თორნიკე ერისთავი
ისტორიული პოემა
კარი მეორე
I
ვინ სვა ბოლომდე ამ სოფლის
სიტკბოებისა ფიალი?
ვის არ უნახავს მის ბედის
წაღმა-უკუღმა ტრიალი?..
ბერძნებსაც ჰქონდათ ერთი დრო...
საქვეყნოდ იყვნენ ქებული,
სწავლით და მეცნიერებით
ბევრგვარად აყვავებული.
ცხოვრების კანონს უდებდნენ
სხვადასხვა ქვეყნის ერებსა,
საუპატიოს ართმევდნენ
მათზე ცუდმზრახველ მტერებსა,
ვინ იფიქრებდა იმ დროში
ამ ხალხის დამცირებასა
ისე, რომ მით მოღებოდა
ბოლო მათ ნეტარებასა?
ერთ ჭირსა, კარზე მომდგარსა,
სხვაც ბევრი წაეკიდება!..
სხვადასხვა ჭირმა ბერძნების
დაცარა ძველი დიდება.
და არ თუ გარეშე მტერი,
შინაურებიც ბრიყვობენ:
ჰგლეჯენ მას ნაწილ-ნაწილად
და ერთმანეთში იყოფენ!
ბოლოს-კი ერთმა მათგანმა
სულ ერთად მოჰხვია ხელი:
ის იყო სპარსთა მმართველი,
სკლიაროს ერქვა სახელი.
თითქმის ბრუსამდე მოადგა,
ხმელეთით გზების შემკვრელი,
და კონსტანტინეს ქალაქის
არის აღების მსურველი.
წინ ვეღარავინ უდგება
მოჯანყის ძლიერებასა;
და ელის დედაქალაქიც
იმისგან აოხრებასა.
იჩაგვრის მცირეწლოვანი
კონსტანტინე და ბასილი,
დედა მათს თეოფანიას
ჭმუნვით აქვს გული ავსილი.
დაღონდა პარაკიმომენ,
კარისკაცებში პირველი
და, ერთად დედოფალთანა,
ბიზანტიისა მმართველი.
დარბაისლებიც შეყრილან,
გადუწყვეტია ყველასა,
რომ თვითონ თავს ვერ იხსნიან,
და არც ელიან შველასა;
და უპირებენ ისევე
სკლიაროსს შევედრებასა,
რომ ნუ უნდომებს ამ ქვეყნის
უწყალოდ აოხრებასა!..
მაგრამ წამოდგა ამა დროს
მოხუცი სევისტოფორი,
რომელსაც დარბაისლებში
არ ჰყავდა ჭკუით თანსწორი;
მით ყურადღება კრებულის
მიიპყრო ანაზდეულად
და მოჰყვა, რასაც ჰფიქრობდა,
მჭევრმეტყველებით ჩვეულად:II
„ზეცა დაჰყურებს ქვეყანას
თვალითა ლმობიერითა;
გამოსცდის, გამოაბრძმედებს
ჭირითა მრავალფერითა.
და ამისათვის არ გვმართებს
წარკვეთა სასოებისა;
კუბოს კარამდე მძებნელი
ჩვენ უნდა ვიყოთ შვებისა.
გულგატეხილი ყოველი
მოღალატეა თავისა,
უარმყოფელი სჯულისა
მისივე საესავისა.
მაკვირვებს, დარბაისლებო,
დაცემა ჩვენი სულისა!
აბა, რა ვნახეთ ნიშანი
სამეფოს დასასრულისა?
როგორ დაანგრევს აწ ღმერთი
ქრისტიანობის ბუდესა
ისე, რომ საბოლოვოთაც
აღარ აძლევდეს ზღუდესა?
თუ ბიზანტია აქამდე
სხვა ქვეყნებს სცემდა ნათელსა,
არ დავიჯერებ, რომ ახლა
თვითონ ჩავარდეს ის ბნელსა!..
ბევრი შესწირა მან მსხვერპლი
ქრისტიანობის სახელსა
და ვერ გასწირავს მას ღმერთი:
გამოუგზავნის დამხსნელსა!
მეტყვით: „სად არის? ვინ არის?
რომელი კუთხე ქვეყნისა,
რომ გვქონდეს მისგან იმედი
დახმარების და დახსნისა?“
თქვენც იცით, არის ქვეყანა,
მპყრობელი ქრისტეს სჯულისა,
საქვეყნოდ დამნახვებელი
ქვეყნიურ სასწაულისა,
მოყვრულად მოყვრის მიმღები,
მტრისა დამცემი ზარისა,
პირველ მეომრად ცნობილი
დღეს ქრისტეს წმინდა ჯვარისა.
