სადღეგრძელო,
ანუ
ომის შემდგომ ღამე ლხინი,
ერევნის სიახლოვეს(გაგრძელება)
სადღეგრძელო
ვაი ვინცა ეშხის ცეცხლით ჩემებრ გულსა მკვდრადა ჰხედვენ...
მაგრამ, ჰე, შენ, მეგობრობავ, შვების ვარსკვლავად აღგვეგზენ!
გვინათლე ცხოვრებისა გზა, ზედა ყვავილნი მოჰფინენ,
და განჰვლოთ გულის სიმტკიცით, შენც თანა-მგზავრად შეგვექმენ!რა არის ჩვენი სიცოცხლე, თუ არა საქმე კეთილი?
თუ არ აღვადგენთ დაცემულს, არ ვექმნეთ ნუგეშ-მცემელი?
თუ არა ვჰსდევნით ბოროტსა, მართლის არა ვართ მფარველი?
სხვის კვნესა თუ არ გვაწუხებს, სხვისი არ გვესმის ტკივილი?ამ ჰაზრის გულსა დანერგვით ვჰსდევნიდეთ სულ-მოკლეობას!
ვჰსდევნიდეთ ძალას დამჩაგვრელს და მისსა უსამართლობას;
ვჰსდევნიდეთ კაცის წამპილწველს, უწმინდურს ანგაარებას:
ვჰსდევნიდეთ ყოველს, რაც უშლის კაცისა სულის მაღლობას!..მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანის-ცემა ღირსებას:
ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარის-შვილობას!
კაცი ის არის, ვინ არის ზეგარდმო მადლით ცხებული;
მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილ, მით მხარე დამშვენებული!კმარა მოძღვრობა... დავლიოთ... ვინ იცის, ხვალ ვინ მოგვაკლდეს?
ნაცვლად ლხინისა, იქნება ვისმე გვითხრიდნენ სამარეს?
ოხ! ვით ძნელ არს მეგობრისთვის, მეგობარსა რომ მარხავდეს,
ანუ ჰჭვრეტდეს საშიშს ალაგს, შემწეობას ვერ აძლევდეს!მისთვის ეს ჟამი ლხინისა მოვჰწყვიტოთ, ვითა ყვავილი,
რომლისა სუნი, სიტურფე, არა არს ჯერეთ გამქრალი!
ხვალის იმედით არ ვჰკარგოთ ეს ჟამი მალხინებელი,
თვარა მერწმუნეთ, რომ ხვალე ხშირად არს მაცდუნებელი!მეგობრობასა წმიდასა შევჰსწიროთ სრულად რაც გვაქვნდეს!
დავლიოთ მისთვის ფიალა და აღთქმა არა გვავიწყდეს...
ვიყვნეთ ცოცხალნი მეგობრად და ვინცა ომში დაეცეს,
ცრემლნი, კურთხევა მეგობართ თან გავაყოლოთ სამარეს!მხედარნი
აწვე შევექცეთ, ჰე, ძმანო! ვინ იცის ხვალ ვინ მოგვაკლდეს?
ნაცვლად ლხინისა, იქნება ვისმე გვითხრიდნენ სამარეს?
ოხ! ვით ძნელ არს მეგობრისთვის, მეგობარსა რომ მარხავდეს,
ანუ ჰჭვრეტდეს საშიშს ალაგს, შემწეობას ვერ აძლევდეს!სადღეგრძელო
ძმანო, ივიწყეთ მცირეს ჟამს მტერი, ომი და დიდება;
მოიგონეთ სიყვარული, რომლით სიცოცხლე გვიტკბება,
რომლის შუქი აღგვამაღლებს, რომლით სული გვინათლდება,
რომლით კაცი მშვენიერობს, მაშინ თვით ღმერთს ემსგავსება!სად ხარ, სიყვარულის დღევ, აღარა უკმოიქცევი?
ღიმილით შენსა შეყრასა ნუთუ ამაოდ ვისურვი?
გულისა მნათი, ლამპარი ნუთუ ჩემთვისა განჰქარდა
და ჩემი ბედნიერებაც წარსულთა დღეთთან წარვიდა?..გული რა იგრძნობს სიყვარულს, სიცოცხლეც მაშინ აჰყვავდეს,
ნეტარ ის ჟამი, როს სატრფო თავსა ჩვენსა გვავიწყებდეს:
მას შევსტრფოდეთ, შევხაროდეთ, თავს ვევლოდეთ, ი გვტანჯავდეს;
ხან უწყალოდ გულს გვიკლავდეს, ხან ლმობითა ნუგეშგვცემდეს!რა ნახოს კეთილ უგრძნობმან ტრფობისა ძნელთა ჭირებთა,
ვის არ შეეხო ეშხი გულს, არ ებრძვის გულის წყლულებთა?
მიჰხედეთ ვარდსა, მაშინ ჰფენს უმეტეს სუნნელებათა!
ოდეს ნიავი შეხებით შეარყევს მისთა რტოებთა!სიყვარულისა ალითა ვის ჩვენში გული ეწოდეს,
და სატრფოს სახე მარად ვის სულსა აღბერჭდვით თან ჰსდევდეს,
ამა სოფელსა, მას რაი წინა საბრკმელად აღუდგეს?
გულს სიყვარულით, ხელს ხმალით, რას არა აღასრულებდეს?მაშ, აბა, ძმანო, გულის სატრფოსთვის
ფიალა სავსე შევსვათ წყურვილით!
ვისურვოთ, რომელ მის ცრემლი ჭმუნვის
გაშრეს, ვით ღვინო, ამა ფიალით!
შვებისა დღენი მისთვის არ შეჰსწყდეს,
არ ვნახოთ იგი ჭმუნვისა ღრუბლით!
