ გამოხვალ, ხმალს ქარქაშში ნუ ჩააგებ და ჩემთან ხმალამოწვდილი მოდიო.

ყამარს ამით უნდოდა, რომ ამირანი არ გაბრიყვებულიყო და, თუ კიდევ რაიმე ხიფათს შეემთხვეოდა, ხმალამოწვდილი მარჯვედ დახვდებოდა.

ჩავიდა ამირანი საომრად და ჩაიკაფიავა:

ასრი-ბუსრი ხარ, ამირან, გვლარძი ხარ გაბრუნებული,
ასნი რად უნდან დედასა, ერთი ჯობს დაღურბლებული.

ჩავიდა და ჩაანახევრა ქაჯების ლაშქარი. გავიდა ბოლოში, შემობრუნდა უკან და გაუსო და გამოუსო კვლავ მოკლე ხმალი მარჯვნივ და მარცხნივ, კაფა და კაფა ქაჯების ლაშქარი, გასწყვიტა სულერთიანად და ბოლოს ყამარის მამას შეება. შეუტიეს ერთმანეთს სიძე-სიმამარმა. სცეს ხმალი და ფარიც მარჯვედ იფარეს. ორივეს ბეგთარი ეცვა და ხმალი ვერცერთს ვერ ჭრიდა, ამირანის ხმალი ყამარის მამის მუზარადს რომ მოხვდებოდა, ბღუჯა-ბღუჯა ნაპერწკლებს აყრევინებდა, ამირანის ხმალი რომ მოხვდებოდა, ყამარის მამის მუზარადი ცეცხლივით აინთებოდა, ხოლო ჯაჭვი გველივით წიოდა. უყურებდა ყამარი მამისა და ამირანის ბრძოლას, ხედავდა, რომ ამირანს უჭირდა ქაჯთ ბატონის დაძლევა. ეწყინა ყამარს საქმროს უგერგილობა და ამირანს შეუძახა:

ამირან, ცოლ-დედა მკვდარო, ომი ვერ იცი კილოსა,
მაღლა კი ნუ სცემ სპილოსა, დაბლა შემოჰკარ რბილოსა,
დააწყდებიან ძარღვები, დაეცემიან ძიროსა.
არ იცი, ბოძნი რომ დაერჭებიან, დარბაზნიც დაეცემიანო.

გაიგონა ქალის სიტყვები მამამ და დაჰგმო ყამარი:

- რატომ დედაშენს შობამდე არ გაუწყალდი მუცელში, ან რატომ ძაღლად არ დაიბადე, ის უფრო ერთგული და მოსიყვარულე იქნებოდა. შენ კი რა გამოხვედი, რომ ახლავე მამას ქმარი ირჩიეო.

უყურეთ კახპას ქალასა, ქმარი ირჩია მამასა.
ქმარი ხეს ასხავს ფოთლადა, მაგრამ ვინ მისცემს მამასა,
რისთვის გაგზარდა დედამა, რისთვის გეტყოდა ნანასა,
რად გაწოვებდა ძუძუსა, გირწებდა აკავანასა?

ყამარმა ამაზე მამას უპასუხა:

არცრა გამზარდა დედამა, არცრას მეტყოდა ნანასა.
მიმაგდის სახლის ყურეში თაგვების ანაბარასა,
დამსვამდით დავიწყებულსა, დამაღირებდით დანასა.

- მაგას გაზრდას ეძახით, ტირილით რომ მოვმკვდარიყავი, ერთხელაც არ მომხედავდითო.

დაიჯერა ამირანმა ყამარის რჩევა, შემოჰკრა ხმალი ქაჯთ ბატონს ფეხებში და წააქცია. აკუწა ხმლით და გამარჯვებული ხმალდახმალ გაბრუნდა ყამარისაკენ. გზაზე ერთი დაჭრილი ქაჯი შემოხვდა, ნახა ხმალამოწვდილი ამირანი და დაუძახა:

სად მიხვალ ხმალამოწვდილო, ამირან თარაქამაო,
გასწყვიტე ცოლეულები, ვინ გითხრა ბარაქალაო?

- შენ რომ ვაჟკაცი იყო, ქალისკენ არ წახვიდოდი, ხმალს ჩააგებდი და ჯერ შენი გულისთვის დახოცილ ძმებს მონახავდიო.

