შიო მღვიმელი

ოქროს თავთავი

(ზღაპარი)

        IX

შვილო, დაგედოს დედა მტლედ
და გენაცვალოს შენაო,
ჯერ არსად მოგიტანია
თავთავი მაგოდენაო!
პირთამდე მოჰყრის ტომარას,
შვილო ეგ დღევანდელი ძნა.

სთქვა ეს თუ არა, პატარას
ტვირთი ზურგიდან ჩამოხსნა.
ბავშვი მიუჯდა ცეცხლა პირს
საძილედ იშმუშნებოდა.
იქ საკიდელზე ვახშმისთვის
საჭმელი იხარშებოდა...
უცბად შეჰკივლა დედამა -
სახლმა მოიღო ზრიალი;
ძნა გაუვარდა, თავთავმა
დაიწყო რაღაც წკრიალი,
და დაიძახა: - შვილო, ეს
სულ სხვა თავთავი არიო!
ისე მძიმეა და ცივი,
ვით შემოდგომის ცვარიო.
- მართლა, დედილო! - შეჰყვირა
ყმაწვილმაც გაოცებითა
და ერთ წუთს მუჭა აივსო
ძირს გაშლილ თავთავებითა.

ხელს შერჩა სულ სხვა თავთავი
და სული ძლივას მოითქვა:
ყველა ძნა, ოქროდ ქცეული,
მაგარი იყო, როგორც ქვა.

პატარა ბავშვის სიხარულს
გზა აღარ ჰქონდა სავალი,
ორიოდ სიტყვით უამბო
დედას თავ-გადასავალი.
- რა გულკეთილი ყოფილა
ის ანგელოზი, დედაო,
რასაც დამპირდა, მე მაზედ
ფიქრიც ვერ გამებედაო.

რაც ჩავიდინე ურჩობა
იმ სამს დღესა და ღამეს
რას ვიფიქრებდი, თუ ჩემთვის
კვლავ იფიქრებდა რამესა.
მაგრამ მის გული ყოფილა
სავსე კაცთ-სიყვარულითო...
ვმადლობ პაწია ანგელოზს,
ვმადლობ სულით და გულითო.