ოქროს თავთავი
(ზღაპარი)
III
მეორე დილას ყანაში
წავიდა ისევ პატარა,
კრეფის დროს რაღაც ხმაური
მის ყურს მოესმა წყნარ-წყნარა.
თავი მოიღო, ანგელოზს
შეხვდა მდგომარეს ზეზედა,
ის უფრო ლამაზი იყო
და ტურფა წინა დღეზედა.
- შენ, ანგელოზო, გუშინ მე
ნეტა რად მომატყუეო? -
თავთავი ოქროდ არ მექცა,
იმედი გამიცრუეო.
ღიმილით უთხრა, მაგრამ მას
სულაც არ ეხუმრებოდა, -
გამწყრალი თვალით შეხედა
და მკაცრად ეუბნებოდა:
- გახსოვს შენ, გუშინ პატარა
ქალი რომ შეგხვდა გზაზედა?
აბა მითხარი, შენ გულში
რა გაიფიქრე მასზედა?!
ხომ დაინახე, ცხვრის ფარას
რა ტანჯვით ერეკებოდა,
მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა
და ძალზედ უღამდებოდა.
შეგეძლო მიჰშველებოდი
და კი არ დაეხმარეო,
პირიქით კიდეც გაჰკიცხე
და სახლში გაეჩქარეო.ბავშვი გაწითლდა, სირცხვილით
ლოყები უკვერდებოდა,
რომ შეხვდა მწყემს ქალს გულ-ცივად, -
მას მართლა ეუბნებოდა.- მე კიდევ ერთხელ გამოგცდი,
მხოლოდ იმავე პირობით...სთქვა ეს და გაჰქრა, არ ჩანდა
იმ არეს ძირის-ძირობით.