აკაკი წერეთელი

თორნიკე ერისთავი

(ისტორიული პოემა)

კარი მეოთხე

I

გამობრძანდა ქალაქს გარეთ
მეფე დავით ბედნიერი,
თანვე ახლავს ყოველის მხრით
წამოსული ქართლის ერი.
რიცხვი არ აქვს დარაზმულსა
ქვეითსა და ცხენოსან ჯარს...
შეჰხარიან ბატონ-მეფეს,
მორჩილებით უვლიან გარს.
გარეშემო მთა და ბარი
წვრილფეხობით მოფენილა,
თითქოს რაღაც დიდ წყალობას
ექადოდეს მათ ეს დილა.
ცალკე სერზე უთვალავი
გადმომდგარა დედა-წული,
სხვებზე მეტად დასტყობიათ
საზოგადო სიხარული.
წინ დგას მეფე და გვერდში ჰყავს
ბაგრატ, მისი შვილობილი,
კათალიკოს-მღვდელმთავრები
იქვე დგანან კმაყოფილი.
სათვალმაქცოდ არა ბრწყინავს
ერისა და ღვთის რჩეული:
თან არა აქვს მას გვირგვინი
და სამეფო სამკაული!
მაგრამ ისეც ვინ არ იცნობს,
რომ ის დიდი ცხებულია,
ვინც ერისგან გულის წმინდით
ნაკურთხი და ქებულია?
ყველა იცნობს მამა-შვილურ,
არც რიდი აქვსთ და არც შიში;
მიდიან და რჩევას ჰკითხვენ,
როგორც ლხინში, ისე ჭირში.
აი, ახლაც უთვალავი
ეს ერი სულ მას შეჰყურებს
და მოელის გულის ძგერით
ნახოს: მეფე რას აპირებს?
გაიხედეს შორს მინდვრისკენ
და რაღაცას მოჰკრეს თვალი:
ძირს შავად და მაღლა ღრუბლად
მათკენ იყო მომავალი.
ეს იყო, რომ ბრუნდებოდა
საბერძნეთით ქართლის ჯარი,
და ცხენების ფეხთა მტვერსა
აღმა ჰყრიდა ღრუბლად ქარი.
თავის ქვეყნის კიდევ ნახვამ
მხედრებს გული აუძგერა
და საგმირო, ჩვეულებრივ,
შემოსძახეს მათ სიმღერა:
„კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ნელდებოდა
და რაღაცა მანქანებით
გული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება,
არც ჰკვნესოდა, არც ოხვრიდა;
უსამართლო ძლიერებას
მონურად ქედს არ უხრიდა.
ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა! ყველა გააოცა!..
და ის ღვაწლი მაგალითად
მიწის შვილთა მან გადმოსცა...
კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი,
არის მთელი საქართველო
და მტრები კი - ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეიცვლება
იმდენი ხნის გასაჭირი!“
მოახლოვდნენ ამ სიმღერით,
დადგენ ცოტა მოშორებით;
დაქვეითდენ, წინ წამოდგენ
და დარაზმდენ აჩქარებით.
თაყვანი სცეს ერთად მეფეს,
ცალი მუხლი მოიყარეს;
სიმდაბლის და მორჩილების
ნიშნად, თავი მოიხარეს.
წადგა მეფე და შესძახა:
- „გამარჯვება მძლეველ ჯარსო!
ვაშა! ვაშა! იმათ ღვაწლს და
საუკუნო სახსოვარსო!
გამარჯვება ქართველ დედებს,
ჩვენს გამზრდელსა და მშობლებსო:
მათი ძუძუ გვავაჟკაცებს
და ზრდა სულით გვამაღლებსო!..“
ამ სიტყვებმა აიტაცა
ააღელვა მთელი ჯარი,
შესძახეს და მათის გრგვინვით
ირყეოდა მთა და ბარი:
- „გაუმარჯოს ქართველ დედებს!
ვაშა! ვაშა! მძლეველ ჯარსო!
დღეგრძელობა ბატონ-მეფეს,
ქვეყნის თვალსა და ჯავარსო!“