ახ, სატრფოს ხილვის დღე რომ აღმოჰსჩნდეს,
ენა გვემუნჯის მეტ სიხარულით!
ჰე, ჩემო ღმერთავ!
აწ შენ მოგმართავ!
მისმინო კვალად შორით შიტყვანი:
ყოველ ჩემ ფიქრთა,
ჩემთ საუბართა,
იდუმალ ოხრვათ, ხარ შენ საგანი!
თუ არა შენზე,
ვუბნობდე სხვაზე!
ბრალი არს ენა და მის როტვანი!ვაი-თუ ჩემმან, უდროდ შავ-ბედმან, აქ განმისაზღვრა მეც აღსასრული!
ვაი-თუ მოვკვდე, მეც ობოლ-მწირად, გულს არ დამეცეს სატრფოის ცრემლი.
არ მესმის მისი ხმა ნუგეშისა, სიკვდილის ჟამის დამატკბობელი?
არა ვემთხვიო, ბაგით ძლივ-ცოცხლით, უკანასკნელად მშვენიერს მის გულს.
რომ სახე მისი, თვალთა დახშულმან, თანა წარვიღო იმიერ სოფელს
მუნ საშვებელად, მუნ სანუგეშოდ, და რათა მითვე ვჰსცნა უკვდავება!..
რაა გინდ მოვკვდე? მაინც შენდამო სულს სიყვარული ტანა წარჰყვება!..
არს უკვდავება, სულის დატკბობა, რომელს დასასრულ არა ექმნების.
მაშ სახე, სულის დამატკბობელი, იმიერ სიფელს არ განგვშორდების.
და სიყვარული, სულის მაშვენი, სიცოცხლეს-თანა არა დაჰშრტების,
თვარა სიყვარულს თუ დავჰკარგვიდე, უკვდავებამან მის წილ რა მომცეს?
უსიყვარულოდ სასუფეველი, ვით საპყრობილე, ჩემთვის შეიქმნეს!..მხედარნი
მაშ აბა, ძმანო, ერთიც სატრფოსთვის
ფიალა სავსე შევსვათ წყურვილით!
ვისურვოთ, რომელ მის ცრემლი ჭმუნვის
გაშრეს, ვით ღვინო, ამა ფიალით!ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეჰღება,
ცას სიხარული მოჰფინა და ქვეყანასა შვენება!
აენთნენ ცეცხლის ალებრივ შორს გაბნეულნი ღრუბელნი;
ცა მშვენიერობს, ნათლდება... მასა შევნატრით მხილველნი!ილევა ბინდი ღამისა, ცაში ვარსკვლავნი ჰქრებიან!
ათასის ხმებით ფრინველნი განთიადს მიეგებიან!
მოჰქრის დილისა ნიავიც გულისა მაგრილებელი;
ფშვინვა დაიწყეს ყვავილთა და ბაღში ფოთოლთ შრიალი!ოჰ, რა ლამაზად იღვიძებს ბუნება მიძინებული!
დაჩუმდით... ყური მიუგდეთ... არ გესმით, ჰგალობს ბულბული?
ირაკლის თაფაც გამოჩნდა... აჰა მთაც კიდობანისა!..
აი მყვირალა ზანგიცა და ბურჯნი ერევანისა!..გათენდა
ვიშ, ამ დილასა, ამ ჰაერს, ბუნების განმაცხოველსა,
გულისა ჭმუნვის გამქარველს, სიცოცხლის დამატკბობელსა!..
ღმერთო, ვინ მიჰწვდეს შენგან ქმნილს, მისს ფერ უთვალავს შვენებას?
სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!..ურდოც შეიძრა... ხმაურობს... დაჰკრეს ნაღარა ცისკრისა...
განემზადება საომრად რაზმი და რაზმი ჯარისა!
აი თოფიცა გავარდა... აი რბის ცხენი მხედრისა!
ამ მშვენიერსა დილასა, კაცს რად ჰსურს სისხლი კაცისა?ჩვენც ავდგეთ, ძმანო, და ერთიც გამარჯვებისა დავლიოთ!
და დღეს ვინც ვეღარ დაბრუნეს, ის ცრემლით მოვიხსენიოთ!
დასრულდა, განჰქრა, სიზმარებრ ესე ლხინიცა ღამისა...
წარვიდეთ, სადაც მიგვიწოდს ხმა საიდუმლო მხვედრისა!
თ. ალექსანდრე ვახტანგის ძეს ორბელიანს
აწ სად არიან იგინი, მას ჟამსა ლხინში ვინც იყვნენ?
ძმანი და ტოლნი, ვაჟკაცნი, რომელნი ხილვით გვალხენდნენ?..
განგვშორდნენ გულის ნაცნობნი, ვინცა გულითა გვიყვარდნენ,
თვალთ მიგვეფარნენ... წავიდნენ... ძველთაგან დავშთით მე და შენ!..
ან ეს რაცა ვჰსთქვი, რადა ვჰსთქვი, თუ რაც მინდოდა ვერა ვსთქვი?
და ვერ ვჰსთქვი რაცა, ის წყლულად, გულს დაშთა და მით ვიტანჯი!..
მაგრამ, თუ ვინმემ აქ ჰპოვა აზრი ნაცნობი გულისა,
ვივიწყებ, რაც ვსვი სიმწარე ეკლიანს გზაზე სოფლისა!..ან რაღას ველი სოფლისგან, რა მიხარიან, რა მინდა?
რაც ვიყავ, იგი აღარ ვარ, ვერც კი ვგრძნობ, რაცა მიყვარდა;
დღე ყოველ, ჟამი ყოველი მაკლებს რასამე კეთილსა.
ვჰმზერ მწუხარებით მომავალს და ვჰწყევლი ფუჭად წარსულსა...1827-1870