ვაჟა-ფშაველა

სტუმარ-მასპინძელი

I

ღამის წყვდიადში ჩაფლული,
გამტკნარებულის სახითა,
მოსჩანს ქისტეთის მიდამო
სალის კლეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მიჰყეფს მდინარე,
გულამღვრეული ჯავრითა.
გადმოხრილყვნენ მთანიცა,
ხელ-პირს იბანენ წყალზედა;
ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რამ მიდის გზაზედა.
გზას ვამბობ, თორემ რა გზაა,
ვიწრო ბილიკი კლდეზედა?
სავალად მეტად ძნელია,
ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა.
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა,
საამო არის საცქერლად,
დიაცის უბესავითა.
სოფლის თავს სძინავს შავ ნისლსა
დაფიქრებულის სახითა,
ყურს უგდებს არემარესა,
გულლაღობს სანახავითა.
სტუმარი ცოტა ხანისა
ხვალ სხვაგან წავა აქითა;
წავა, გადივლის გორებსა,
ქედებსა ყინულიანსა,
აბნელებს, უხილავად ჰქმნის
ქვეყანას ხილულიანსა.
თუ მონადირეს ატირებს,
გზადაკარგულსა კლდეშია,
ალაღებს მგელსა და ქურდსა,
მოარულთ სიბნელეშია.

II

ზევიდამ ვინღაც უცნობმა
კლდის ლოდი გამოაგორა,
მგზავრმა შეჰხედა პირაღმე,
წინ უდგას მაღალი გორა.
ყურს უგდებს... ცოტა ხანს შემდეგ
მოესმა ქვიშის ჩხრიალი.
მგზავრი სიათას იმარჯვებს:
მტერი არ იყოს ტიალი.
შესცქერის გაფაციცებით
ფეხზე შემდგარის თოფითა,
ჰხედავს, რომ მოალაჯუნებს
კაცი ორკაპის ჯოხითა.
შავი რამ მოსთრავს პირთაქვე,
ქვიშა ქანავდა იმითა.
არას ამბობდა უცნობი,
სიტყვა არ მოსდის პირითა;
უპრჭყვინავს სალტა თოფისა,
ვით წვიმის ცვარი დილითა.
- ვინ ხარ, რა სულიერი ხარ,
რას იარები ამ დროსა?
- ვინ გინდა? მონადირე ვარ,
კაცს შენ ვერ გხედავ სანდოსა.
- რაობით სანდო არა ვარ?
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
ვითომ, რომ დავხეტიალობ
შენებრ ამ კლდიან მხარესა?
მეც მონადირე გახლავარ,
დღეს კი ვეხეტე უბრალოდ.
- წესია მონადირისა,
ხომ მაინც დაჰრჩი უვალოდ?
ესეც ვალია, ძმობილო,
ძლივსღა დავათრევ ფეხებსა,
სულ დავიარე ჭიუხი,
არა ვსტოვებდი ხევებსა.
ზედ შავი ნისლი ჩამოწვა,
ნიავი მოსცა ძლიერი,
ხევებით შემომღმუოდა,
როგორაც მგელი მშიერი.
თვალწინ გზას ვეღარ ვირჩევდი,
კლდეზე გადვარდნას ვლამობდი,
ხამად ვარ, გეზი არ ვიცი,
ამით ძლიერა ვწვალობდი.
ბევრგან დავაფრთხე ნადირი,
ცხადად ფეხის ხმა მესმოდა,
ან როცა გადაფრენილის
ჯიხვის რქა კლდეებს ესმოდა.
ის იყო გულის საკლავი,
თვალით ვერაფერს ვხედავდი,
სროლას ან მოკვლას ვინ იტყვის,
წინ სვლას ვეღარა ვბედავდი.
უცნობი ახლოს მივიდა,
შორიახლოსა მდგომარე,
„გამარჯვებაო!“ - მისძახა,
„ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე!“
- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,
ჰხოცო ნადირი მხტომარე.
- აი ნადირი, რას სჩივი? -
უჩვენა ჯიხვი რქიანი,
მკვდარი, რქებგადაგდებული,
დადუმებული, ჭკვიანი. -
თუ გინდა, ახლავ გავიყოთ,
როგორც ამხანაგთ, ორადა,
ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი,
გავინაწილოთ სწორადა,
ამაღამ ჩემთან წამოდი,
სახლი არ მიდგა შორადა.
სადაური ხარ, ძმობილო?
სახელიც მითხარ შენია!
ნუ სწუხარ, საზრდო შენთვისაც
დღეს უფალს გაუჩენია.
წილი გდებია შენაცა
ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.
რად გიკვირს, არ გეხუმრები,
არც გეფერები პირშია.
მაშ, თუ ეს ასე არ არის,
რად შემეფეთე ამ დროსა?
შაჰრცხვეს, ჩემთავად, ვინც შენა
ნაწილი დაგიკარგოსა.
რა გრქვიან? სახელი მითხარ.
ხევსური სჩანხარ იერით.
- ნუნუა მქვიან, ძმისაო,
გადმოხვეწილი ჭიელით. -
იცრუა ზვიადაურმა,
თვისი სახელი დამალა.
რა ქნას? მის სახელს იცნობენ,
ქისტებს ბევრს სისხლი ავალა,
ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,
უდროდ საფლავში ჩალალა.
- შენი სახელიც მასწავლე,
ჩემი ხომ გითხარ მართლადა.
- ჯოყოლა მქვიან, ძმობილო,
ალხასტაისძე გვარადა;
არ მოგვიხდება, ერთურთში
სიტყვა ვიუბნოდ მცდარადა.
სახლი აქ, ჯარეგას მიდგა,
ქავი და ციხე კარადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
მე გაგიძღვები თავადა.
თუ კარგად არ დაგიხვდები,
არც დაგიხვდები ავადა.
ხვალ თვითონ იცი, ძმობილო,
საითაც გინდა, იარე.
ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა,
ზოგიც შენ გამიზიარე.
- საცა არ მიხნავ, ძმობილო,
იქ ვმკო - ეს სადაურია?!
ყელი მოგიჭრავ ჯიხვისთვის,
ფეხებიც ჩატყაულია.
გესტუმრო, უარს არ გეტყვი,
გიშველი ჯიხვის ზიდვასა,
წილს კი არ მოგთხოვ, იცოდე,
თავს არა ვკადრებ იმასა.
შამოატყავეს ნადირი,
წავიდნენ ჯარეგაშია,
ბევრი უბნეს ამბავი,
ერთურთს გაეცნენ გზაშია.