II

მაშინ წარსდგა ბატონის წინ
დიდი თორნიკ ერისთავი,
წინ დაუდვა ფეხთით დროშა
და მიართვა რაღაც ტყავი.
მოახსენა: - „აჰა, მეფევ!
„გრამატაა“ დედოფლისო,
მაგიერი სასყიდელი
ჩვენის სისხლის და ოფლისო.
ბასილი და კონსტანტინეც
ამოწმებენ ამ წერილსო
და უთმობენ ზემოქვეყნებს
თქვენს შვილსა და შვილიშვილსო.
მეც მიბოძეს მათ საკუთრად
საჩუქარი დიდძალიო:
სამკაული, ოქრო, ვერცხლი,
მარგალიტი და თვალიო.
მაგრამ, მეფევ, მე რად მინდა
ეს სიმდიდრე საწყალ ბერსო?
თქვენს დიდებულ ბატონობას
შემოვწირავ ყოვლიფერსო:
ნახევარი თქვენი იყოს,
ნახევარიც ქვრივ-ოხრებსო!
ამდენი ჯორ-კიდებული
ორივესთვის იკმარებსო!“
მეფემ უთხრა: - „გმადლობ! ვიცი,
ქვრივ-ობლები რომ გიყვარსო...
მათ ჰქონდეთ და მე-კი ჩემთვის
არ ვიღებ არც ნახევარსო!
შენია და შენვე გქონდეს,
მოიხმარე, როგორც გსურსო;
რაღა ძღვენი ეჭირვება
შენს ღვაწლსა და სამსახურსო?“
მაგრამ თორნიკ უპასუხებს:
- „ნუ მარგუნებ, მეფევ, ძღვენსო:
ვერ მივიღებ მე სიმდიდრეს,
ვერ ვიქმ საქმეს ღვთის საწყენსო!
ჯვარია და სახარება
მხოლოდ ბერის სიმდიდრეო;
ეს სიმდიდრე ქვეყნის არის
და თქვენც მისი მემკვიდრეო!“
ვერ შეთანხმდნენ, თუმც სარდალი
ცრემლით სთხოვდა მუხლმოყრილი,
და ლაშქარიც სარდლის თანხმად
მის წინ იდგა თავდახრილი.