შერცხვა ამირანს, ჩააგო ხმალი და წავიდა ძმების საძებნელად. მოაგონდა უსუპის სიტყვები: შენი ცოლისა გულისთვის მთლად ძმები დავიღუპენითო, და გულში თქვა: მაცალეთ, ძმებო, მაინც გიპოვით, თუ ცოცხლები იქნებით, მეც თქვენთან ერთად გავიხარებ, თუ არა და, სამარეს გავითხრი და თვენს გვერდით დავიმარხებიო. ეს თქვა ამირანმა და გავიდა ბრძოლის ველზე, ველი თავიდან ბოლომდე მკვდრებით იყო მოფენილი, მძორს ნადირი და ყვავ-ყორანი მისეოდა და გაჰქონდა ერთი ღრენა და ყაპყაპი. იარა ამირანმა მკვდრებში და ბოლოს იპოვა მკვდარი უსუპი, აიყვანა ხელში და ახლა ბადრის საძებნელად წავიდა, იპოვა ბადრიც, რა თქმა უნდა, ისიც მკვდარი, დააწყო დახოცილი ძმები ერთად და ჩასძახა:

- არ დამემდუროთ, ძმებო, თქვენ თუ თავი დასდეთ ჩემი გულისთვის, არც მე გიღალატებთ და ახლავე ზედ დაგაკვდებითო.

ამოიღო ამ სიტყვებით თავისი მოკლე ხმალი და დაიცა გულში, მაგრამ ხმალმა კანიც არ გაუჭრა. დაჯდა ამირანი და დაიწყო ტირილი, - სიკვდილიც აღარ მეღირსა თქვენთან, რა შევცოდე ისეთი, რომ ღმერთი ჩემთვის სიკვდილსაც არ იმეტებსო.

ამ დროს ერთმა დაჭრილმა ქაჯმა წამოიწია და დაიძახა:

- ადექით, მკვდრებო, ეს რა საკვირველება ვიხილე: ამირანს თავის მოკვლა გადაუწყვეტია, დაიცა კიდეც ხმალი გულში, მაგრამ არ გაჭრა. ამირანი ისეთი რეგვენი ყოფილა, რომ ისიც არ სცოდნია, თავი როგორ უნდა მოიკლას, რად უნდა ხმალი, მარცხენა ხელის ნეკათითი მოიჭრას და მოკვდებაო.

ამირანმა გაიგონა ქაჯის ნათქვამი და იმავ წამს მოიჭრა ნეკათითი. უდინა სისხლმა თითიდან, უდინა და ამირანიც ძმებთან მიწვა. სიკვდილის წინ ამის თქმაღა მოასწრო:

სამთა ფრთაწვრილთა ფრინველთა ალგეთის ჭალა მოევლა,
უძმოსა, უმამიძმოსა, ამირანს თავი მოეკლა.

გაიგო ყამარმა ამირანის სიკვდილი, მოვარდა და დაიწყო ტირილი. ზის და ტირის ყამარი, იმისი ცრემლი ზღვას ერთვოდა, იმისი მოთქმა ცასა სწვდებოდა და ცოდვით ხეებს ფოთოლი სცვიოდა.

ამ გლოვასა და მოთქმა-ტირილში რომ იყო ყამარი, უცბად ერთი თაგვი გამოძვრა და დაუწყო ამირანის სისხლს ლოკვა. მოუვიდა გული ყამარს, გაიძრო ქოში, ესროლა თაგვს და სული გააფრთხობინა. გამოვარდა ახლა თაგვის დედა და ყამარს მისდგა, - აი, შე ასეთ-ისეთო, შენი გულისათვის ამდენი ხალხი გაწყდა, მამა აღარ შეგრჩა და ქმარ-მაზლები, იმის მაგივრად, რომ სირცხვილი გწვავდეს, მკვდრებს კიდევ მკვდარს უმატებო. ბრალი შენი, თორემ მე ჩემს შვილს ისევ გავაცოხლებო.

ესა თქვა თაგვმა, გავარდა მინდორში, მიირბინ-მოირბინა და რაღაც ბალახი იპოვა, მოწყვიტა ბალახი, მოიტანა, მიუსვ-მოუსვა თავის მკვდარ შვილს და გააცოცხლა. ადგა ყამარიც, მოწყვიტა იგივე ბალახი და ამირანს მოუსვა. გაცოცხლდა ამირანი, ადგა, მოიფშვნიტა თვალები და თქვა:

- ოჰ, რა ბევრი მძინებიაო.

- ბევრი მაშინ გეძინებოდა, თუ თაგვი არ გამომძვრალიყო და შვილი არ გაეცოცხლებინაო, - უთხრა ყამარმა. მერე ყველაფერი დაწვრილებით უამბო, რაც მოხდა. მოწყვიტეს ამირანმა და ყამარმა იგივე ბალახი, გააცოცხლეს ბადრი და უსუპიც და სიმღერით გასწიეს თავიანთი სახლისაკენ:

ნეტავი ძმათა მრავალთა, მზე ცხრაგნით ამოუხდება,
ვერც ვინ წაართმევს დიაცსა, ვერც ვინ შინ შემოუხდება.