III

მივიდნენ, კოშკები ჩანდა,
აქა-იქ ჰყეფდნენ ძაღლები;
კარებში იცქირებიან
ცნობისმოყვარე ბალღები.
დაეტყო ცხადად, კლდის მსგავსად
სიპით ნაგები სახლები.
- აი, ეს ჩემი ოჯახი,
ჩემი ციხე და სახლია;
მობრძანდი, როგორც ძმა ძმასთან,
ნათლიმამასთან ნათლია.
ცოლს დაუძახა ჯოყოლამ:
- გამოიხედე კარშია!
ეტყობა თავმოწონება
მასპინძელს საუბარშია.
დგანან დერეფანს, უცდიან...
ცეცხლი ჰკრთებოდა ღველფზედა,
ჩონგურს უკრავდა, დროული
კაცი რამ უჯდა გვერდზედა.
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა:
როგორ არბევდნენ ფშავ-ხევსურთ,
სისხლს არ არჩენდნენ ძმისასა;
ყველგან მადლობას სწირავენ
მარჯვენას კაი ყმისასა.
გამოჩნდა ქალი ლამაზი,
შავის ტანსაცმლით მოსილი,
როგორაც ალყა ტანადა,
ვარსკვლავი ციდამ მოცლილი.
- აი, სტუმარი მოგგვარე, -
ღვთის წყალობაა ჩვენზედა -
როგორც დაგვხვდები, დიაცო,
ეხლა ჰკიდია შენზედა.
ქალმა სალამი მიართო:
- სტუმარო, მოხვედ მშვიდობით!
- შენაც მშვიდობა, გაცოცხლოს
თავის ქმრითა და წილობით!
სტუმარს აბჯარი წაუღო,
მიიპატიჟეს შინაო;
ქალი მისდევდა უკანა,
ჯოყოლა მიდის წინაო;
თან მისდევს ზვიადაური,
ძმობილი გაიჩინაო.

(გაგრძელება)