III

ღრუბელზე მაღლა, ორბის საბუდარს,
არჩვებ-ჯიხვების მაღალ სამთავროს,
წმინდა მამებსა გამოუქვაბავსთ
კლდეში სახლები ოდესმე, ერთ დროს.
აღარა სჩანან დღეს ის მამები,
აწ აიაზმას ვერ გვასხურებენ,
და მაღლობიდან ის სადგურებიც
ჩვენს შავს ბედს შავად გადმოჰყურებენ...
ვერა ოთხფეხი, ვერა ფრინველი,
ვერ შედის, თუმც კი ღიაა კარი;
ვერც უწმინდური რამე ქვემძრომი:
იქ ბუდობს მხოლოდ წმინდა ფუტკარი:
და ისიც მისთვის, რომ ზეცის მუშა
ხატებს უმზადებს აქ წმინდა სანთლებს,
თორემ სხვა... გინდა კიდეც შევიდეს,
რაღაცა შიში ააკანკალებს.
ამგვარად ჰფიქრობს დაბალი ხალხი,
ცრუ-მორწმუნობით არის შემცდარი,
მაგრამ ამ გულწრფელ მათ შეცდომაში
მაინც სიწმინდე და მადლი არი.
თორნიკეს დროსაც ამგვარ მღვიმეში
ცხოვრობდა ერთი მოხუცი ბერი,
ძაძით მოსილსა და ფეხშიშველსა,
წელზედ ეყარა თმები და წვერი.
ხშირად სოფელში ჩამოდიოდა,
არ ასვენებდა კაცთმოყვარება:
მუნჯად ვიდოდა, ხმას არვის სცემდა,
აღთქმული ჰქონდა მას მდუმარება.
მაგრამ შრომასა და შემწეობას
გაჭირვებულსა არ ამადლიდა:
უყვარდა გლეხი, ქვრივი, ობოლი,
მამაშვილურად ყველას უვლიდა.
თოხნაში, მკაში, სხვლაში და ხვნაში
ის მუშა იყო ყველაში სრული,
მისის მარჯვენის მადლს ჰფიცულობდა
ყოველი გლეხი, გაჭირვებული.
როცა სახადი, გადამდები რამ,
სადმე სოფელში მოედებოდა,
იმათ მომვლელად და საპატრონოდ
წმინდა მოხუციც იქ გაჩნდებოდა.
და სასყიდელი იმისი იყო
ხმელა პური და ზედ წმინდა წყალი;
არვის უნახავს ის მოწყენილი,
არც მხიარული და არც გამწყრალი.
ერთ გუნებაზე იდგა და იდგა...
ყველას უყვარდა, ყველა იცნობდა,
მაგრამ ის მაინც არვინ იცოდა,
თუ რას ჰფიქრობდა და ან რას გრძნობდა.
იცოდენ მხოლოდ, რომ ბერი იყო,
ცხოვრობდა კლდეში, სოფელთან ახლოს,
და დიდი ხნიდან მათი მამებიც
მას ეძახოდნენ „გაბრიელ-სალოსს“.
როდესაც მეფემ არ შეიწყნარა
თორნიკეს ძღვენი, თხოვნა, ვედრება
და გაკვირვებულ ამოდენ ჯარში
სიჩუმე იყო და მდუმარება,
ეს გაბრიელი წარსდგა იმათ წინ,
ამოიდგა რა პირველად ენა,
და გააკვირვა ყოველი სული,
როდესაც ბატონს ეს მოახსენა:
- „მეფევ! სიმდიდრე და ეს საუნჯე
არც შენ გეკუთვნის და არც თორნიკეს!
ეს ნახევარი სხვებისა არის...
სისხლის სანაცვლოდ იმათ მოიმკეს!
რისთვის ივიწყებთ იმათ, რომელთაც
მამულის სახელს თავი შესწირეს,
და გაითხარეს სამარე ისე,
რომ შორს მშობლებმაც ვერ დაიტირეს?
რათ არ იგონებთ იმ წმინდა ადგილს,
სადაც თორნიკე იმყოფებოდა?
თუ არა იმის სასწაულსა და მადლს,
ქრისტიანობა იღუპებოდა!..
მთაწმინდის იყოს ეს თქვენი ძღვენი.
იქ ააშენეთ მით მონასტრები,
რომ სუყოველდღე, წირვა-ლოცვის დროს,
იხსენებოდნენ ქართველი მკვდრები.
აუგეთ ერთიც ახალი ლავრა
ყოვლად წმინდისა დედის სახელსა,
რომ მის წილხვედრი მცირე ივერი
მსხვერპლს სწირავდეს მის მფარველს და მხსნელსა.
მეცნიერების და მწიგნობრობის
იქ აენთება ერთ დროს ლამპარი
და შვილიშვილთა სხივებს მიაფენს
იმათი მამა და წინაპარი!“
სთქვა და ისევე დადუმდა ბერი.
გაოცებული უმზერდნენ მაშინ...
დასთანხმდა მეფე და ერმაც მასთან
ერთხმად შესძახა ხმამაღლა: „ამინ“!..
აღარვინ იყო საქართველოში
იმ დღიდან იმა ბერის მნახველი;
მხოლოდ ერთხელ-კი, როცა ქვეყანას
ჩამოსწოლოდა უკუნი ბნელი,
ორი მოხუცი ენახათ გზაზე
ხელყავარჯნებით შორს მიმავალი,
ათონისაკენ მიემართათ მათ
პირდაპირი გზა და სწორი კვალი.
ისე ვიდოდენ, ვით ბნელ ღამეში,
თითქოს უძღოდათ რაღაც ნათელი.
ერთი მათგანი იყო თორნიკე
და მეორე კი ის გაბრიელი.