გავიდა ხანი, ამირანი სულ ახალ და ახალ საგმირო საქმეებს ჩადიოდა. ბევრი სახელგანთქმული დევი და გველეშაპი გამოასალმა წუთისოფელს, ბევრ მოძალადეს შეუკრა ხელ-ფეხი და ააღებინა ხელი სხვათა ძარცვაზე. გაუვარდა სახელი ამირანს, ქვეყანაზე იმისი მომრევი აღარავინ იყო. მხოლოდ ერთი სახელგანთქმული ფალავანი ამბრი არსად შეხვედროდა, ამირანი სულ იმის შეხვედრას ნატრობდა და შორიდან მუქარასაც კი უბარებდა.

ერთხელ ამირანი სალაშქროდ იყო დევების ქვეყანაში, იქიდან რომ ბრუნდებოდა, გზაში თორმეტუღელ ხარ-კამეჩს შეხვდა. თურმე სახელოვანი გმირი ამბრი მომკვდარიყო და დედას დასამარხად მიჰქონდა, იდო ურემზე და თორმეტი უღელი ხარ-კამეჩი ძლივსძლივობით სძრავდა. ამბრის ცალი ფეხი გადმოვარდნოდა ურმიდან, დაბლა მოსთრევდა და მიწას საორპირე გუთანივით მიჰკვალავდა.

ამბრი მიჰქონდა ურმითა თორმეტუღელა ხარსაო,
გადმოვარდნოდა ბარკალი, მიწას მიჰხნავდა მყარსაო.

ურემს ამბრის დედაც გვერდით მიჰყვებოდა. დაინახა ამირანი, მოინდომა გამოცდა და დაუძახა:

- დარეჯანის ძევ, ჩემს შვილს ბარკალი გადმოუვარდა ურმიდან, მიწაზე ეთრევა, უპატიური ხდება და, დედაშვილობას, ასწიე და ისევ ურემზე დადევიო.

მივიდა ამირანი, დაეჯაჯგურა ამბრის ბარკალს, მაგრამ ძვრაც ვერ უყო, თორემ ურემზე შედებას ვინ იტყოდა.

ამბრი მასთრევდა დედასა, ურემში ება ხარები,
ამირან მაგის ზიდილსა, ასო აიგდო, მხარები.

ამბრის დედამ დატუქსა:

იგი ქვეყანამც კრულია, სადაც შენ ამირანობდი,
თავს იხურავდი ჩაჩქანსა, ბოლოზე ჯაჭვიანობდი.
წესი რომ იყოს დედათა, ადვილად გინადირებდი,
მოგკრავდი მათრახს წვერასა, ცის კიდელ-კიდელ გაგრევდი,
ღმერთმა ხომ იცის, ამირან, ამბრის ვერ ედარებოდი,
ვერც სმაში, ვერცა ჭამაში, ვერც ომში ეტოლებოდი,
მკვდარმა გაჯობა ცოცხალსა, ცოცხალს რას ედავებოდი?
თუ მაგის მეტი არ იყავ, ჩემს შვილს როგორღა მტერობდი?!

გაწბილდა და დაღონდა ამირანი, მიწა რომ გახეთქოდა და შიგ ჩავარდნილიყო ის ერჩია, მზისაცა სცხვენოდა, კაცისაც და გულს ჯავრი და ბოღმა უკლავდა.

ჯავრი და გულის ვარამი დღეს უბნელებდა მზიანსა,
სიცოცხლეს ჰგმობდა, სიკვდილსა ნატრობდა ნამუსიანსა.

ვეღარ გაუძლო ამირანმა სირცხვილს, დატოვა მზიანი ქვეყანა, ჩაჯდა საბნელოსა და სიახლოვეს აღარავის იკარებდა.

საბნელოს ჩაჯდა ამირან, შემოიკრიფა ფეხები.
თუ ამის მეტი არა ვარ, სამზეოს რას ვეხეტები?!

გაიგონა ნათლია ღმერთმა ამირანის გასაჭირი და კიდევ მიუმატა სამი ადიდებული წყლის ღონე და სამი დიდი ზვავის სიმარდე და შეუპოვრობა. თან დაარიგა:

- ღონეს გაძლევ, მაგრამ იცოდე, ავზე და უკეთურ საქმეზე არ მოიხმარო, თორემ ისევ გაწბილდები და სირცხვილში ჩავარდებიო.