საქართველოა ეს მხარე,
წილხვედრი ღვთისა დედისა!..
ჭირში მაგარსა არ უყვარს
სუსტად მოდრეკა ქედისა!..
ამ ქვეყნის მეფეს მივმართოთ,
დიდ დავითს კურაპალატსა,
და ის გადუხდის სკლიაროსს
ამ აჯანყება-ღალატსა!“
როგორც რომ ბნელას ღამესა
მთვარე გამოჩნდეს უეცრად
და გაანათოს მიდამო
სხივების ფენით ვერცხლისფრად,
ისე ქართლისა ხსენებამ
გამოაფხიზლა კრებული
და აღუბეჭდა იმედით
მათ სახე შეწუხებული...
და მოახსენეს დედოფალს:
- „ერთხმად თანახმა ვხვდებითო:
მიჰმართეთ ქართველ მეფესა
და ნუღა შესწუხდებითო!..
ისეთი წიგნი მისწერეთ,
რომ მით მოულბოთ გულიო,
და საკადრისიც გაგზავნეთ
იმასთან მოციქულიო,
რომ ჩვენის ქვეყნის ცოდნაში
ის იყოს უკეთესიო
და თანაც კარგად ესმოდეს
მას საქართველოს წესიო!..“
ასე არჩიეს. და ერთხმად
მიჰმართეს სევისტოფორსა,
მაგრამ ის ამგვარ არჩევანს
გულწრფელად იჭერდა შორსა,
რადგან მას ეგულებოდა
სხვა ვინმე საუკეთესო,
და შეევედრა კრებულსა:
„გთხოვთ მომისმინოთ აწ ესო.
ათონის მთაზე ააგეს
ტაძარი ნათლისმცემლისა;
იქ ორი წმინდა ბერია,
მთხეველი წმინდა ცრემლისა.
ულუმბოსავე გაითქვა
მათი სიწმინდის სახელი;
არ ასვენებდენ: დღითიდღე
ემატებოდა მნახველი.
მაშინ მიჰმართეს მთაწმინდას,
დააგდეს ძველი სავანე;
ერთია თორნიკ-ქართველი,
მეორე - დიდ-იოანე.
ერისკაცობის დროსავე
ყოფილან სახელგანთქმულნი
და ჯერაც არ იქნებიან
მათ მხარეს დავიწყებულნი.
მოვიხმოთ ერთი მათგანი,
ვაკისროთ მოციქულობა,
რომ მეფეს სრულად გადასცეს
ეს ჩვენი ჭირნახულობა;
რომ თქვენსა ბრძნულსა წერილსა
სიტყვითაც ბევრი დაურთოს
და ქრისტეს ერის გამოხსნის
სურვილი გულში აუნთოს!..
მალე გავგზავნოთ, სიჩქარით,
რომ დღე და ღამე იაროს,
და მანამ, როგორც იქნება,
ჩვენ გავუმკლავდეთ სკლიაროსს!“
ეს რჩევა ერთხმად მიიღეს.
მთქმელსა სწირავდენ ქებასა
და მაშინათვე შეუდგენ
ამ საქმის ასრულებასა.III
ხმა გავარდნილა მთელ ქართლში:
ჯარებს აგროვებს მეფეო
ბერძნების მისაშველებლად,
სიკეთე მოიეფეო.
ათონით დაბრუნებული,
თორნიკე მოციქულობსო
და „ორივ ხელით იჭმება
ქადა, თუ გული გულობსო“...
დღეს გამოჩნდება, ვინც არის
ვაჟკაცი ჩვენთაგანიო!
ამაზე კარგი რად გინდა
ბურთი და მოედანიო?..
ისარ-კარჭაპი მომართეს,
ხმალს ჰლესენ, ფარსა ჰფერავენ;
მათთვის სამგზავროდ ქალები
ტანისამოსებს ჰკერავენ...
ჯოჯიკ-მთავარის თანხმობით
ეს უთქვამს გამრეკელსაო:
„თორნიკე თუ არ გვესარდლა,
ხმალს არ მოვკიდებთ ხელსაო!
წაგვიძღვეს ძველი არწივი,
ჩვენ მივყვეთ შევარდნულადო,
ფიცხელი ომი ავსტეხოთ,
საქები ძველებურადო!“
ხალხიც ამ აზრზე დამდგარა,
მასვე სთხოვს კურაპალატსა,
და, ვინც იურჩებს, იცოდეს,
მას შესწამებენ ღალატსა.
