ოქროს თავთავი
(ზღაპარი)
VII
მესამე დილას ყანაში
წავიდა ხალისიანად,
დაადგა სამუშაოსა
დაწყნარებით და ჭკვიანად.
მხოლოდ პაწია ანგელოზს
ის ვეღარსადა ჰხედავდა...
გულ-დაწყვეტილი ამბობდა,
როცა თავთავსა ჰკრეფავდა:
ხომ ვიცი, რად არ მოვიდა
ის ანგელოზი-ქალიო?
ჭინჭვლების ბუდე დავწიხლე
და იმაზეა მწყრალიო.
გათავდა, ჩემი თავთავი
ოქროდ არ გადიქცევაო,
რადგან ვერ ავასრულევი
ანგელოზისა რჩევაო.
მაგრამ მე მაინც ვეცდები,
ვიყო კეთილის მდომელი,
ყველასთვის თავაზიანი,
პატიოსანი მშრომელი.
შინაურსა და გარეულს
გაუწევ მუდამ ძმობასა...ამ ფიქრით ისევ პატარა
დაადგა მუშაობასა
და კიდევა სთქვა: რავქნა თუ,
ნატვრა არ ამიხდებაო!
ამ ზამთრისათვის დედა-ჩემს
პური ხომ დასჭირდებაო!
რაც მეტი იყოს, ისა სჯობს,
უფრო არ დაგვაკლდებაო.
და თუ დარჩება ხორბალი,
მაინც არ წაგვიხდებაო.