IV

ერთხელ ათონში ასტეხეს რეკვა
და უჩვეულო იწყეს ღაღადი.
ასე ამბობდენ, რომ სასწაული
სუყველამ ერთად ვნახეთო ცხადი:
„მოსცურა ახლოს ღვთისმშობლის ხატმა
და დაიყენა თავს ნათელიო.
გამოსვენება გვინდოდა, მაგრამ
არ მოიკიდა ჩვენი ხელიო.
ყველა ვერ ჰხედავს: ღამით ნათელი
და დღისით რაღაც ნისლი ჰბურავსო;
ჩვენ როცა ნავით ვუახლოვდებით,
ის არ გვიკარებს, შორს მისცურავსო.
მისი სიწმინდის შეხების ღირსი
აღარ აღმოჩნდა არცა ერთიო.
სჩანს, ჩვენი ცოდვა დიდი ყოფილა
და გვირისხდება მაღლით ღმერთიო!“
ასე სტირიან წმინდა მამები,
მარხვას და ლოცვას იორკეცებენ;
აღთქმებსაც სდებენ საკანონოდა
და ღირსს მათსავე გუნდში ეძებენ.
მაგრამ არ იქნა, სანამდის ძილში
არ ნახა ერთმა ბერმა ჩვენება:
გამოეცხადა მას დედაღვთისა
და განუცხადა მაღალი ნება:
- „ამაოდ შფოთავთ, წმინდა მამებო,
არაფერი გაქვთ ღმერთთან ბრალიო.
არც ჩემთანა ხართ თქვენ დამნაშავე,
არა ვარ თქვენზე მე გამწყრალიო.
მაგრამ მე თქვენთვის აქ არ მოვსულვარ,
სხვა არის ჩემი წმინდა ნებაო,
და თქვენგანს არვის არ შეუძლია
ჩემი აქედან წასვენებაო.
ჩემს სადიდებლად რომ აუგიათ
ივერიელთა აქ ტაძარიო
და ყველასათვის შეგ შესასვლელად
მათ გაუღიათ მისი კარიო,
ის სცხოვრობს ერთი მოხუცი ბერი,
ივერიელი გაბრიელიო,
და ნათლით მოსილს იმ ჩემს ძლიერ ხატს
იმან შეახოს მხოლოს ხელიო,
რომ მიიტანოს და დაასვენოს
შესავალ კართან საკვირველიო,
და იმ დღიდანვე სასწაულმოქმედს
დაერქვას „კარის ღვთისმშობელიო!“
გამხიარულდნენ წმინდა მამები,
იწყეს შესხმითი გუნდად გალობა;
უვლიდნენ ტაძრებს კელაპტრებითა,
გახშირდა საღმრთო ლიტანიობა;
წინ მიუძღოდა იმათ თორნიკე
და იოანე მცირე კრებითა,
და ივსებოდა იმათი გული
მომეტებულის ნეტარებითა.
მიიღეს ხატი და დაასვენეს
დანიშნულს ადგილს სიხარულითა
და ივსებოდა წმინდა ტაძარი
იმავე დღიდან სასწაულითა.
მაგრამ ყველაზე შესანიშნავი
იხილეს მაშინ ერთი ჩვენება,
რომლისაც მსგავსი ჯერ არ ენახათ
და არც ყოფილა სადმე ხსენება:
გამოიხატა ცაზე გვირგვინი,
ვარსკვლავებისგან გამოჭედილი,
დაადგა თავზე ივერთ მონასტერს
და გაანათა წმინდა ადგილი,
და ნათლის სხივებს აელვარებდა
დიდხანს, სანამდის არ დადგა დილა!..
შემდეგაც თურმე არა ერთგზისა
იმავე ადგილს გამოჭედილა.
დღეს ის ნიშანი კი აღარა სჩანს:
დიდი ხანია, რაც რომ გამქრალა...
უეჭველია, ჩვენს გულგრილობას
გარისხებია!.. ჩვენზე გამწყრალა!..
მაგრამ სულმნათსა საქართველოსას,
ღვთისმშობლობა დღეს, ერთი სიზმარი
ენახა: ქვეყნად ჩამოსულიყვნენ
ნინო, ქეთევა და თვით თამარი.
თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი
და ქეთევანსა - წმინდა მოწმობის,
ნინოს ხელთ ეპყრა ჯვარი ვაზისა,
ნიშანი დიდი ქრისტიანობის.
ზეცად აეპყრათ სამთავეს თვალნი,
საქართველოსკენ აშვერდნენ ხელსა
და შეერთებით, ხმაშეწყობილად,
ჰგალობდნენ ტკბილსა საგალობელსა:
- „დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია
ეს საქართველო დიდჭირნახული,
შეუნდევ ცოდვა!.. ნუ ააღებ ხელს,
ლმობიერებით იბრუნე გული!..
მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო,
და გადმოსახე ძლიერად ჯვარი,
რომ აღადგინო ქართველთა ერი,
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!
მისსა მხნეობას, მისსა ზნეობას
განუმტკიცებდე აღმაფრენასა
და შენს საქებრად, სადიდებელად
ნუ დაავიწყებ იმ ტკბილ ენასა,
რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა,
ქეთევან მარად შენ გადიდებდა
და ნინო ძისა შენისა მცნებას
შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!..“
რომ გაათავეს თურმე ეს ლოცვა,
ზეცას შეჰხედეს სამთავემ ნელა
და დაინახეს, რომ ძველ ადგილზე
გამოესახათ მათ ცისარტყელა...

1884