მაგრამ თვითონვე თორნიკე
გაკერპდა... რადგან ბერია,
ეს არჩევანი როგორღაც
მეტად შორს დაუჭერია.
თვითონ სარდლებიც მისულან
იმასთან მეფის თანხლებით
და უთხოვიათ სარდლობა
ამხანაგობით და ძმობით.
მოხუციც ამის მნახველი
თუმცა-კი აღელვებულა,
მაგრამ შეუკრავს გრძნობები
და ისევ გასალებულა.
ორბელიძე და ჯოჯიკი,
ორივე გააწბილაო
და გამრეკელსაც ეს უთხრა:
„ძმაო, ნუ მირჩევ ტყვილაო:
ვერ ავასრულებ თქვენს თხოვნას,
გულმკვდარი ვამბობ ვარსაო!
აწ ვეღარ გავცვლი ფარ-ხმალზე
ქრისტეს ხატსა და ჯვარსაო!
აღთქმას ნუ გამატეხინებთ,
ნუ მაქნევინებთ ავსაო!
ეკლესიისგან შეკრული,
თვით ვერ ავიხსნი თავსაო;
და მღვდელმთავარი თუ ამხსნის,
იქნება მისი ნებაო,
მაშინ ეგ თქვენი სურვილი
ჩემს გულშიც აიგზნებაო!..“
არსენი იყო იმა დროს
ქართველთა კათალიკოსი,
პატივცემული ყველასგან,
ბრძენი და პიიტიკოსი.
გაბრძნილი საღმრთო მადლითა,
საეროდ გაბრწყინვებული,
მწიგნობართ-უხუცესობა
მას ჰქონდა მინიჭებული.
ოქროპირობდა მჭევრობით
ძლიერი მქადაგებელი
და მწვალებელთა მრავალთა
მზამეტყველ-პასუხმგებელი.
ამას მიჰმართეს საერთოდ,
ამისი ჰქონდათ იმედი,
რადგან თორნიკეს ვერავინ
შეაგონებდა მის მეტი.IV
- „შედი, მარტოა კათალიკოსი,
ნუ ეგულები იქ დიდ კრებასა,
ჩვეულებრივად ცრემლით მლოცველი,
ეძლევა საღმრთო ნეტარებასა.
ნაბრძანები მაქვს, სხვა არ მივიღო...
მარტო შენთან ჰსურს დღეს საუბარი!“
ეს უთხრა ერთ ბერს სახლთუხუცესმა
და შესავალი უჩვენა კარი.
შევიდა ბერი ფეხაკრეფილი,
მორჩილებითა და დიდის კრძალვით;
იქ დახვდა არსენ ტახტზე მჯდომარე,
გატაცებული ფიქრით და ხალვით.
პირველ შესვლაზე ვერ დაინახა
კრძალვით მისული მასთან სტუმარი.
ბოლოს შენიშნა... აკურთხა მაღლით
და გადასახა ხელგაშლით ჯვარი...
წინ წადგა ბერი. ჯერ უამბორა.
ფერდაკარგულსა გული უძგერდა,
მერე ჩამოდგა და შორიახლოს
ის თავდახრილი კრძალვით გაჩერდა:
კათალიკოსმა შეჰხედა მაშინ
ლმობიერებით და გაიცინა.
- „დიდაარს მხოლოდ ღმერთი უფალი
აქ, ქვეყანაზე, და ცათა შინა!..
რისთვის მეკრძალვი? მომიახლოვდი,
დამიჯექ გვერდით, ვით მეგობარი.
დღეს ისევე მსურს შენთან განვაგრძო,
ადრე რომ გვქონდა, ის საუბარი.
შენზედ არა სჭრის სხვისი სურვილი,
არცა ვედრება და არც მუქარა,
მაშინ შენთავად რა გადასწყვიტე?
ასრულებ ქვეყნის წადილს, თუ არა?“
- „არ შემიძლია, ყოვლად-სამღვდელოვ!
ვერ ვუღალატებ მაღალ მცნებასა
და ვერ უარვყოფ მსოფლიო კრების
დაკანონებულს სურვილს, ნებასა!..
რაკი ერთხელვე ესე სოფელი
დავივიწყე და უარი ვყავი,
ვარ გავტეხ აღთქმას!.. ზეცას ეკუთვნის
ცოდვილი სული და ჩემი თავი.
მღვდელ-მონაზონსა საიქიოსკენ
უნდა ეჭიროს ყოველთვის თვალი!..
აღარ შემშვენის, რომ ხელმეორედ
სისხლით შევღებო ჩემი ფარ-ხმალი!..