მაგრამ ამირანს დიდხანს არ გაჰყვა ნათლიის დარიგება, რაკი ღონე მოემატა, მალე დაავიწყდა და თვითონ დაიწყო ძალმომრეობა. ბოლოს ისე გათამამდა, რომ ნათლიასაც აღარ ერიდებოდა, დადიოდა და სულ იმას გაიძახოდა, - ნეტავი კი ერთხელ ის ჩემი ნათლია დამჭიდა. ამდენი ღონე რომ მომცა, მეცადა მაინც რა კაციაო.

ერთხელ მართლაც შემოხვდა ღმერთი ამირანს. ამირანმა უთხრა:

- ნათლიავ, შენ იმდენი ღონე მომეცი, რომ ქვეყანაზე ჩემი მომრევი არავინ არის, მოდი, რაც იქნება, იქნება, მეჭიდე და ერთხელ ღონე შენზედაც მაცდევინეო.

- ამირან, ჭკვიანი კაცი ხარ და მაგდენი როგორ არ იცი, რომ ნათლიას არ უნდა ეჭიდავოო, - უთხრა ღმერთმა.

მაგრამ ამირანმა არ დაიშალა, დაიჟინა, გინდა თუ არა, უნდა მეჭიდოო.

მაშინ - ღმერთმა აიღო თავისი არგანი და უთხრა:

- მაშ კარგი, რახან არ დაგიშლია, მოდი, ასე ვქნათ: მე ამ ჯოხს მიწაში ჩავარჭობ და, თუ ამოაძრობ, გამარჯვებული შენ იყავიო.

- კარგიო, - დათანხმდა ამირანი.

დაარჭო ღმერთმა ჯოხი, მივიდა ამირანი და ხელის ერთი გაკვრით ამოაძრო, დაარჭო მეორედ ღმერთმა ჯოხი და ამირანმა მეორედაც ასევე ადვილად ამოაძრო. დაარჭო მესამედ ღმერთმა თავისი ჯოხი, გადასახა ჯვარი და უბრძანა, - ისეთი ფესვი გაიდგი, რომ მთელ დედამიწას ირგვლივ შემოსწვდესო.

დაეჭიდა ამირანი ჯოხს, მაგრამ ძვრაც ვერ უყო, ან რას დასძრავდა, როცა ფესვებით დედამიწაზე იყო შემორტყმული. მაშინ დასწყევლა ღმერთმა ამირანი, საყევრის ჯაჭვით იმ ჯოხზე დააბა და თავზე გერგეტის მთა და ყაზბეგის ყინულიანი მწვერვალი დაადგა.

არის მას შემდეგ ამირანი იმ ყინულიან კლდეში მიჯაჭვული, - ღმერთისაგან დღეში ერთი პური და ერთი ხელადა ღვინო აქვს საზრდოდ დანიშნული და იმით საზრდოობს. ღმერთმა ამირანს ერთი გოშიაც მისცა, ეს გოშია ყორნის ნაშობია და ამირანს ერთგულად ემსახურება: დაჟანგებულ ჯაჭვს დღე და ღამე შეუსვენებლივ ლოკავს და აწვალებს, ჯაჭვი მივა გაწყვეტაზე, გაეხსნება ამირანს გული, ისევ თავისუფლებისა და მზიან ქვეყანაზე დაბრუნების იმედი გაუჩნდება, მაგრამ წყეული მჭედლები დიდხუთშბათ დილას გრდემლზე კვერს დაჰკრავენ და ჯაჭვი ისევ მრთელდება.

იმედგაწყვეტილი ამირანი მწარედ ამოიოხრებს, მაგრამ ღმერთი მარტო ამ სასჯელს არ აკმარებს და ახლა მშიერ არწივს მიუსევს. არწივი უმოწყალოდ უკორტნის გულს ამირანს და სისხლის ნიაღვარს ადენს. ამირანს თავისი მოკლე ხმალიც გვერდით უდევს, მაგრამ ჯაჭვი იქამდე არ უშვებს. ითმენს ამირანი არწივის კორტნას, ითმენს და რომ ვეღარ მოითმენს, ერთს საზარლად დაიყვირებს. ამირანის ყვირილზე მთელი მთა-ბარი შეინძრევა, ცა დაიქუხებს, ზვავები გუგუნ-გრიალით დაეშვებიან უფსკრულებისაკენ, ყინვა გატყდება და ღელე-ხეობები შავფაფარაყრილი მდინარეებით აივსებიან.