ღმერთმა ხომ იცის, რომ მთაწმინდიდან
არ მნდომებია ფეხის გადმოდგმა!
შვიდ დღეს მირჩევდნენ წმინდა მამები
და ვერ შესცვალეს ჩემი გულისთქმა.
თვით წინამძღვარიც და იოანეც
ამაოდ დაშვრენ: ვიდექ უარზედ,
სანამ ბრძანებით, როგორც მორჩილი,
არ გამაგზავნეს სასახლის კარზედ.
იქ დედოფალი დარბაილსებით
ვნახე სულ ერთად შეწუხებული:
საქრისტიანო სკლიაროსისგან
წაბილწული და აოხრებული.
მხოლოდ-ღა ქართლზე მათ დარჩენიათ
ერთი ნუგეში... ერთი იმედი!..
დღეს ჩვენს ხელშია იმათი შველა,
რომ დაუბრუნოთ წაღმავე ბედი!
მიბრძანეს მეფის მოციქულობა,
არ გამივიდა მათთან უარი!..
ტახტს ასველებდა დედოფლისაგან
ჩამონათხევი ცრემლისა ღვარი.
სამაგიეროდ ქართლს ჰპირდებიან
ზემოქვეყნების დამონებასა;
მხოლოდ ამისთვის მე დავეთანხმე
იმათ სურვილს და იმათ ნებასა.
ეხლა კი ისევ უნდა გავბრუნდე,
ამას მოითხოვს ჩემი ღირსება,
თუმც ვერ დავფარავ, რომ სოფლის ზრახვით
ეს ჩემი გული ისევ ივსება.
და, რასაც ერთხმად ჩემგან მოითხოვს
დღეს სამსახურსა ქართველი ერი,
იმას ხომ სხვებიც აასრულებენ?
რა საჭიროა ამისთვის ბერი?
განა ცოტა ჰყავს მეფეს სარდლები?
ერთ იმათთაგანს მიანდოს ჯარი
და მეც, თუ ჰნებავს, თან ვეახლები,
მაგრამ მექნება მე ხელში ჯვარი
და ხატი ყოვლად წმინდა დედისა,
როგორც მოძღვარსა და არა სარდალს;
სხვებმა იბრძოლონ და გამარჯვებას
მე შევსთხოვ ცრემლით მხოლოდ ძალთაძალს“.
- „კეთილი! - ბრძანა კათალიკოსმა:
რაც ადრევე სთქვი, იმ აზრზევე ხარ!
მაშ, ვით უმცროსმა, უფროსის ნება
რომ შეასრულო, ამაზეც მზა ხარ?
ვით კათალიკოსს, შენი ბრძანების,
შენც კარგად იცი, ხელთა მაქვს ნება;
მაგრამ მე მაინც მსურს შეგაგონო,
რომ შემცდარია შენი გონება:
ნუთუ შენ, მართლა, რამე გგონია
ცარიელ სიტყვით ღვთისა დიდება?
განა ღვაწლია ხორციელისგან
ამა სოფლისა კრძალვა-რიდება?
და ეს ქვეყანა მშვენებით სავსე,
შემოქმედების გამომხატველი,
ნუთუ მიტომ გვაქვს მონიჭებული,
რომ ჩვენის ნებით ავიღოთ ხელი?
ვინცა იწუნებს თავმოყვარებით
ამ მიუწდომელ დიდსა ქმნილებას
და უარსა ჰყოფს კანონიერსა
ბუნების ყოვლგვარ მოთხოვნილებას,
ის უარსა ჰყოფს თვით შემოქმედსა!
საბრალო არის ის და შემცდარი,
რადგან არ იცის, თუ ქვეყნიერად
რად მოგვევლინა ჩვენ მაცხოვარი!“
- „ვითა რეგვენი, ღირსი არა ვარ,
ბატონომ თქვენთან გაბაასების,
მაგრამ რა ვქნა, რომ მეც საპასუხოდ
ცოდვილი გული ურჩად მევსების?
და კიდევ გკადრებთ: ლოცვა კარია
ცოდვილისათვის სინანულისა
და მარტოობა სადმე უდაბნოდ -
გასპეტაკება მადლით სულისა!
ამა სიმართლეს უარს ვერა ჰყოფს,
ვინც ქრისტიანად ნათელღებულა;
ამის მაგალითს ქრისტე მით გვაძლევს,
რომ ორმოცი დღე მან იმარხულა“.
- „არა, მამაო! მაგგვარი ახსნა
საცალმოგვოა და შემაცდენი;
მაგითი შუქი დაიჩრდილება,
ჭეშმარიტების გადმონაფენი.
ვიცით, რომ ქრისტემ უდაბნოდ დაჰყო
ის ორმოცი დღე ლოცვა-მარხვითა,
მაგრამ ის იმ დროს იმა ლოცვითა
ქვეყნად საერო საქმებს ჰზრახვიდა.
და როდის დარჩა მეუდაბნოედ?
განა ამ სოფელს ის უარჰყოფდა?
თუ დადიოდა დაბად და სოფლად,
ხალხის ჭირს და ლხინს შუა იყოფდა?..
თვითონ არ დაჰგმო ფარისვლების
გზაჯვარედინზე ლოცვა საქვეყნო
და ნაცვლად მოგვცა მოკლედ სათქმელი
საყოველდღეო „მამაო ჩვენო“?
ასე არ ბრძანა: „თვინიერ საქმის,
წიტყვითი ლოცვა, უწყით, მკვდარ არსო?
და მრავალისა მეტყველებითა
ვერვინ გაიღებს სამოთხის კარსო“?
საქმეა, მხოლოდ საქმე საჭირო,
გულიცა წმიდად დაბადებული
და ქვეყნიურის კეთილ ზრახვებით
სული სიწრფელით გაახლებული!..
ეს არის მხოლოდ ქრისტეს მოძღვრება,
საქრისტიანო ეს არის ვალი!
და ვინც ამატებს ამაზე სხვებსაც,
დაბნეული აქვს მას გზა და კვალი!“
- „ეგ ყველა კარგი, მაგრამ ამ სოფლად
შესრულებული ვისაც აქვს ვალი
და, რომ გააგრძოს კიდევ რამ, მისთვის
არ დარჩენია ღონე და ძალი!
ნუთუ არა სჯობს უქმად ყოფობას,
გადგეს უდაბნოდ მმარხველ-მლოცველად
და არ გაუხდეს სხვებს ამა სოფლად
ურგებ ტვირთად და ხელის შემშლელად?
განა ეს ჩემი უარისყოფა
კერპობა არის და უმეცრება?
მეც კარგად მესმის, რომ ქვეყნიურის
შრომით ეძლევა სულს ნეტარება!
ადრევაც მითქვამს და ეხლაც ვამბობ,
რომ მე თვითონ ვგრძნობ ჩემს უძლურებას!
დღეს, შედარებით, ბევრი მჯობია!
სახალხოდ ვამბობ ამ აღსარებას“.
- „არა!“ „ხმა ღვთისა - ხმა ერისაო“,
ხომ კარგად იცი ეს შენც, მამაო?
დღეს ერი გიხმობს ერთხმად წინამძღვრად
და უარის თქმა არის ამაო!
როდესაც ასე დარწმუნებული
არის რაზედმე ერთპირად ერი,
მაშინ ის არის გულით და სულით
ამაღლებული გმირი-ძლიერი.
დღეს ქართველები შენის სარდლობით
ჰფიქრობენ მტერზე გამარჯვებასა
და უნდა მივყვეთ ჩვენც იმათ სურვილს
და მოხიბლულსა მათსა ნებასა!
ჩემი სიტყვები რომ იგულისხმომ
ხალხის ღაღადსაც დაუგდე ყური!..
ნუთუ გამოხსნა ქრისტიანობის
არ იყოს ისევ ღვთის სამსახური?
გასავრცელებლად ქრისტიანობის
საკმაო არის, დიახაც, ჯვარი,
მაგრამ მის მტრების მოსაგერებლად
ხშირად გვჭირდება ხმალი და ფარი!..
როგორც გვირგვინსა მისის ქმნილების
მისთვის გვნიშნავდა განგება ქვეყნად,
რომ მივემსხვერპლოთ, თავი შევწიროთ
მისსა დიდებას საკურთხად და ძღვნად.
და ეს ძღვენია კეთილი საქმე,
ქრისტიანობის სვეტიცხოველი,
და შენც, თორნიკე, ამის სახელით
ისევე ფარ-ხმალს მოჰკიდე ხელი!..
შეიბ მახვილი და გარეგნობით,
დროს შესაწონად, იცვალე ფერი
და გამოიხსენ განსაცდელისგან
ქრისტეს მმოსავი ბერძენთა ერი!“
სთქვა მღვდელმთავარმა და გადასახა
მადლმინიჭებით მოხუცსა ჯვარი...
და მეორე დღეს თორნიკ-სარდალმა
კიდეც შეჰყარა საომრად ჯარი.